ოჯახისა და საზოგადოების მნიშვნელობა აუტიზმის მქონე პირებისთვის - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ოჯახისა და საზოგადოების მნიშვნელობა აუტიზმის მქონე პირებისთვის

ბიბლიოთეკა

სტატისტიკის თანახმად, ჩვენს გარშემო მრავალი აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, კითხვაზე რა არის აუტიზმი, ალბათ  ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ბევრ ადამიანს არ აქვს პასუხი. სწორედ ინფორმაციის ნაკლებობის ან არარსებობის გამო აუტიზმის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევებთან  უწევთ გამკლავება. ნებისმიერი ადამიანისათვის მნიშვნელოვანია თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს. აუტიზმის მქონე ბავშვები კი ხშირად სტიგმატიზებულები არიან მათი სოციალური და კომუნიკაციური სირთულეების გამო, რადგან ვერ ახერხებენ იმ ქცევითი ნორმების დაცვას, რომელიც სოციუმშია მიღებული. აუტიზმის მქონე ადამიანებზე სხვადასხვა ნეგატიური შეხედულებაა გავრცელებული:

-აუტიზმის მქონე ბავშვი ოჯახისათვის ზედმეტი ტვირთია;
-აუტიზმის მქონე ბავშვი ვერ შეძლებს საბავშვო ბაღში ან სკოლაში სიარულსა და სწავლას, ამიტომ აზრი არ აქვს მათი შესაძლებლობების  განვითარებაზე მუშაობას;
-აუტიზმის მქონე ბავშვები აგრესიულები არიან, ამიტომ უნდა მოვარიდოთ სხვა ბავშვებს, რათა არაფერი დაუშავონ მათ;
-აუტიზმის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ყოფნა, როდესაც არ იქცევიან მიღებული წესების შესაბამისად, სირცხვილია ოჯახისათვის, ამიტომ უკეთესია გარშემომყოფებთან ურთიერთობის შეზღუდვა;

ზოგჯერ კი პირიქით,  ეცოდებათ აუტიზმის მქონე ბავშვები, მათდამი გამოხატავენ ზედმეტ ყურადღებას ქუჩაში, სტუმრად ყოფნისას, ან ცდილობენ იმაზე მეტად დაეხმარონ, ვიდრე მათ სჭირდებათ.  რეალურად კი ასეთი დამოკიდებულებაც არაადეკვატურია და აუტიზმის მქონე ადამიანის განსხვავებულობაზე აკეთებს აქცენტს.

რა არის გამოსავალი? ინფორმაცია აუტიზმის მახასიათებლებისა და  მისი მრავალფეროვნების შესახებ ხელს უწყობს სწორი წარმოდგენების შექმნას, გაუადვილებს ადამიანებს აუტიზმის მქონე ბავშვებთან ურთიერთობასა და საჭიროების შემთხვევაში მათ მხარდაჭერას.  არსებული სტერეოტიპების შესაცვლელად საჭიროა საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება, ცოდნა იმისა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვი უნიკალური პიროვნებაა, რომელსაც გააჩნია თავისი ინტერესები, შესაძლებლობები, საჭიროებები, აქედან გამომდინარე, თითოეული მათგანი განსხვავებულად აღიქვამს და რეაგირებს მის გარშემო არსებულ ადამიანებსა და მოვლენებზე.

აუტისტური სპექტრული დარღვევის დიაგნოზი არ არის განაჩენი. სოციალური ურთიერთობებისა და კომუნიკაციის  სირთულე, გარემოს ცვლილებებისადმი გადამეტებული მგრძნობელობა, განმეორებადი ქცევები, შეზღუდული ინტერესები და საქმიანობები - ეს ის ნიშნებია, რომლებიც აუტიზმის მქონე ბავშვებს აერთიანებს, თუმცა, ასევე, განასხვავებს ერთმანეთისაგან. აუტიზმის ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან, თანატოლებთან და უფროსებთან  კონტაქტის შეუძლებლობა, ინტერესების, ემოციების გაზიარების სირთულე, თვით დამაზიანებელი, აგრესიული ქცევები. ზოგიერთ შემთხვევაში, აუტიზმის მქონე ბავშვი სრულ გულგრილობას ამჟღავნებს ადამიანების მიმართ, არ რეაგირებს თვალით კონტაქტზე,  სხვის ემოციებზე, ამავე დროს,  იგივე დიაგნოზის მქონე სხვა ბავშვი  იჩენს ინიციატივას ურთიერთობებში, გამოთქვამს თავის სურვილებს და ცდილობს თანატოლებთან თამაშს. ბავშვები განსხვავდებიან მეტყველების განვითარების დონითაც, ზოგიერთ შემთხვევაში   ვერ ახერხებენ მეტყველებას, ზოგჯერ მართალია აქვთ კარგი ლექსიკური მარაგი, თუმცა, საუბრობენ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის თემებზე.

განსხვავებულია აუტიზმის მქონე ადამიანების აკადემიური შესაძლებლობებიც. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ აქვთ ისეთი ძლიერი მხარეები, რომლებიც სხვებისაგან გამოარჩევთ, მაგალითად, კარგი მეხსიერება, შეუძლიათ სრულად დაიმახსოვრონ ფაქტები, მოვლენები, დეტალები. აქვთ ხატვის, მუსიკის, მათემატიკის, ენების შესწავლის განსაკუთრებული ნიჭი. მათ შეუძლიათ იმუშავონ კარგად ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ გარემოში, დაამყარონ სოციალური კავშირები სხვებთან. რა თქმა უნდა, ეს ყველა მათგანისათვის არ არის დამახასიათებელი, თითოეულს განსხვავებული შესაძლებლობები, უნარები, ინტერესთა სფერო აქვს, შესაბამისად, განსხვავებულია დახმარების ის სახეები რაც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდებათ.

ნებისმიერ  აუტიზმის მქონე პიროვნებას გარკვეულ სირთულეებთან ერთად  აქვს ძლიერი მხარე,  ინტერესის რაიმე სფერო, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს თავის ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე ბავშვთან ადრეული ასაკიდან სხვადასხვა სპეციალისტისა და მშობლების  მუშაობა, მათ საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში ჩართულობაზე ზრუნვა, რადგანაც  შესაძლებელია მათ ჰქონდეთ საკუთარი პროფესია, ხელობა, მუშაობდნენ, მონაწილეობდნენ  საზოგადოებრივ საქმიანობებში, ასრულებდნენ სასარგებლო საქმეს და ახდენდნენ თვით აქტუალიზაციას. ამისათვის, რა თქმა უნდა, მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, მიმღებლობა და სიყვარული სჭირდებათ.

ავტორი 
თათია გურგენიძე
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu