როცა ბავშვი უარს ამბობს მშობელთან ურთიერთობაზე - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

როცა ბავშვი უარს ამბობს მშობელთან ურთიერთობაზე

ბიბლიოთეკა

მშობლების განქორწინების შემდეგ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მშობლებთან კონტაქტის საკითხის განსაზღვრა ხდება  მშობლების ურთიერთ-შეთანხმებით, ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით  თავად ბავშვის სურვილის გათვალისწინებით. მოქმედი კანონმდებლობა არცერთ მშობელს არ ანიჭებს უპირატესობას ბავშვთან ურთიერთობის საკითხის განსაზღვრისას. ყველა ბავშვს აქვს უფლება შეინარჩუნოს კონტაქტი ორივე მშობელთან, თუ კონტაქტის შეწყვეტა არ არის აუცილებელი და გარდაუვალი ბავშვის  კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის.

ბავშვებთან დაკავშირებული ოჯახური დავის ბევრ შემთხვევაში, ერთი მშობლის მხრიდან იმის მტკიცება, რომ თვითონ ბავშვს არ აქვს  მეორე მშობელთან კონტაქტის  სურვილი, საკმაოდ გავრცელებული იურიდიული სტრატეგიაა. შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც ბავშვი მართლაც ეწინააღმდეგება რომელიმე მშობელთან ურთიერთობას, თუმცა არც თუ იშვიათად მშობლის მხრიდან აღნიშნული მიზეზით აპელირება  გადაჭარბებულია.  მაშინაც კი, როდესაც ბავშვი უარს ამბობს მეორე მშობელთან ურთიერთობაზე,  აუცილებელია მოხდეს  ამის მიზეზების იდენტიფიცირება და გათვალისწინება.

მოწინააღმდეგე მხარეების მხრიდან ხშირად ადგილი აქვს ურთიერთბრალდებებს: ერთი მხარე შეიძლება ამტკიცებდეს, რომ ბავშვი მეორე მშობელთან კონტაქტზე უარს ამბობს მასთან დაკავშირებული ნეგატიური გამოცდილების გამო (მაგალითად: ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ბავშვზე ცუდად მოპყრობას, ან ოჯახურ ძალადობას მეორე მშობლის მხრიდან), მეორე მხარე  კი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ ბავშვს მოწინააღმდეგე მხარე განაწყობს მის წინააღმდეგ და/ან ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბავშვზე, რის გამოც ბავშვი უარს ამბობს კონტაქტზე.

სასამართლო ფსიქოლოგიის სფეროში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვი შესაძლოა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდეს ერთ-ერთ მშობელთან ურთიერთობას და უკიდურესად ნეგატიურად ახასიათებდეს მას,  მასთან დაკავშირებული რეალური ცუდი გამოცდილების გარეშეც. ასეთი შემთხვევები ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში მშობლისადმი გაუცხოების ფენომენის ტერმინით არის ცნობილი  (უფრო ზუსტად, ტერმინი ,,გაუცხოებული ბავშვი“ გულისხმობს ბავშვს, რომელიც ჭარბად და გულმოდგინედ გამოხატავს  ნეგატიურ გრძნობებსა და დამოკიდებულებას  მშობლის მიმართ, რაც პროპორციულად მნიშვნელოვნად არ შეესაბამება ბავშვის ამ მშობელთან აქტუალურ გამოცდილებას). კვლევები ასევე აჩვენებს იმასაც, რომ  მოწინააღმდეგე მხარის  ფსიქოლოგიური ზეწოლა  არის არა ერთადერთი და საკმარისი მიზეზი  ბავშვის მშობლისგან გაუცხოებისთვის, არამედ ეს არის ერთ-ერთი  ფაქტორი მრავალრიცხოვან და ურთიერთდაკავშირებულ ფაქტორებს შორის, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვზე და შესაბამისად, ზრდის  აღნიშნული ფენომენის ჩამოყალიბების რისკს. ეს ფაქტორები შეიძლება უკავშირდებოდეს ორივე მშობელს, ოჯახის წევრებს, საქმეში ჩართულ პროფესიონალებს, თავად ბავშვს და სხვა. ქვემოთ განხილულია ე.წ. „გამაუცხოებელი“ ფაქტორები:

  • ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიური შეფასება.  მშობლის ნეგატიური პორტრეტი  ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს მოწინააღმდეგე მშობლის მიზანმიმართული, ან არა მიზანმიმართული ქმედებებით. მაგალითად, ბავშვს პირდაპირ შეიძლება  მიეწოდოს შეფასებითი ფრაზები: ,,მამაშენი ცუდი კაცია“, ,,დედაშენი წესიერად არ გივლიდა“, ,,შენი დაბადება არ უნდოდა“, ,,როცა ავად იყავი, ის საქეიფოდ წავიდა“, ,,ის სასტიკად გცემს“. მაშინაც კი, როდესაც მსგავს ფრაზებს უშუალოდ ბავშვს არ ეუბნებიან, ხშირად ბავშვის თანდასწრებით განიხილება მეორე მშობლის უარყოფითი მხარეები და ქმედებები. ან შეიძლება მშობელმა ისეთი კითხვები დაუსვას ბავშვს და ისეთი კომენტარები გააკეთოს, რაც ბავშვის თვალში დაადასტურებს რომ მეორე მშობელი არ არის ,,კარგი“. ამის მაგალითია ისეთი ფრაზები, როგორიცაა: ,,ალბათ მშიერი დაგტოვა“, ,,კიდევ მთვრალი მოვიდა?“ მშობლის  ასეთი ე.წ. ,,დამაშორებელი ქმედებები“ უფრო ხშირად  მაშინ გვხვდება, როდესაც ყოფილი მეუღლის ქცევები ან თვითონ განქორწინების ფაქტი აღქმულია როგორც ძალიან დამამცირებელი და ღირსების შემლახავი. შესაბამისად,  ,,დამაშორებელი ქმედებები“ შესაძლოა განპირობებული იყოს პირადი განაწყენებით, შურისძიების სურვილით, რწმენით, რომ მის შვილს არ სჭირდება მეორე მშობელი,  რომ მეორე მშობელი სახიფათო და ცუდია და სათანადოდ არც თავისი შვილი უყვარს. მაშინაც კი, როდესაც ასეთ ნეგატიურ განწყობებს ობიექტური საფუძველი გააჩნია, მშობლის მხრიდან მეორე მშობლის სრული უარყოფის წახალისება არ არის სწორი სტრატეგია. მშობელი უნდა შეეცადოს მოიძიოს სხვა გზები და რაციონალური საშუალებები ბავშვის დაცვისა და კეთილდღეობისათვის.

  • ფსიქოლოგიური ზეწოლა ბავშვზე. აქ გაერთიანდება შემთხვევები, როდესაც ერთი მშობელი  ბავშვს აცოდებს თავს, იყენებს მუქარას, დაშინებას, შთაგონებას, აძლევს მეორე მშობლის საწინააღმდეგო დავალებებს და სხვა.

  • უარყოფილი მშობლის პასიურობა.   ზოგჯერ უარყოფილი მშობელი არ იჩენს საკმარის ძალისხმევას შვილთან კონტაქტის შესანარჩუნებლად ან აღსადგენად. ეს შეიძლება განპირობებული იყოს რწმენით, რომ მის მცდელობებს აზრი არ აქვს. ასევე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბავშვის კონტრ-უარყოფას: სწყინს რა შვილის საქციელი, თავს განიცდის შეურაცხყოფილად, გრძნობს ბრაზს და თვითონაც შვილის უარყოფას ახდენს (,,მე მაინც არაფერში ვჭირდები, რისთვის დავურეკო“).  მისი ასეთი ქმედება კიდევ უფრო განამტკიცებს ბავშვის მშობლისადმი გაუცხოებას.

  • უარყოფილი მშობლის ემპათიის ნაკლებობა ბავშვის მიმართ. შესაძლოა მშობელს უჭირდეს ბავშვის რეალური განცდების და საჭიროებების დანახვა. შესაბამისად, ისინი ვერ იღებენ ბავშვის სამართლიან საყვედურსაც კი და შვილის ნებისმიერ ასეთ ქმედებას მიაწერენ მოწინააღმდეგე  მშობლის  გავლენას.

  • უარყოფილი მშობლის პიროვნული მახასიათებლები და აღზრდის სტილი. მშობლის გარკვეული პიროვნული მახასიათებლები, ქცევები და აღზრდის პროცესში გამოყენებული არასწორი მიდგომები ზრდიან გაუცხოების რისკს. ეს შეიძლება იყოს: მკაცრი აღზრდის სტილი, კრიტიკულობა, ეგოცენტრულობა, საკუთარი ინტერესების ბავშვის ინტერესებზე მაღლა დაყენება და სხვა ისეთი მახასიათებლები, რომელთა გამოც ბავშვი მშობლის გარემოცვაში კომფორტულად ვერ გრძნობს თავს.

  • ბავშვის ასაკი. მშობლისგან გაუცხოებული ბავშვების ყველაზე გავრცელებული ასაკობრივი დიაპაზონია 9-15 წელი. თუმცა, 7-8 წლის ასაკამდეც, ბავშვები რისკის წინაშე დგანან, თუ არის გავლენა უფროსი დედმამიშვილების ან სხვების მხრიდან.

  • ბავშვის კოგნიტური სიმწიფე და თავისებურებები. ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ მომწიფებული კოგნიტური უნარები, აღენიშნებათ რეალობის აღქმის სირთულე, ,,შავ-თეთრი აზროვნება“, პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის სირთულე, მეტად დგანან გაუცხოების რისკის წინაშე.

  • ბავშვის დამოკიდებულება და ემოციური კავშირები თითოეულ მშობელთან. თანაცხოვრების პერიოდში, რიგი ფაქტორების (იდენტობა, გამოცდილება და ა.შ) გამო, ბავშვს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს განსხვავებული ფიზიკური და ემოციური დამოკიდებულება მშობლების მიმართ, რაც გავლენას იქონიებს შემდგომ ურთიერთობებზე.

  • გარშემომყოფების გავლენა ბავშვზე. მშობლების გარდა, ბავშვზე პიდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა შეიძლება მოახდინონ ოჯახის სხვა წევრებმა (დედ-მამიშვილებმა, ბებია-ბაბუამ), ნათესავებმა,  ადვოკატებმა და სხვა.

ბავშვთან დაკავშირებული ოჯახური დავების შემთხვევაში, ზემოთ განხილული ფაქტორების გათვალისწინება მნიშვნელოვანია ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და მშობლებთან  კონტაქტის შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამისათვის მნიშვნელოვანია მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს  ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნას, .

ავტორი 
თამარ მუმლაძე
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu