ბავშვთა ცერებრული დამბლა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ბავშვთა ცერებრული დამბლა

ბიბლიოთეკა

ტერმინი „ცერებრული დამბლა“ აღნიშნავს  თავის ტვინის დაზიანებით ან ანომალურობით გამოწვეულ  მოტორულ, ანუ მოძრაობის დარღვევას. ცერებრულ დამბლაზე საუბრობენ მაშინ როცა თავის ტვინში მოტორული უბნის  დაზიანება მოხდა მუცლადყოფნის პერიოდში,  მშობიარობისას ან დაბადებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში.

ცერებრული დაბლის ნიშნები  ვლინდება ბავშვის დაბადებიდან პირველსავე თვეებში. ასეთი ბავშვები ჩამორჩებიან განვითარებაში, არ ავლენენ დროულად თავის ჭერის, გადატრიალების, ჯდომის, დგომის, სიარულის უნარებს. მშობლები ზოგჯერ  თვითონვე ამჩნევენ, რომ მათი შვილის მოტორული უნარები არ ვითარდება ასაკის შესაბამისად.


ცერებრული დამბლის დიაგნოზის დასმა  დაბადებიდან  პირველი ორი წლის განმავლობაში ხდება. დიაგნოსტირებას ახდენს ნევროლოგი, რომელიც იკვლევს ბავშვის სამედიცინო ისტორიას და ახორციელებს ფიზიკურ გასინჯვას: აფასებს ბავშვის კუნთების ტონუსს, მოძრაობებს, პოზასა და მგრძნობელობას და რიგ შემთხვევებში მიმართავს დამატებით გამოკვლევებს (მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა, კომპიუტერული ტომოგრაფია, კრანიალური ულტრასონოგრაფია).


ცერებრული დამბლის კლასიფიკაცია შესაძლებელია რამდენიმე ნიშნით. სხეულის კიდურებში მოტორული დარღვევების გავრცელების მიხედვით განასხვავებენ  ცერებრული დამბლის შემდეგ  ტიპებს:


  • მონოპლეგია - მოტორული დარღვევები ვლინდება  ერთ კიდურში.

  • დიპლეგია - მოტორული დარღვევები ვლინდება ოთხივე კიდურში, თუმცა  მეტად გამოხატულია ქვედა, ვიდრე ზედა კიდურებში.

  • ჰემიპლეგია - მოტორული დარღვევა ვლინდება სხეულის მხოლოდ მარჯვენა ან მარცხენა კიდურებში.

  • ორმაგი ჰემიპლეგია - მოტორული დარღვევები ოთხივე კიდურში ვლინდება, თუმცა მეტადაა გამოხატული ზედა, ვიდრე ქვედა კიდურებში.

  • ტრიპლეგია - მოტორული დაღვევები გამოხატულია სამ კიდურში.

  • ქუადრიპლეგია (ტეტრაპლეგია) - მოტორული დარღვევები ოთხივე კიდურშია გამოხატული.


თავის ტვინში    დაზიანებული უბნების   მიხედვით გამოყოფენ  ცერებრული დამბლის შემდეგი ტიპებს:


  • სპასტიკური - აღინიშნება კუნთების მაღალი ტონუსი  და შესაბამისად, კუნთების დაჭიმულობა.

  • დისკინეზური -  ადგილი აქვს  უნებლიე მოძრაობებს.

  • ატონური, ატაქსიური - აღინიშნება  დაბალი  ტონუსი, მოძრაობათა კოორდინაციისა და წონასწორობის დაღვევა.

  • შერეული - ვლინდება ზემოთ ჩამოთვლილი ცერებრული დამბლის კომბინაციები. მაგ. სპასტიკასთან ერთად გვხვდება უნებლიე მოძრაობები.


ცერებრული დამბლის კლასიფიკაცია  ასევე ხდება მოტორული დარღვევების  ხარისხის  მიხედვით - მოტორული შეზღუდვა შესაძლებელია  გამოხატული იყოს  სუსტად, ზომიერად,  ან ძლიერად.


მოტორული დარღვევების გარდა, ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებთან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შემდეგი სახის პრობლემებს: გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, კვების პრობლემები, მხედველობის, სმენის, აღქმის დარღვევები,  მეტყველების პრობლემები, გონებრივი ჩამორჩენილობა, ეპილეფსია, რაც ასევე გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დარღვევების დროული იდენტიფიკაცია და შესაბამისი ჩარევის განსაზღვრა ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელი პირობაა.


ავტორი
თამარ
მიქიაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu