როგორ დავისახოთ მიზნები სწორად, აუტიზმის მქონე ბავშვებთან - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

როგორ დავისახოთ მიზნები სწორად, აუტიზმის მქონე ბავშვებთან

ბიბლიოთეკა

ჩვენ, ადამიანები მუდმივად ვისახავთ მიზნებს საკუთარი სურვილებისა თუ ცხოვრებისეული გამოწვევების გამო. მიზნების დასახვა ერთის მხრივ გვეხმარება გავერკვეთ პირად საჭიროებებში და მეორეს მხრივ ხელს უწყობს პიროვნულ ზრდასა და განვითარებას.
 
მიზნების დასახვა მნიშვნელოვანი ნაწილია აუტიზმის მქონე ბავშვებისთვისაც, რაც მშობლის ან ბავშვთან მომუშავე სპეციალისტის მხარდაჭერით ხორციელდება. როდესაც დასახულია მიზნები, რომელებიც ბავშვის ფუნქციურ/სოციალურ/აკადემიურ უნარებს უკავშირდება, საჭიროა გარკვეული თანმიმდევრობის დაცვა - წესებზე მიყოლა.

  • მოახდინეთ მიზნების დადებითი ფორმულირება
ხშირად, მშობლები/ის ადამიანები, ვისაც ბავშვთან უწევს ურთიერთობა ცდილობენ შეამცირონ ბავშვის რთული ქცევა/ტანტრუმი და მიზნის განსაზღვრასაც ახდენენ პრობლემური ქცევიდან გამომდინარე, მაგ., „საბა აღარ იყვირებს როდესაც მის სათამაშო მანქანას შეეხება მისი ძმა .“ როდესაც ბავშვის რთული ქცევაა „ყვირილი“ ჩვენ რეალურად მართლაც გვიწევს მუშაობა აღნიშნულ ქცევაზე, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ ფორმულირებას მოვახდენთ პოზიტიური გზით: „საბა, მშვიდად იქნება როდესაც მის სათამაშო მანქანას ხელში აიღებს მისი ძმა.“

  • კომპლექსური უნარების ჩაშლა
ზოგიერთი ქცევა ძალიან მარტივია და მოიცავს მხოლოდ ერთ ნაბიჯს ( მაგ., შუქის ჩაქრობა/ანთება, ზარის ღილაკზე თითის დაჭერა), თუმცა ზოგიერთი ქცევა შეიძლება იყოს უფრო მეტად კომპლექსური და მოიცავდეს ბევრ საფეხურებს. მაგ., ტანსაცმლის ჩაცმა იმისათვის რომ ბავშვი გარეთ გავიდეს შეიძლება ჩავშალოთ შემდეგ ბიჯებად:
1.      შარვლის ჩაცმა
2.      ფეხსაცმლის ჩაცმა
3.      ჯემპრის ჩაცმა
4.      პალტოს ჩაცმა
5.      ქუდის დაფარება

საფეხურების რაოდენობა რომელსაც ჩაშლით დამოკიდებულია ბავშვის  შესაძლებლობებზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. საჭიროების შემთხვევაში ბიჯების რაოდენობა იზრდება. მაგ. შარვლის ჩაცმა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ საფეხურებს:
1.      შარვლის ხელში დაჭერა
2.      ღილის გახსნა
3.      ელვა შესაკრავის გახსნა
4.      მარჯვენა ფეხის გაყოფა
5.      მარცხენა ფეხის გაყოფა
6.      შარვლის ამოწევა
7.      ელვა შესაკრავის შეკვრა
8.      ღილის შეკვრა

თუ ბავშვი უკვე ფლობს უნარს შეასრულოს რომელიმე მათგანი დამოუკიდებლად , მაგ.,  ღილის შეკვრა და გახსნა,  შესაბამისად ამ ბიჯს გამოტოვებთ სწავლებისას.

  • გამოიყენეთ სიტყვები, რომლებიც ზუსტად აღწერს ბავშვის ქცევას
ზოგჯერ ჩვენ ვიყენებთ სიტყვებს, რომელთაც  ძალზე სუბიექტური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს. მაგ., სიტყვა „გაბრაზება“  ერთი ადამიანისთვის  შეიძლება გამოიხატებოდეს ხელის  დარტყმაში ან ფეხის მიკვრაში, სხვისთვის ის შეიძლება გულისხმობდეს ყვირილსა და წამოწითლებას; „სიხარული“ ერთი ადამიანისათვის შეიძლება ნიშნავდეს ხტუნაობას და შეძახილებს, მეორესთვის სიცილს,  ეს  კი გამოიწვევს გაუგებრობას. ჩვენ როდესაც მიზანს ვისახავთ,  გვინდა გავზომოთ კიდეც ამ მიზნის მიღწევის წარმატება. შეუძლებელი იქნება წარმატების საიმედოდ გაზომვა თუ არ დაიწერება სიტყვებით, რომლებიც  ზუსტად ასახავს ქცევას. დავუშვათ, სანდრო ავლენს პრობლემურ ქცევას, როდესაც წაკითხვას ვთხოვთ. და მაინც რას აკეთებს ის ამ დროს?  მცდარი იქნება თუ დავწერთ: „სანდრო ბრაზდება, როდესაც წაკითხვას ვთხოვთ.“ სწორი ფორმა იქნება შემდეგი: „სანდრო იწყებს წიგნის დახევას/ყვირილს/იწიწკნის თმას,  როდესაც წაკითხვას ვთხოვთ.“  გაბრაზება არის ძალიან ზოგადი სიტყვა, რომელიც ზუსტად არ გამოხატავს ქცევას ან მდგომარეობას და შესაბამისად, ის არ გამოგვადგება, როდესაც ბავშვის პრობლემურ ქცევაზე ვსაუბრობთ, ხოლო სწორ ფორმულირებაში მოყვანილი მაგალითები (წიგნის დახევა, ყვირილი და ა.შ.)  კონკრეტულია და ზუსტად ასახავს მას.

  • შეარჩიეთ განვითარებისთვის შესაბამისი მიზნები
როდესაც  ბავშვისთვის შესაბამისი მიზნების არჩევას დაიწყებთ ყურადღება გაამახვილეთ იმაზე თუ რამდენად საჭირო მიზნებია და რამდენად შეუძლიათ  მათ ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ძლიერ მხარეებს, საჭიროებებსა და რა თქმა უნდა მის ინტერესებს. მიზნები პასუხს უნდა სცემდნენ შემდეგ შეკითხვებს: „ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ბავშვი გახდება უფრო დამოუკიდებელი?“  „გაუმჯობესდება მისი ცხოვრების ხარისხი?“ „აღნიშნული მიზანი უფრო მეტს ასწავლის ბავშვს?“, თუ თქვენ ამ შეკითხვებზე გაქვთ პასუხი „დიახ“, ე.ი. თქვენ ადეკვატურად შეგირჩევიათ მიზნები.

  • შეარჩიეთ ასაკის შესაბამისი მიზნები
მიზნების არჩევისას ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. 4 წლის ასაკში სასურველია ბავშვმა იცოდეს ბურთით/თოჯინით ფუნქციური  თამაში, ვიდრე გარკვეული ასოების წერა. 12-13 წლის ასაკში გარკვეული მოცულობის ტექსტის წაკითხვა/პატარა ამბის თხრობა, ვიდრე დაჭერობანა.  

მიუხედავად იმისა რომ მშობლები ყველაზე უკეთ იცნობენ საკუთარ შვილს, მიზნების დასახვა ხშირად მაინც  გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ზოგჯერ შესაძლებელია მშობლებმა სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ დაისახონ სათანადო მიზნები და  შეათანხმონ მუშაობის სტრატეგია.

ავტორი 
ხატია ხომერიკი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu