ვიზუალური სიმბოლოები აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ვიზუალური სიმბოლოები აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის

ბიბლიოთეკა

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაცია და ურთიერთობა აუცილებლად მეტყველების გამოყენებას არ გულისხმობს. აუტიზმის მქონე ბევრ ბავშვს უჭირს მეტყველება, ან საერთოდ ვერ მეტყველებს. მათთვის დიდ სიძნელეს წარმოადგენს საკუთარი აზრების სხვებისთვის გაზიარება, ემოციების გამოხატვა, ასევე სირთულეს წარმოადგენს სხვისი განცდების გაგება.

მართალია, აუტიზმის მქონე ბავშვებს ხშირად ესმით რასაც ვეუბნებით, მაგრამ მათ კომუნიკაციის დამყარებისთვის უფრო ისეთი საშუალებები ეხმარებათ როგორიცაა ვიზუალური სიმბოლოები. ვიზუალურ სიმბოლოებში იგულისხმება ნახატები, ფოტოები, ობიექტები, დაწერილი სიტყვები/წინადადებები და ფერადი ბარათები. ინფორმაციის მიწოდება ვიზუალური გზით მათ ეხმარება კომუნიკაციაში, ხელს უწყობს მეტყველების განვითარებასა და ინფორმაციის გადამუშავებაში. ასევე ვიზუალური სიმბოლოების გამოყენება ზრდის აუტიზმის მქონე ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხს, თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებას. ვიზუალური სიმბოლოების, იქნება ეს ფოტო, ნახატი, თუ წარწერა გამოყენების დროს მნიშვნელოვანია, რომ ისინი შევუსაბამოთ ბავშვის ასაკს და განვითარების დონეს.

გთავაზობთ ჩამონათვალს თუ როგორ გამოვიყენოთ ვიზუალური სიმბოლოები:

ინფორმაციის მიღება/გაზიარება
აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ინფორმაციის მიღება/გაზიარება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ვიზუალური სიმბოლოების გამოიყენებით შესაძლებელია ხელი შევუწყოთ ინფორმაციის აღქმის, გაგების და სხვებისთვის გაზიარების პროცესს. მაგალითად, ბავშვი რომელიც ვერ მეტყველებს, სურათების დახმარებით შეძლებს მოითხოვოს და მიიღოს სასურველი ნივთი.

სტრუქტურირებული გარემოს შექმნა
ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოადგენს სხვადასხვა აქტივობების მონაცვლეობას. ნებისმიერი ბავშვისთვის კომფორტულია კარგად სტრუქტურირებულ გარემოში ყოფნა, განსაკუთრებით კი აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის. ისინი რთულად ეგუებიან გარემო ცვლილებებს, მათ სჭირდებათ მუდმივი, თითქმის უცვლელი დღის რუტინა და ასევე წინასწარ ცოდნა იმისა თუ რა აქტივობას რომელი ენაცვლება. ვიზუალური ბარათების გამოყენებით ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა იცოდეს თუ როგორია მისი დღის განრიგი და რა აქტივობები უნდა განხორციელდეს. ბავშვი უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება, აღარ სჭირდება მოზრდილების მხრიდან მუდმივი ინსტრუქციები- რის შემდეგ რა და როგორ გააკეთოს, მას ყოველივე ამას ვიზუალური მიმნიშნებლები ეუბნებიან.

გარემოში ორიენტირება
იმისთვის, რომ შევასრულოთ ყოველდღიური აქტივობები და მივიდეთ დანიშნულების ადგილას მნიშვნელოვანია შეგვეძლოს გარემოში ორიენტირება, რაც ხშირად დიდ სირთულეს წარმოადგენს აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის. ვიზუალური სიმბოლოები ეხმარება ბავშვებს ადვილად შეძლონ გარემოში ორიენტირება. კონკრეტული ადგილის აღმნიშვნელი სურათის შემოტანით, მაგალითად კოვზი-სამზარეულოს აღმნიშვნელად, წიგნი- ბიბლიოთეკის და იატაკზე ან სხვა ზედაპირზე მიმნიშნებელი ისრების შემოტანით უადვილდებათ გაიგონ რა მიმართულებით უნდა წავიდნენ.

უსაფრთხოების განცდა
აუტიზმის მქონე ბევრი ბავშვი მოკლებულია საფრთხის შეგრძნებას. ისინი შესაძლოა ვერ ხვდებოდნენ შედეგებს, რომელიც საკუთარ ან სხვის ქმედებებს მოჰყვება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ სახლში და ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბაღი, სკოლა, ქუჩა და ა.შ. სახლის გარემოში შესაძლებელია გამოვიყენოთ ცალკეული სიმბოლოები, რომელთა მნიშვნელობასაც წინასწარ დავასწავლით ბავშვს ისეთ ობიექტებთან მიმართებაში როგორიცაა მაგალითად: გაზქურა, ელექტრო ჩაიდანი. ეს სიმბოლოები შეიძლება იყოს გარკვეული ფერის (წითელი) ბარათი ან დაწერილი სიტყვა „ცხელია“.

ჯანმრთელობის ხელშეწყობა
ზოგჯერ შეიძლება აუტიზმის მქონე ბავშვის ქცევა უეცრად შეიცვალოს, მნიშვნელოვანია გავიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რათა გამოვრიცხოთ სამედიცინო თვალსაზრისით გამოწვეული პრობლემები. ძალიან რთულია იმის გაგება, როგორ გრძნობს თავს აუტიზმის მქონე ბავშვი, რა სტკივა ან რა აწუხებს. ბარათების დახმარებით შესაძლებელია ბავშვს დავასწავლოთ გამოხატოს თავისი ემოციური მდგომარეობა, განცდები, ასევე გვიჩვენოს სხეულის ის ნაწილები რომელიც მას სტკივა.

სექსუალური განათლება
გარდატეხის ასაკის დადგომასთან ერთად მოზარდის ცხოვრებაში გარკვეული ფიზიოლოგიური ცვლილებები იჩენს თავს. აუტიზმის მქონე მოზარდებს განსაკუთრებით უჭირთ ამ ცვლილებების გაგება, მასთან შეგუება. ვიზუალური სურათების გამოყენება გვაძლევს საშუალებას დავეხმაროთ მოზარდებს აღნიშნული სირთულეების სწორად აღქმაში და დაძლევაში. მაგალითად: სხეულის რუკის გამოყენებით შესაძლებელია ვაჩვენოთ რა შეიძლება შეიცვალოს.

ქცევის მოწესრიგება
კომუნიკაციის და სოციალური წესების გაგების სირთულეები, არა-სტრუქტურირებული გარემოს არსებობა, სიფრთხილის შეგრძნებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, სხვადასხვა ყოველდღიური ცვლილებები შესაძლოა იყოს ბავშვის არასასურველი ქცევების გამომწვევი. სპეციალისტებსა და მშობლებს აუტიზმის მქონე ბავშვების არასასურველი ქცევების შემცირებასა და სოციალურად მისაღები ქცევების დასწავლაში დიდ დახმარებას უწევს სწორედ ვიზუალური სიმბოლოების გამოყენება. მაგალითად, ბარათების გამოყენებით შეიძლება ბავშვს გავაგებინოთ რომელი ქცევებია სასურველი და რომელი არასასურველი კონკრეტულ სიტუაციაში. ბარათები შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ ბავშვისთვის არჩევანის შეთავაზებისას, ვუჩვენებთ ორი აქტივობის ბარათს და ვეკითხებით, რომელი აქტივობა ურჩევნია შეასრულოს.

და ბოლოს, ვიზუალური სიმბოლოების გამოყენებით შესაძლებელია აუტიზმის მქონე ბავშვების კომუნიკაციის სირთულეების დაძლევა და ბავშვისათვის წარმატების მიღწევა, მოტივაციის გაზრდა, მეტი დამოუკიდებლობის უნარების სწავლება. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, ვიზუალური სიმბოლოებმა რომ შეასრულონ თავისი დანიშნულება, საჭიროა ბარათების სწორად შერჩევა და ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება, რისთვისაც მნიშვნელოვანია სპეციალისტის- ფსიქოლოგის მუშაობა ბავშვთან.

ავტორი 
ანნა გაზაშვილი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu