ფსიქოლოგის როლი ბავშვთან დაკავშირებულ საოჯახო დავებში სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ფსიქოლოგის როლი ბავშვთან დაკავშირებულ საოჯახო დავებში სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას

ბიბლიოთეკა

როდესაც  ოჯახის მთლიანობა ირღვევა- მშობლების განქორწინების, ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების, მშობლის უფლების შეზღუდვას/ჩამორთმევას ან რაიმე სხვა  გარემოებების გამო , როგორც წესი დგება ბავშვის ძირითადი საცხოვრებელი ადგილის, მასზე მზრუნველობისა  და მასთან ურთიერთობების განსაზღვრის საკითხი.  

იმ შემთხვევაში თუ ბავშვთან დაკავშირებული პირები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან ბავშვზე ზრუნვის,  განთავსების ადგილისა და კონტაქტის საკითხებზე, საქმეში ერთვება სასამართლო და სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მიერ შეფასებასა და  ბავშვისათვის წარმომადგენლის დანიშვნას სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლო საქმეს განიხილავს  მოპასუხე-მოსარჩელე მხარეებთან და ბავშვის წარმომადგენელთან ერთად და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით.

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მოსამართლეს უჭირს გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მხარეების ჩვენებებზე დაყრდნობით, სწორედ ამიტომ, ბევრ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს ბავშვებთან დაკავშირებულ საოჯახო საქმეების სამართალწარმოებაში ფსიქოლოგის ჩართვა.  ფსიქოლოგიური შეფასება კვალიფიციური და მიუკერძოებელი სპეციალისტის მიერ და/ან ფსიქოლოგის მონაწილეობა სასამართლო პროცესებში  ე.წ. სტატუსით, ხშირად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რამდენადაც უზრუნველყოფს სასამართლოსთვის დამატებითი მტკიცებულებების მიწოდებას.  

ფსიქოლოგიური შეფასებისთვის და/ან მოწმე ექსპერტის სტატუსით სასამართლო პროცესებში მონაწილეობისთვის სპეციალისტს შესაძლოა მიმართოს:

  • მოსამართლემ

  • ბავშვზე ზრუნვისა და მეურვეობის ორგანომ

  • მშობლებმა/მხარეებმა/ და მათმა წარმომადგენლებმა.  


როგორც წესი, მომართვის მიზნის განსაზღვრა მოცემული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით წინასწარ ხდება იმ მხარის/ორგანოს მიერ, რომლისგანაც მოდის   მომართვა, თუმცა ფსიქოლოგთან კონსულტაციის შედეგად საჭიროების შემთხვევაში მომართვის მიზანი და შესაბამისად, ფსიქოლოგის მოვალეობები შეიძლება გარკვეულწილად მოდიფიცირდეს.   


ხშირ შემთხვევაში მომართვა ეხება შემდეგი ასპექტების შეფასებას:

  • ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა

  • ბავშვის განვითარების დონე/არსებული უნარები

  • მშობლების/ოჯახის წევრის უნარები ბავშვის     აღზრდასთან მიმართებაში

  • ბავშვის საჭიროებები და მათი დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი რესურსები  თითოეულ გარემოში

  • ურთიერთობები/დამოკიდებულებები ბავშვს, მშობელს, ოჯახის წევრებსა და დედ-მამიშვილებს შორის

  • ბავშვის მხრიდან ერთი მშობლისადმი მიკერძოებისა და მეორისადმი გაუცხოების განმსაზღვრელი ფაქტორები

  • ფიზიკური და სოციალური გარემოს შესაძლო გავლენა ბავშვზე

  • პოტენციური საფრთხეები/რისკები ბავშვთან მიმართებაში

  • ბავშვის სურვილები და ინტერესები.


შეფასების მეთოდოლოგია განისაზღვრება სპეციალისტის მიერ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე და როგორც წესი მოიცავს: ინტერვიუს, დაკვირვებასა და ფსიქო-მეტრული ტესტების გამოყენებას. მონაცემების შეგროვების შემდეგ ხდება სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის ინტეგრირება,  ანალიზი,   და ინტერპრეტაცია პროფესიულ ლიტერატურასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით რაც საბოლოოდ წარმოდგენელია წერილობით ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის სახით.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში არ შეუძლია მოსამართლეს მიაწოდოს პირდაპირი რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ფსიქოლოგიური შეფასების   დასკვნაში ასახულია მეცნიერულად დასაბუთებული ახალი გარემოებები/მტკიცებულებები, რაც თავის მხრივ დაეხმარება მოსამართლეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში.


ავტორი
თამარ მუმლაძე

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu