როდესაც ბავშვი იკბინება . . . - ფსიქოლოგის რეკომენდაციები - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

როდესაც ბავშვი იკბინება . . . - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

ბიბლიოთეკა


ბავშვებისთვის დამახასიათებელი აგრესიული ქცევებიდან კბენა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მშობლებისა თუ ბავშვთან დაკავშირებული სხვა პირებისგან.  ერთის მხრივ, გვსურს დავამშვიდოთ უფროსები და ვუთხრათ, რომ კბენა ნორმალური განვითარების ნაწილია და იგი განსაკუთრებით გავრცელებულია 3 წლის ასაკამდე ბავშვებში (უმეტესად ბიჭებში). თუმცა, აქვე ხაზი  გავუსვათ, რომ კბენით გამოწვეული დაზიანება შესაძლოა საკმაოდ სერიოზული და გაცილებით მწვავე იყოს, ვიდრე მაგალითად დარტყმით.  ამის მიზეზი კი ის არის, რომ მცირეწლოვან ბავშვებს ყბის კუნთები უფრო განვითარებული და შესაბამისად  მეტი ძალის აქვთ, ვიდრე  ხელის. კბენასთან დაკავშირებული ასეთი რისკების გამო, ალბათ არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ეს ქცევა   წარმოადგენს ბავშვის ბაღიდან გარიცხვის ერთერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს.  მნიშვნელოვანია, მშობელი თავიდანვე სერიოზულობით მიუდგეს აღნიშნულ პრობლემას  და პასიურად არ ელოდოს როდის შეწყვეტს ბავშვი ამ ქცევის გამოვლენას.  



ასეთ შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს იმაზე დაკვირვება, თუ რა უბიძგებს ბავშვს კბენისკენ. ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

  • შური:  სურს, ის რაც სხვას აქვს; კბენა კი წარმოადგენს სასურველის მიღების სწრაფ გზას.

  • იმპულსურობა: არ აქვს სათანადოდ გამომუშავებული  თვით-კონტროლი; ზედმეტად მოწყვლადია იმედგაცრუების მიმართ.

  • თავდაცვა: იყენებს კბენას როგორც სხვა  ბავშვების აგრესიული ქცევებისგან თავდაცვის საშუალებას.

  • უნარების ნაკლებობა: აქვს შეზღუდული ლექსიკური მარაგი და უჭირს საკუთარი საჭიროებების გადმოცემა სიტყვიერად.

  • ყურადღების მიქცევა: კბენა წარმოადგენს ყურადღების ცენტრში მოხვედრის სწრაფ საშულებას.

  • იმიტირება: ბაძავს და იმეორებს სხვა ბავშვის ქცევას.

  • არახელსაყრელი გარემო: ზედმეტი ხმაური, სათამაშოდ არასაკმარისი სივრცე და სათამაშოები.

  • სტრესი: განიცდის ოჯახში არსებულ სირთულეებს,  სასწავლო ან საცხოვრებელი გარემოს  შეცვლას და სხვა.


მიზეზის იდენტიფიცირების შემდეგ,  გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

იმოქმედეთ სწრაფად: როდესაც ხედავთ, რომ ბავშვი ვინმეს კბენს, იმოქმედეთ დაუყონებლივ. შეაჩერეთ და მოაშორეთ სხვა ბავშვებს, გაიყვანეთ უფრო იზოლირებულ ადგილას და მიეცით დრო დასამშვიდებლად. თავადაც შეინარჩუნეთ სიმშვიდე და  ბავშვს მისთვის  გასაგებ ენაზე აუხსენით, რომ კბენა მტკივნეულია და ზიანს აყენებს სხვებს.  

ანუგეშეთ დაზარალებული.  დაშავებულ ბავშვზე ყურადღების ფოკუსირება დაეხმარება  თქვენ ბავშვს კბენის უარყოფითი შედეგების უკეთ  გაცნობიერებასა და თანაგრძნობის განცდის ჩამოყალიბებაში. ამ მიზნით, 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვი შეიძლება თავადაც ჩართოთ დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენის პროცესში. (თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბავშვების მხრიდან არის ამისადმი მზაობა და თუკი ეს ყველაფერი მოზრდილის ზედამხედველობის ქვეშ ხდება).

ჩაანაცვლეთ კბენა სიტყვებით:
მას შემდეგ რაც ბავშვები სწავლობენ საკუთარი საჭიროებების სიტყვიერად გამოხატვას, როგორც წესი კბენის სიხშირე იკლებს.თუმცა თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ ეს პროცესი, ბავშვისთვის ისეთი სიტყვებისა და ფრაზების სწავლებით, როგორიცაა მაგალითად:   „გეტყობა, რომ ნაწყენი  ხარ.  უთხარი შენს მეგობარს: „ მე ნაწყენი ვარ." შეგიძლიათ ასევე ყურადღება გაამახვილოთ  ისეთ ფრაზებზე, რომლებიც ამცირებენ თანატოლთა შორის კონფლიქტის ალბათობას: „მეც მინდა თამაში. ახლა ჩემი რიგია, ხომ? "

ჩართეთ სხვა პირები:
თუკი ბავშვს უკვე ახასიათებს კბენა, შეატყობინეთ ამის შესახებ მასთან დაკავშირებულ სხვა პირებს(აღმზრდელი, ძიძა, მასწავლებელი და სხვა) და შეთანხმდით საერთო სტრატეგიაზე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა თქვენგანმა დაიცვას და მიყვეს საერთო მიდგომას.


თუ ბავშვი 3 წლის ასაკის ზემოთაა და მოზრდილების ხანგრძლივი მცდელობების მიუხედავად კბენის ქცევა არ მცირდება, რეკომენდებულია მიმართოთ სპეციალისტს. სკოლისა და მოზარდობის ასაკში აღნიშნული ქცევის არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს მნიშვნელოვან ქცევით და ემოციურ სირთულეებზე.






ავტორი
თამთა საამიშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია



 
Back to content | Back to main menu