კითხვის უნარის დარღვევა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

კითხვის უნარის დარღვევა

ბიბლიოთეკა

სკოლაში სწავლის დაწყება ბავშვისაგან ბევრი ახალი უნარის ათვისებას მოითხოვს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის უნარია. კითხვის დაუფლების  საწყის ეტაპზე ყველა ბავშვი უშვებს შეცდომებს, რაც სავსებით ბუნებრივია. თუმცა, მოსწავლეთა ნაწილი თვეებისა და წლების განმავლობაშიც ვერ ახერხებს გამართულად კითხვას, რასაც მასწავლებლები და მშობლები ხშირად ბავშვის სიზარმაცით ხსნიან.  სინამდვილეში კი, შესაძლოა საქმე გვქონდეს კითხვის უნარის დარღვევასთან.  

კითხვის უნარის დარღვევა ცნობილია დისლექსიის სახელით (dys-მცირე;  lexis- სიტყვები. ლათ.). იგი უკავშირდება ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციას, რომლის დროსაც სახეზეა ფსიქიკური ფუნქციების არათანაბარი განვითარება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ
დისლექსია   არ არის დაბალი ინტელექტის შედეგი და არ არის გამოწვეული ბავშვის ემოციური ან ქცევითი პრობლემებით,  სენსორულ დეფიციტით (სმენისა და მხედველობის დაქვეითება) ან მოტივაციის ნაკლებობით. მიუხედავად კითხვის სირთულეებისა, ასეთი ბავშვები საკმაოდ ჭკვიანები, კრეატულები და შემოქმედებითი ბუნების არიან. მათ უბრალოდ სწავლების განსხვავებული მიდგომა და სტრატეგიები სჭირდებათ.




დისლექსიის მქონე ბავშვი:
1. კითხვისას:

  • სიტყვაში ტოვებს, გადააადგილებს ან ამატებს ასოებსა და მარცვლებს

  • წინადადებაში ცვლის, იმეორებს ან ამატებს სიტყვებს

  • ხშირად ტოვებს და ერევა სტრიქონები

2. კითხულობს ნელი ტემპით
3. უჭირს წაკითხული ტექსტის შინაარსის  გაგება
4. ვერ ახერხებს
:

  • განსაზღვროს არის თუ არა კონკრეტული ასო მოცემულ სიტყვაში

  • სიტყვების დამარცვლას

  • ბგერების სიტყვებად გაერთიანებას


აღსანიშნავია, რომ დისლექსიის მქონე ბავშვებს სკოლამდელ ასაკშივე აღენიშნებათ გარკვეული სირთულეები, რასაც შესაძლოა სასიგნალო მნიშვნელობა გააჩნდეს უფროსებისთვის, მაგალითად:

  • გვიან იწყებენ ლაპარაკს

  • მათი მეტყველება გაუგებარია მოზრდილებისათვის

  • უჭირთ ლექსების დამახსოვრება

  • სივრცითი მიმართებების გაგება (ზემოთ, ქვემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ)

  • აქვთ ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარების სირთულეები (სიარული, სირბილი, ხტომა, კოორდინაციის დაცვა, ცალ ფეხზე დგომა, მაკრატლით ჭრა, გაფერადების დროს საზღვრების დაცვა, თასმების შეკვრა და ა.შ.) და სხვა.


აკადემიურ სფეროში არსებული სირთულეები ბავშვში მუდმივი წარუმატებლობის განცდას აჩენს, ამას ემატება გარშემომყოფთა მხრიდან უარყოფითი შეფასებები, რაც ხშირად იწვევს სწავლისადმი მოტივაციის დაკარგვასა და სხვადასხვა ქცევითი და ემოციურ სირთულეების წარმოქმნას. სწორედ ამიტომ, დისლექსიის მქონე ბავშვებს მშობლების, მასწავლებლებისა და სპეციალისტების  დროული ჩარევა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ავტორი
თათია გურგენიძე


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია





 
Back to content | Back to main menu