ბავშვთა ცერებრული დამბლა - რეაბილიტაციის ძირითადი კომპონენტები - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ბავშვთა ცერებრული დამბლა - რეაბილიტაციის ძირითადი კომპონენტები

ბიბლიოთეკა

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც ცერებრული დამბლის დიაგნოზთან დაკავშირებით სვამენ უკავშირდება იმას, თუ რამდენად განკურნებადია აღნიშნული დარღვევა.

ცერებრული დამბლის შემთხვევაში, ადგილი აქვს თავის ტვინში მოძრაობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უჯრედების დაზიანებას, რომელთა  აღდგენა შეუძლებელია. შესაბამისად, შეუძლებელია ცერებრული დამბლისგან განკურნებაც. თუმცა, თუკი ადრეულ ასაკშივე მოხდება მოტორული დარღვევების იდენტიფიცირება და სხვადასხვა სახის რეაბილიტაციური მუშაობის დაწყება, ბავშვის ტვინის მაღალი პლასტიკურობის ხარჯზე შესაძლოა დაზიანებული ფუნქციის  განხორციელებაში ჩაერთოს ტვინის სხვა ჯანსაღი უბნები და გარკვეულ დონეზე დაძლეულ იქნას განვითარებასთან დაკავშირებული სიძნელეები.

ცერებრული დამბლის  მკურნალობა და რეაბილიტაცია მიმართულია და ემსახურება ბავშვის  დამოუკიდებლობის ხელშეწყობას,  თვითმომსახურების უნარების გაზრდას, შემეცნებითი და სოციალური უნარების  განვითარებას. აღნიშნულ ამოცანებზე როგორც წესი მუშაობს არა ერთი სპეციალისტი, არამედ  მულტიდისციპლინური  გუნდი, ფიზიკური თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის, ექიმის, მეტყველების თერაპევტის, სპეციალური მასწავლებელისა  და ფსიქოლოგის შემადგენლობით. ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, მუშაობის პროცესში შესაძლოა ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც.


ქვემოთ განხილულია ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაციური პროგრამის ძირითადი კომპონენტები:


ფიზიკური თერაპია. ფიზიკური თერაპია გულისხმობს ფიზიკური  ვარჯიშებით კუნთების  ტონუსისა და მოძრაობების გაუმჯობესებას; იმ  კუნთების დასუსტებისა და განლევის თავიდან აცილებას, რომელთა გამოყენებაც არ ხდება; ჯდომის, დგომისა და  სიარულის უნარების განვითარებას. ასევე ე.წ. კონტრაქტურების, ანუ სახსრებში ჩაკეტვის პრევენციას, რომელიც ცერებრული დამბლის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და სერიოზულ გართულებას წარმოადგენს.

ოკუპაციური თერაპია. ოკუპაციური თერაპია ემსახურება ბავშვის მოტორული (ჯდომა, დგომა, სიარულიდა ა.შ) და თვითმომსახურების (ჭამა, ჩაცმა, დაბანა, ტუალეტი)   უნარების განვითარებას. იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტური ფუნქციონირება, ოკუპაციური თერაპევტი ასევე უზრუნველყოფს  გარემოს ადაპტაციას(ოთახის, ტუალეტის, ჭურჭლის მორგება კონკრეტული ბავშვის საჭიროებისათვის) და გადადგილებისთვის საჭირო დამხმარე საშუალებების (მაგ:ეტლი, ხელჯოხი და ა.შ.) შერჩევას.


მეტყველების თერაპია. მეტყველების თერაპევტის მუშაობა მიმართულია შემდეგი უნარების განვითარებაზე: ღეჭვა, ყლაპვა,  ბგერების, მარცვლების, სიტყვების წარმოთქმა;  საკუთარი აზრების გამოხატვა, სხვისი მეტყველების გაგება;  და  

წამლებით მკურნალობა. წამლებით მკურნალობის საჭიროება დგება ისეთ შემთხვევებში, ადგილი აქვს კუნთების მომატებულ ტონუსის. ასეთ დროს ,სპეციალური პრეპარატების საშუალებით ხდება  ტონუსის დაქვეითება.

ორთოპედიული ქირურგია. ცერებრული დამბლის დროს ქირურგიული ჩარევა აუცილებლებელია  მაშინ თუკი მოხდა კონტრაქტურების ჩამოყალიბება.


სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურება. სპეც. მასწავლებელი  ახდენს  ბავშვის საგანმანათებლო საჭიროებების  შეფასებას და სწავლების შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას.  


ფსიქოლოგიური მომსახურება. ფსიქოლოგის მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ფსიქოლოგი ახდენს ბავშვის გონებრივი განვითარების შეფასებას,  ფსიქიკური ფუნქციების განვითარების ხელშეწყობას და  მუშაობს ბავშვის ქცევით სირთულეებზე. ამასთან, ფსიქოლოგი, ბავშვის მშობლებსა და ოჯახის წევრებს უწევს  ფსიქოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას.  




ჯირითით თერაპია (ჰიპოთერაპია). თერაპიული ჯირითი ცხენზე აუმჯობესებს ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების   კუნთების ტონუსს, პოზის კონტროლს, წონასწორობას.

რეაბილიტაციური მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, სპეციალისტები მშობლებს უზიარებდნენ მუშაობის სტრატეგიებსა და ტექნიკებს, რათა მათ სახლის გარემოშიც განაგრძონ  ბავშვთან მუშაობა იგივე მიდგომების გამოყენებით.

ავტორი
თამარ
მიქიაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu