ბავშვის ჩაგვრა/აბუჩად აგდება (Bullying) - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ბავშვის ჩაგვრა/აბუჩად აგდება (Bullying)

ბიბლიოთეკა

ტერმინი ,,ბულინგი" ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას/აბუჩად აგდებას ნიშნავს.  ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში.

ჩაგვრა/აბუჩად აგდება შეიძლება იყოს ვერბალური (მაგალითად, ნეგატიური, დამამცირებელი კომენტარების გაკეთება, ყვირილი, ჭორების გავრცელება), ან ფიზიკური  (მაგალითად, დარტყმა, ნივთების სროლა). ხშირად ჩაგვრა ემოციური ძალადობის ხასიათს ატარებს, მიმართულია რა დამცირებაზე, დამუქრებაზე, გამოძალვაზე, გაღიზიანებაზე.  შესაძლოა ჩაგვრა განხორციელდეს დისტანციური გზითაც  - სატელეფონო ზარით, მესიჯებით, ელექტრონული ფოსტით, ან სხვა ელექტრონული საშუალებებით (Cyber Bullying). 

ბულინგისთვის ჩვეულებრივ დამახასიათებელია  შემდეგი გარემოებები:
  • ეს არის აგრესიული სახის ქცევა, რომელსაც განმეორებადი ხასიათი აქვს;
  • მჩაგვრელს აქვს მეტი ძალაუფლება ვიდრე დაჩაგრულს (უფრო ძლიერია ფიზიკურად, ან სტატუსით უფრო მაღლა დგას);
  • მჩაგვრელის ქმედება არის წინასწარ განზრახული;
  • მჩაგვრელი არ იღებს პასუხიმსგებლობას ჩადენილ საქციელზე და ხშირად აღნიშნავს, რომ მსხვერპლმა დაიმსახურა ასეთი მოპყრობა.
 
ხშირ შემთხვევაში ბავშვი, რომელიც არის ჩაგვრის მსხვერპლი, არ საუბრობს საკუთარ პრობლემებზე მშობლებთან. თუმცა შეიძლება არსებობდეს  ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს ჩაგრავენ და სჭირდება უფროსების მხრიდან მხარდაჭერა.  ამ ნიშნების დროულად იდენტიფიცირებისთვის  მშობელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს ხომ არა აქვს ადგილი  ცვლილებებს შვილის  ქცევებში.

ქვემოთ მოცემულია ნიშნები, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს ბავშვის ჩაგვრაზე։
  • ბავშვი სახლში მოდის დაზიანებული ტანსაცმლით ან/და ნივთებით;
  • აღენიშნება ფიზიკური ზეწოლის კვალი, ჭრილობა, ჩალურჯება  ან  ნაკაწრი და ბავშვი არ ამბობს თუ რამ განაპირობა ეს;
  • ბავშვი არ საუბრობს იმაზე, თუ რატომ დაკარგა სათამაშოები, სკოლის ნივთები, ტანსაცმელი, საჭმელი, ან ფული;
  • ბავშვი სახლში მოდის დაღვრემილი, გულჩათხრობილი;
  • ბავშვს ეშინია მარტო დარჩენის; არ სურს სკოლაში წასვლა;  ზედმეტად ეკრობა მშობელს
  • ჰყავს ძალიან ცოტა მეგობარი, შეზღუდული რაოდენობის ბავშვებთან აქვს ურთიერთობა,   ან სულაც არ ჰყავს მეგობრები;
  • ბავშვი მოულოდნელად კარგავს ინტერესს სასკოლო დავალებების შესრულების მიმართ, უარესდება მისი აკადემიური მოსწრება;
  • აქვს ყურადღების წარმართვის და კონცენტრაციის პრობლემები;
  • აქვს ფიზიკური ჩივილები, როგორიცაა: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და სხვა;
  • აქვს ძილის პრობლემები, კოშმარები;  შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ლოგინში ჩასველებასაც;
  • დასცინის და ცუდად ეპყრობა და-ძმებს, ან მასზე უმცროსი ასაკის სხვა ბავშვებს.

განმეორებადმა, ხანგრძლივი დროის მანძილზე ჩაგვრამ  ბავშვს შეიძლება მიაყენოს ძლიერი ემოციური ზიანი და უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს მის თვითშეფასებაზე. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მოხდეს დროული და სწორი რეაგირება, ამიტომაც გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

დაიწყეთ საუბარი უმალვე! თუ  გაქვთ ეჭვი, რომ  ბავშვი არის ჩაგვრის/აბუჩად აგდების მსხვერპლი, დაიწყეთ მასთან ამ პრობლემის შესახებ საუბარი. საუბრისას დაგეხმარებათ მსგავსი შემთხვევების გახსენება საკუთარი ბავშვობიდან, ან შეგიძლიათ მოიყვანოთ მაგალითი ტელევიზორში ნანახი სიუჟეტებიდან.

დაადგინეთ ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ჩაგვრას. ეს მნიშვნელოვანია ადეკვატური რეაგირებისთვის. ჩაგვრა  არ არის იგივე, რაც ერთჯერადი გაჯავრება. ჩაგვრა გულისხმობს  ცუდად მოპყრობის უფრო მაღალ დონეს. ჩაგვრა არის ყოველთვის წინასწარ განზრახული და  ის იშვიათად ხდება მხოლოდ ერთხელ.  

დაუკავშირდით  სკოლის ხელმძღვანელობას, სპეციალისტებს და მოიძიეთ თანადგომა. ინფორმაცია მიაწოდეთ  თქვენს შვილზე პასუხისმგებელ ადამიანებს (მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია და სხვა). მულტიდისციპლინური მიდგომა, რომელშიც ჩართულია ყველა ის მოზრდილი, რომლებსაც აქვთ უშუალო პასუხისმგებლობა თქვენს ბავშვზე,  საუკეთესო გამოსავალია.

დაიცავით კონფიდენციალობა. ეცადეთ მომხდარი არ გახდეს საჯარო განხილვის საგანი.  მშობელი უნდა იყოს ორიენტირებული პრობლემის მოგვარებაზე და არა მჩაგვრელისათვის სამაგიეროს გადახდაზე, რასაც ხშირად მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციის  საჯაროდ გავრცელების მეშვეობით ახდენენ.

ასწავლეთ შვილს საკუთარი თავის დაცვის სტრატეგიები. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აუხსნათ თქვენს შვილს, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე  მჩაგვრელის მოქმედებებზე პასუხად. მსხვერპლის მხრიდან შეკამათებამ, კონტრ-მუქარამ, შესაძლოა უფრო გაამწვავოს მოვლენები. ამის ნაცვლად, უმჯობესია ბავშვმა მოახდინოს რეაგირება პირდაპირი ბრძანებების საშუალებით: „გაჩერდი“, „უკან დაიხიე“. ხვეწნა („გთხოვ თავი დამანებე“) ნაკლებად მუშაობს. ამის შემდეგ კი კარგი იქნება თუ ბავშვი განერიდება მჩაგვრელს. შეძლებისდაგვარად ბავშვმა უნდა დატოვოს შემთხვევის ადგილი და საჭიროების შემთხვევაში მომხდარის შესახებ აცნობოს  მოზრდილებს. მას შემდეგ რაც აუხსნით ბავშვს აღნიშნული სტრატეგიის შესახებ,  ერთად უნდა გაიაროთ „რეპეტიცია“, სანამ ბავშვი  არ იგრძნობს თავს თავდაჯერებულად მის გამოყენებაში.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოთ თქვენი შვილის თავდაჯერებულობის გაზრდას, რადგანაც ბავშვები, რომლებსაც აკლიათ თავდაჯერებულობა, უფრო მეტად დგანან ჩაგვრის რისკის წინაშე. ხელი შეუწყეთ ბავშვს მისი ინტერესების, ნიჭის განვითარებაში, იმის კეთებაში რაც მას სიამოვნებს და რაშიც წარმატებულია.

ავტორი
ნინო მიქაია

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu