ქცევითი თერაპია აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ქცევითი თერაპია აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის

ბიბლიოთეკა

კვლევების მიხედვით, ABA  თერაპია არის ყველაზე ეფექტური მიდგომა აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისათვის. ამერიკელი მეცნიერის ივაარ ლოვაასის მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ABA თერაპიის ეფექტურობა დამოკიდებულია მის ინტენსივობასა და იმაზე თუ რა ასაკიდან იწყება თერაპია. ლოვაასის კვლევაში მონაწილე ბავშვები  საშუალოდ 34 თვის ასაკიდან ჩაერთვნენ ინტენსიურ ABA თერაპიაში, რომელიც გულისხმობდა კვირაში 40 საათიან თერაპიას  და მოიცავდა სხვადასხვა გარემოს: სახლს, სკოლასა თუ კლინიკას. კვლევაში ჩართული ბავშვების შედეგები შეადარეს იმ ბავშვების შედეგებს, რომლებიც არ იყვნენ ჩართული ინტენსიურ თერაპიაში. აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა, რომლებიც იღებდნენ ინტენსიურ  
ABA თერაპიას აჩვენეს ბევრად უკეთესი შედეგები. წლების შემდეგ როცა ლოვაასმა თავიდან შეაფასა მის კვლევაში მონაწილე ბავშვები, აღმოჩნდა რომ მათ მოზრდილობაშიც შეინარჩუნეს მიღებული შედეგები და შეძლეს დამოუკიდებლად ფუნქციონირება.

ABA თერაპიის უპირატესობა სხვა სახის თერაპიასთან შედარებით მდგომარეობს იმაში, რომ ის მიმართულია იმ უნარების დასწავლაზე, რის დეფიციტსაც აუტიზმის მქონე ბავშვები განიცდიან.  ყველაზე მწვავე დეფიციტი, რომელსაც აუტიზმის მქონე ბავშვი განიცდის არის კომუნიკაციის სირთულეები. აუტიზმის მქონე ბავშვები არ მეტყველებენ ან არ იყენებენ მეტყველებას კომუნიკაციის დამყარების მიზნით, რაც აფერხებს მათ ურთიერთობას გარშემომყოფებთან.  ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში ჩატარებული კვლევები გვთავაზობენ ვერბალური (მეტყველების) ქცევითი მიდგომის გამოყენებას მეტყველების განვითარებისთვის, რაც გულისხმობს ბავშვისთვის ბაზისური სამეტყველო უნარების (ვერბალური ოპერანტების) დასწავლას. მენდი (Mand) არის ერთ-ერთი ბაზისური უნარი რომლის დასწავლითაც იწყება მეტყველების განვითარების პროგრამა. პირველ ეტაპზე ბავშვი სწავლობს სიტყვიერად მოითხოვოს სასურველი ნივთი. მაგ. თუ ბავშვს ძალიან უყვარს ბურთით თამაში, მისთვის ბურთი ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის სიტყვიერად მოითხოვს ბურთს. ბურთის თქმის ნებისმიერი მცდელობა, თუნდაც მხოლოდ „ბ“ უნდა დაბოლოვდეს ბავშვისთვის ბურთის მიცემითა და შექებით. შემდეგი ეტაპი მეტყველების განვითარების პროგრამაში არის ტაქტი (Tact), რაც გულისხმობს საგნების, სურათებისა თუ ნივთების დასახელებას, ამ დროს ეფექტურად გამოიყენება ბარათები, რომლებზეც გამოსახულია ბავშვის საყვარელი ნივთები. მას შემდეგ როცა ბავშვის სამეტყველო რეპერტუარი გაიზრდება 12 სიტყვამდე, ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ სასურველი ნივთების ორ სიტყვიანი წინადადებებით მოთხოვნა. წინადადებებში სიტყვების რაოდენობა იზრდება ბავშვის უნარების შესაბამისად.
 
კომუნიკაციური უნარების გარდა, ABA თერაპია წარმატებით გამოიყენება ისეთი უნარების დასასწავლად, როგორიცაა აკადემიური, ფუნქციური,  წვრილი და  მსხვილი მოტორული უნარები,  ასევე სოციალური უნარები.
გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც გამოგადგებათ აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში:

  • ბავშვისა და თქვენი ურთიერთობა გახადეთ სასიამოვნო ბავშვისთვის. ის ნივთები, რომლებსაც თერაპიის პროცესში გამოიყენებთ ბავშვისთვის უნდა იყოს ღირებული. 

  • ინსტრუქციის მიცემისას იყავით თანმიმდევრული, თუ ბავშვს აძლევთ ინსტრუქციას დარწმუნდით, რომ ბავშვი თქვენს ინსტრუქციას აუცილებლად შეასრულებს.  ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მისცეთ დრო ინსტრუქციის შესასრულებლად. მაგ. თუ ბავშვს ძალიან უყვარს წიგნის თვალიერება, მაგრამ არ იცის მისი გადაფურცლა, თქვენ თვითონ უჩვენეთ თუ როგორ უნდა გადაფურცლოს წიგნი, შემდეგ კი მიეცით ინსტრუქცია თვითონ შეასრულოს იგივე მოქმედება: ,,მოდი, ახლა შენ გადაფურცლე“ . თუ  ბავშვი არ პასუხობს თქვენს ინსტრუქციას, დაელოდეთ ხუთი წამი და გაიმეორეთ იგივე ინსტრუქცია, თუ ამ შემთხვევაშიც არ უპასუხებს ბავშვი ინსტრუქციას, თქვენი ფიზიკური დახმარებით გადააშლევინეთ წიგნი. მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ ბავშვისთვის მიცემული ინსტრუქციები უნდა დასრულდეს ბავშვის მიერ მათი შესრულებით - დამოუკიდებლად ან თქვენი ფიზიკური დახმარებით. 

  • შეეცადეთ რომ თქვენს მიერ ბავშვისთვის მიცემული ინსტრუქციები იყოს მკაფიო და სპეციფიკური, რაც ზუსტად უნდა მიუთითებდეს იმას თუ რა მოქმედება უნდა შეასრულოს ბავშვმა. მაგ, „კუბიკი დაადე კუბიკზე“ და არა „მოდი, ახლა კუბიკებით ითამაშე“. 

  • ინსტრუქციებზე ბავშვის თქვენთვის მისაღები პასუხი აუცილებლად დააბოლოვეთ თქვენი პოზიტიური უკუკავშირით, ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი შექება, მოფერება ან სხვა.

  • წაახალისეთ ბავშვის სიტყვების ან ბგერების წარმოთქმის ნებისმიერი მცდელობა, შეაქეთ ბავშვი ან გაიმეორეთ მის მიერ წარმოთქმული ბგერები და სიტყვები.
 
მუდამ გახსოვდეთ რომ შედეგებს აუცილებლად მიაღწევთ.

ავტორი 
ანა ბარქაია
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu