სამუშაო გარემოს ადაპტირება აუტიზმის მქონე ბავშვისათვის - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

სამუშაო გარემოს ადაპტირება აუტიზმის მქონე ბავშვისათვის

ბიბლიოთეკა

ნებისმიერ ადამიანს, გარკვეული სამუშაოს შესრულებისთვის სჭირდება შესაფერისი სივრცე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, როცა გარემო არ აკმაყოფილებს სამუშაოსათვის საჭირო ყველა კრიტერიუმს (მაგალითად ხმაური, სამუშაო გეგმის არ ქონა), შეგვიძლია გავფილტროთ არსებული ხელისშემშლელი ფაქტორები - მოვახდინოთ ადაპტირება და შევუდგეთ მუშაობას.

აუტიზმის მქონე ბავშვის შემთხვევაში, ვაწყდებით გარემოსთან ადაპტაციის პრობლემებს, რაც განპირობებულია მათი მომატებული მგრძნობელობით გარემოს მიმართ, უჭირთ ერთიანი სივრცის აღქმა და ცვლილებებთან შეგუება - იმ ახალი გამოწვევების მიღება, რომლებთანაც ყოველდღიურად უწევთ შეხება. ამიტომ, საჭირო ხდება მათთვის ხელოვნურად მოვაწყოთ სამუშაო გარემო ისე, რომ აუტიზმის მქონე ბავშვმა შეძლოს მიცემული დავალებების შესრულება.
თავდაპირველად, აუცილებელია დავადგინოთ თუ რა სახის გამღიზიანებლები მოქმედებენ ბავშვზე უარყოფითად და ვეცადოთ ეს გამღიზიანებლები მოვაშოროთ, ან მინიმუმამდე შევამციროთ. მაგალითად, თუკი ბავშვი მგრძნობიარეა მკვეთრი შუქის მიმართ, მისი სამუშაო გარემო უნდა მოვაწყოთ ნაკლებად განათებულ ადგილას.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერ ახდენს დავალებაზე კონცენტრირებას ხმაურში, შესაძლებელია გამოვიყენოთ ხმის დამხშობი ყურსასმენები. 


მაშინ, როდესაც ბავშვს ადვილად გადააქვს ყურადღება ერთი საგნიდან მეორეზე, შეგვიძლია მაქსიმალურად შევავიწროვოთ თვალთახედვის არე, იმისათვის, რომ გავზარდოთ დავალებაზე კონცენტრირება. 


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს შესასრულებელი დავალებების რაოდენობა, ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ვიზუალური განრიგი, რომელსაც ბავშვი მიჰყვება მუშაობის პროცესში, თუმცა გასათვალისწინებელია ბავშვის ინტელექტი, აღქმის უნარი და ინტერესთა სფერო. თითოეული ბავშვისათვის განრიგი უნდა შევადგინოთ ინდივიდუალურად. ვიზუალური განრიგის სირთულე აუცილებელია შევუსაბამოთ ბავშვის განვითარების დონეს. 


მოტივაციის შესანარჩუნებლად, აუცილებელია შესრულებული დავალების შემდეგ, ბავშვმა მიიღოს განმამტკიცებელი - სასურველი ნივთის, ან აქტივობის სახით. განმამტკიცებელი არის გარკვეული სახის ჯილდო, რომელიც განისაზღვრება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და მიეწოდება მას საწყის ეტაპზე დავალების შესრულების მცდელობისთვის, ხოლო შემდგომში წარმატებით შესრულებული დავალებისთვის. განმამტკიცებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის: სოციალური (შექება, ჩახუტება, მოფერება), კვებითი, მატერიალური, აქტივობითი და გადაცვლადი (მონეტები, სტიკერები, ღიმილები).


აუტიზმის მქონე ბავშვისათვის სამუშაო გარემოს მოსაწყობად საჭირო დეტალების აღმოჩენა შესაძლებელია მასზე დაკვირვებით სხვადასხვა გარემოში. მიღებული ინფორმაცია გაგიმარტივებთ ბავშვზე მორგებული და მისთვის საჭირო სამუშაო გარემოს შექმნას.





ავტორი 
მარიამ წირღვავა
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu