განქორწინება - რას განიცდიან ბავშვები - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

განქორწინება - რას განიცდიან ბავშვები

ბიბლიოთეკა

დღევანდელ საზოგადოებაში განქორწინება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. განქორწინება შეიძლება  მტკივნეული იყოს როგორც თავად მშობლებისათვის, ისე მათი შვილებისათვის.  
ის, თუ რა რეაქციით შეხვდება ბავშვი მშობლების განქორწინებას, დამოკიდებულია მის ასაკზე, განვითარების დონეზე, პიროვნულ მახასიათებლებზე და განქორწინების პროცესის კონკრეტულ გარემოებებზე.

ბუნებრივია, რომ ბავშვებს მშობლების განქორწინებასთან დაკავშირებით უჩნდებათ სხვადასხვა ემოციები, განცდები. განქორწინებამდეც და  განქორწინების შემდეგაც მნიშვნელოვანია მშობლები დასხდნენ ბავშვებთან ერთად და წააქეზონ ისაუბრონ იმაზე თუ რას ფიქრობენ და განიცდიან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.  უმჯობესია, მათ ღიად ისაუბრონ საკუთარ გრძნობებზე, პოზიტიურზეც და ნეგატიურზეც.




ქვემოთ წარმოდგენილია ის განცდები, რასაც ყველაზე ხშირად აქვს ადგილი ბავშვებში:
- შოკი, როგორც პირველადი რეაქცია
- ოჯახის/მშობლის დანაკარგის განცდა, მონატრება
- დარდი, გლოვა დანაკარგზე
- ბრაზი
- შიში, შფოთვა მომავალთან დაკავშირებით
- საკუთარი თავის დადანაშაულება
- ერთ-ერთი ან ორივე მშობლის დადანაშაულება

პატარა ბავშვებს უფროსი ასაკის ბავშვებისგან განსხვავებით, ნაკლებად შეუძლიათ საკუთარი განცდების სიტყვებით გადმოცემა, თუმცა ეს განცდები შეიძლება გამოვლინდეს ქცევაში, თამაშში, ემოციურ გამოვლინებებში. სკოლის ასაკის ბავშვებში შეიძლება დაეცეს აკადემიური მოსწრება, ან ბავშვმა დაკარგოს ინტერესი სხვადასხვა აქტივობებისადმი.
შესაძლოა ზოგ შემთხვევაში  ზემოთ აღწერილი განცდები არც ჩანდეს აშკარად. ზოგი ბავშვი ცდილობს ასიამოვნოს მშობელს, ან არ ანერვიულოს ის და  ამიტომ მალავს თავის რეალურ განცდებს, თავს აჩვენებს თითქოს ყველაფერი რიგზეა, უარყოფს თავის ნეგატიურ განცდებს. თუმცა ამ შემთხვევებშიც სტრესმა შესაძლოა სხვა გზებით იჩინოს თავი, მაგალითად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ცვლილებებს ურთიერთობებში, მადის და ძილის დარღვევებს და სხვა.

ზოგჯერ ბავშვებს მაინც აქვთ იმედი, რომ მშობლები ისევ შერიგდებიან, მაშინაც კი, როცა ეს სავსებით შეუძლებელია.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი ბავშვი ყველა შემთხვევაში ნეგატიური განცდებით შეხვდეს მშობლების განქორწინებას. ამ ფაქტისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება სხვადასხვა პიროვნული და სიტუაციური ფაქტორებით.

უმნიშვნელოვანესია მშობლების, ახლობლებისა და მეგობრების  მხარდაჭერა იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს გამკლავება მშობლების განქორწინებით გამოწვეულ უარყოფით განცდებთან. როდესაც ბავშვის ფსიქოლოგიური/ემოციური მდგომარეობა მწვავეა, უნდა მოხდეს სპეციალისტის დროული ჩარევა.


ავტორი
თამარ მუმლაძე


„საქართველოს ბავშვების“ სპეციალისტების მიერ შემუშავებულია
საინფორმაციო ბროშურა „განქორწინება და ბავშვები“,
სადაც მოცემულია რეკომენდაციები მშობლებისათვის.








აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu