ბავშვის რთული ქცევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას-ფსიქოლოგის რეკომენდაციები - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ბავშვის რთული ქცევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას-ფსიქოლოგის რეკომენდაციები

ბიბლიოთეკა

თითოეულ ჩვენგანს თავად გამოუცდია ან მომსწრე მაინც გამხდარა იმ უსიამოვნო და უხერხული სიტუაციებისა, რომლებიც ბავშვებთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წასვლას ახლავს ხშირად თან. ტანსაცმელზე კერძის გადასხმა, ჭურჭლის დამსხვრევა ან სკამზე დაჯდომის ნაცვლად, მაგიდის ქვემოთ შეძვრომა, ტკბილეულის შეძენაზე უარის თქმით გამოწვეული ტანტრუმების მოწყობა, ასეთი ინცინდენტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მსგავსი უსიამოვნებების თავიდან არიდების მიზნით, ბევრი მშობელი საერთოდ თავს იკავებს ბავშვებთან ერთად რესტორანში, სუპერმარკეტში, კინო-თეატრსა თუ სხვა საზოგადოებრივ ადგილას სტუმრობისგან.

სანამ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რამდენად მართებულია პასიურად ველოდოთ როდის გაიზრდება ბავშვი და ისწავლის ადეკვატურად მოქცევას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, განვიხილოთ

რა ფაქტორები შეიძლება განაპირობებდეს ბავშვის ქცევის გაუარესებას მსგავს სიტუაციებში:

ყურადღების ნაკლებობა: საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნისას, მშობლების  ყურადღება ხშირად სიტუაციის შესაბამისი აქტივობისკენაა მიმართული, ეს შეიძლება იყოს საუბარი სხვა მოზრდილთან, კონცენტრირება საყიდლების სიაზე, პროდუქტების შერჩევა და .. ბავშვი კი მშობლის ყურადღების გარეშე რჩება. მაგრამ საკმარისია ბავშვმა ამ დროს რთული ქცევის გამოვლენა დაიწყოს, მშობელთა უმეტესობისთვის იგი მაშინვე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. მშობლის მხრიდან ყურადღების ასეთი განაწილებით ბავშვები სწავლობენ, რომცუდად მოქცევითუფრო მეტს მიიღებენ, ვიდრეკარგი ქცევით”, რაც ხელს უწყობს შესაბამისი ქცევის დასწავლას და განმეორებას მომავალშიც.

დაღლილობა: უფროსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ხანგრძლივი ვიზიტი როგორც წესი დამღლელია ბავშვებისთვის. ამიტომ არარეალისტურია მოლოდინი, რომ ბავშვი შეძლებს წყნარად და მორჩილად გაატაროს რამდენიმე საათი.

გამოცდილების ნაკლებობა: ბავშვების რთული ქცევა ხშირად იმითაა გამოწვეული, რომ მათ უბრალოდ არ გააჩნიათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის შესაბამისი გამოცდილება - არ იციან თუ რას უნდა ელოდონ,  რა წესების დაცვაა საჭირო და ინტერაქციის რა ფორმებია მისაღები კონკრეტული გარემოს შემთხვევაში;

ცდუნებები: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, განსაკუთრებით მაღაზიები და რესტორნები ბავშვებს უამრავ ცდუნებას სთავაზობს.  ბუნებრივია, ბავშვის ყველა მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება და მშობლის მხრიდან საჭირო ხდება გარკვეული შეზღუდვების დაწესება. შესაბამისად, ასეთ ადგილებში ბავშვები უფრო მეტად ისმენენ  “არას”, ვიდრე სახლში, რაზეც ხშირად რთული ქცევის გამოვლენით რეაგირებენ.

მშობლის განსხვავებული მიდგომა და დათმობები: მშობელთა ნაწილი იმის შიშით, რომ ბავშვმა სხვების თანდასწრებით არ გამოავლინოს რთული ქცევა, მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის და   განსხვავებულად რეაგირებს ბავშვის ქმედებებსა თუ მოთხოვნებზე საზოგადოებრივ ადგილებში, რასაც ბავშვები ადვილად გრძნობენ და წარმატებით ახდენენ ამით მანიპულირებას.  

როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი:

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სოციალური ნორმების შესაბამისი ქცევები არც თანდაყოლილია და არც ასაკის მატებასთან ერთად ყალიბდება ავტომატურად. თუკი დაველოდებით როდის გახდება ბავშვი რვა და ათი წლის იმისათვის, რომ თან ვატაროთ მსგავს ადგილებში, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მათ არც აღნიშნულ ასაკში იციან მსგავს სიტუაციებში მოქცევის წესები.
ამის ნაცვლად, საჭიროა  ბავშვს მივცეთ შესაბამისი ქცევების დასწავლის საშუალება, რისთვისაც იდეალური გარემო ისევ და ისევ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებია. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ როგორც ყველა სხვა უნარისა თუ ქცევის შემთხვევაში, სწავლება ეტაპობრივად და ბავშვის ასაკისა და განვითარების შესაბამისი ტემპით უნდა წარიმართოს.  


ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები სწორედ ამაში დაგეხმარებათ:

გააცანით წესები: მნიშვნელოვანია ბავშვს წინასწარ მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს და რა წესების დაცვა მოეთხოვება კონკრეტულ გარემოში. რეკომენდირებულია, წესები პოზიტიურად იყოს ფორმულირებული და ასახავდეს იმ კონკრეტულ ქცევებს, რომელთა გამოვლენაც მოეთხოვება ბავშვს. შეგიძლიათ შესაბამისი სცენარი სახლშიც გაითამაშოთ, მაგალითად გამოეწყვეთ, ვითომ რესტორანში ხართ და ივარჯიშეთ შესაბამისი მანერების გამოვლენაში. წესების შეხსენება მნიშვნელოვანია უშუალოდ ვიზიტის განხორციელების წინაც:  დაიმახსოვრე, ბანკში, რომ შევალთ ჩემს გვერდით უნდა დადგე და თუ რამის თქმა მოგინდება, ხმადაბლა უნდა მითხრა. არ დაგავიწყდეთ იმაზე შეთანხმებაც, თუ რა მოჰყვება ბავშვის მხრიდან წესების დარღვევას, მაგალითად, თუ ბავშვი იქით-აქეთ დარბის სუპერმარკეტში, უთხარით, რომ თითოეულ ასეთ გაქცევაზე მას ერთი წუთით საყიდლების კალათში ჩასვამთ. „ყოველ ჯერზე როცა გაიქცევი, მე ჩაგსვამ საყიდლების კალათში, რომ გასწავლო ჩემს გვერდით როგორ უნდა გაჩერდე.“

დისციპლინა: მზად იყავით იმისთვის, რომ შეიძლება მოგიწიოთ ბავშვის დისციპლინირება მსგავს სიტუაციებში. ეცადეთ ამ დროს ნაკლებად იფიქროთ გარშემომყოფთა შეფასებაზე. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კონცენტრაცია მოახდინეთ იმაზე, თუ როგორ დაეხმაროთ ბავშვს ისწავლოს საკუთარი ქცევის კონტროლი.

მაგალითად, თუ ბავშვი  ტანტრუმს აწყობს, სასურველია იმოქმედოთ ისე, როგორც ამას სხვა სიტუაციაში გააკეთებდით, რადგან დათმობაზე წასვლის  და ტანტრუმის შეწყვეტის პირობით ბავშვის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომავალშიც უნდა ელოდოთ ბავშვის მხრიდან მსგავსი ქცევის გამეორებას.  თუკი ვერ ახერხებთ ტანტრუმის იგნორირებას, სასურველია ბავშვთან ერთად დატოვოთ იქაურობა. მცირე ტაიმ-აუტის შემდეგ  შეგიძლიათ კვლავ დაბრუნდეთ უკან და მისცეთ ბავშვს ადეკვატური ქცევის გამოვლენის საშუალება.

დაგეგმეთ ხანმოკლე ვიზიტები: თუკი მიზანი ბავშვისთვის მაგალითად, რესტორანში ადეკვატურად მოქცევის სწავლებაა, შეგიძლიათ ამისთვის მზადება ჯერ სანაყინეს სტუმრობით დაიწყოთ, დაგეგმეთ და განახორციელეთ ხანმოკლე ვიზიტები. მნიშვნელოვანია შეძლოთ იქაურობის დატოვება, მანამ სანამ ბავშვი რთული ქცევის გამოვლენას დაიწყებს.  იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვს მისცეთ საშუალება წარმატებით გაართვას თავი სიტუაციას და თქვენც შეძლოთ ადეკვატური ქცევისთვის მისი შექება და ამით აღნიშნული ქცევის განმტკიცება.

დაჯილდოვება: რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება მატერიალური ჯილდოების გამოყენება სასურველი ქცევის განმტკიცებისთვის. თუ პრობლემას მაგალითად მაღაზიაში სირბილი წარმოადგენს, შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს, რომ თუკი მაღაზიის თითოეული განყოფილების ისე გაივლის, რომ თქვენს გვერდით იქნება, ბოლოს შესაბამისი რაოდენობის სტიკერებს მიიღებს, რომლებიც შეეძლება მოგვიანებითგადაცვალოს”  სასურველ პროდუქტში და ასე მოიპოვოს მაგალითად, კრეკერი ან ბატი-ბუტი. ასეთ მატერიალურ ჯილდოს მნიშვნელოვანია ყოველთვის თან ახლდეს სიტყვიერი შექებაც.

გაზარდეთ ბავშვის ჩართულობა: და ბოლოს, რაც უფრო აქტიურადაა ბავშვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჩართული თქვენი დახმარების, თქვენთან თანამშრომლობისა და საუბრის პროცესში, მით უფრო ნაკლებია მისი მხრიდან რთული ქცევის გამოვლენის ალბათობა. ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად ჩართოთ ბავშვი მისი ასაკის შესაბამის აქტივობებში-მაგალითად, სუპერმარკეტში სთხოვეთ მოგაწოდოთ რაიმე თაროდან; შეიძლება გამოიყენოთ ეს დრო ბავშვთან სხვადასხვა შემეცნებით თემებზე საუბრისთვისაც, მაგალითად სად იზრდება ანანასი, რა დანიშნულება აქვს საყინულეს, რა ღირს სხვადასხვა პროდუქტი და ..

თუკი ბავშვის რთული ქცევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოირჩევა თავისი ხანგრძლივობით, ინტენსივობითა და სიხშირით და მშობელი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს მას, სასურველია კონსულტირება სპეციალისტთან, რათა მოხდეს ჩარევის ეფექტური გეგმის შემუშავება და განხორციელება.



ავტორი
თამთა საამიშვილი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu