თამაში და სათამაშო გარემოს მოწყობა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

Go to content

თამაში და სათამაშო გარემოს მოწყობა

ბიბლიოთეკა
თამაში ბავშვის ფუნქციონირებისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. გარდა იმისა, რომ თამაში შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშემწყობი და აუცილებელი ნაწილია, აგრეთვე ფუნქციური და სოციალური უნარების ჩამოყალიბებაშიც უდიდეს როლს თამაშობს. საუბარია, წარმოსახვით-როლურ თამაშებზე, რომლებიც რეალური-ყოფითი ცხოვრების მოდელების გათამაშებას გულისხმობს. ამ პროცესში, ერთ-ერთი წამყვანი ემოციური მხარეც არის, რაც ბავშვს ეხმარება როგორც საკუთარი, ასევე სხვა ადამიანების ემოციების აღქმასა და გაცნობიერებაში.  

ხშირად თამაშის პროცესში გვიწევს ინსტრუქციების შეტანა, რათა პროცესი შემეცნებითი გავხადოთ და ბავშვს წესებზე მიყოლა დავასწავლოთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის აუცილებელია ჰქონდეს თავისუფალი გარემო, რომელშიც რა თქმა უნდა ქცევის საზღვრების დაცვით, შეძლებს გააკეთოს ის, რაც მას სურს და აინტერესებს.

ბავშვის თამაში შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ - დამოუკიდებელი თამაში, რომელშიც მთავარი და  ერთადერთი მონაწილე თავად ბავშვია. უსაფრთხოების მიზნით, შეგვიძლია, თამაშში ჩარევის გარეშე, პროცესს -  "გვერდიდან" დავაკვირდეთ.

                        იმისათვის, რათა ბავშვმა შეძლოს დამოუკიდებელი თამაშის წარმართვა, მისთვის მისაწვდომი უნდა იყოს სათამაშოები. ისეთი სათამაშოების, რომელიც მისი ინტერესის საგანსაც წარმოადგენს და აგრეთვე ინტერესების გამრავალფეროვნებასაც შეუწყობს ხელს. სათამაშო გარემო, ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ბავშვმა სურვილისამებრ შეძლოს სასურველი საგნის აღება. აქაც აუცილებელია უსაფრთხოების წესების გათვალისწინება, მაგალითად ბავშვის საყვარელი კუბიკების ყუთი არ უნდა დავდოთ ზემოთ თაროზე, რადგან მის ჩამოსაღებად შეიძლება მარტო აძვრეს კარადაზე და საფრთხე შეექმნას მის ჯანმრთელობას. მეორეს მხრივ, თუ ბავშვი ჩვენი მხედველობის ველშია, პირიქით დახმარების სათხოვნელად შეიძლება ჩვენთანაც მოვიდეს და მიგვანიშნოს ან ვერბალურად მოითხოვოს საყვარელი ნივთი, რაც მეტყველების სტიმულირებას შეუწყობს ხელს. აქვე შეიძლება გავუსვათ ხაზი იმ სათამაშოების და საგნების არსებობას ბავშვის სათამაშო ოთახში, რომლის დასწავლასაც ბარათების დახმარებით (ან წიგნებში) ვცდილობთ. თუ ამ ეტაპზე, ბავშვს ვასწავლით ცხოველების სახელდებას, კარგია თუ გვექნება ცხოველების ფიგურები და ბავშვს შეეძლება ამ ფიგურებზე დაკვირვება. თუ ფერების დასწავლას ვცდილობთ, თამაშისას მისაწვდომი იყოს სხვადასხვა ფერის ფიგურები (მაგ.: ხის ან პლასტმასის კუბიკები).

სათამაშოების შერჩევისას, ყურადღება უნდა მივაქციოთ სხვადასხვა ტიპის სენსორულ სათამაშოებს, მაგალითად ხმოვან და მუსიკალურ სათამაშოებს (აუდიალური არხი), მანათობელ და ციმციმა  სათამაშოებს (ვიზუალური არხი), სხვადასხვა ფაქტურის - ფუმფულა, მაგარი, რბილი, ხორკლიანი, პლსტელინები, ქვიშა და ა.შ (ტაქტილური მხარე), საქანელა, ჰამაკი, იოგის ბურთი (ვესტიბულური არხი), შესაძლოა გამოვიყენოთ სურნელოვანი სათამაშოებიც - ტყლარწები, ბურთები პლასტელინები  და ა.შ. (ყნოსვითი შეგრძნებებისთვის).

ბავშვის დამოუკიდებელ თამაშს რომ დავუბრუნდეთ, მას უნდა შეეძლოს სხვადასხვა ტიპის სათამაშოებით მანიპულაციები (მაგ.: კუბიკების აწყობა), უფრო მაღალფუნქციური თამაშისთვის კი მიზეზ-შედეგობრივი აქტივობების წარმოება (მაგ.: სატვირთო მანქანაში კუბიკების ჩატვირთვა, მერე მანქანის გადაადგილება და შემდგომ გადმოტვირთვა).  
მეორე თამაშის ტიპი კი ინტერაქციულია, რომლის პროცესში ჩვენი ჩართულობაც მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ამ თამაშში გაზიარება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ინტერაქციული თამაშის დროს, ბავშვი გვრთავს საკუთარ თამაშში, უფრო მეტიც გვხდის საკუთარი ინტერესების თანამოზიარეს. მაგალითად, ბავშვს განსაკუთრებით უყვარს მანქანებით თამაში, ამ დროს ჩვენც ვჯდებით მის სიახლოვეს და ვიწყებთ მანქანებით თამაშს, თან ვახმოვანებთ ჩვენს მოქმედებებსა და ემოციებს. შეგვიძლია ბავშვს გავუგოროთ მანქანა, შემდგომ ვთხოვოთ მან უკან გამოგვიგოროს (ოღონდ პროცესი არ უნდა გავდეს ინსტრუქციის მიცემას, არ ვიყოთ დირექტიულნი). ავაწყოთ ავტოფარეხი კუბიკებით და მასში შევიყვანოთ მანქანა, აწყობის პროცესში შეიძლება ორივე - ბავშვიც და მშობელიც იყოს ჩართული.

აგრეთვე, ინტერაქციული თამაშია ფიზიკური აქტივობები, ისეთები როგორიცაა - დაჭერობანა, დახუჭობანა, ბურთით თამაშები - ფეხბურთი, კალათბურთი და სხვა მსგავსი. ფიზიკური აქტივობის პროცესში, შეიძლება ბავშვებს ფიზიკური სტიმულებიც მივაწოდოთ - მოვუღუტუნოთ, დავაბზრიალოთ, მჭიდროდ ჩავიკრათ. აუცილებელია დავაკვირდეთ ბავშვის რეაგირებას, რამდენად მოწონს შეხება. თუ პროცესი არასასიამოვნოა შევწყვიტოთ.

გვახსოვდეს, ბავშვის რეაგირება ნებისმიერ სტიმულზე მნიშვნელოვანი ნაწილია მისი შინაგანი სამყაროს გამოსაკვლევად, აღმოსაჩენად. თამაშის პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო ემოციების მომტანი და თუ ბავშვი რაიმეზე უარყოფითად რეაგირებს, ეს არის სიგნალი და უყურადღებოდ არ დავტოვოთ ის (გამოვიკვლიოთ მოცემული ქცევა).

თამაშის პროცესში გულწრფელი ემოციების გამოხატვა და ინტერესით ჩართულობა ბავშვზე დადებითად აისახება.


ავტორი
ლანა მურჯიკნელი -კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


Back to content