დაუნის სინდრომი - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

დაუნის სინდრომი

ბიბლიოთეკა

დაუნის სინდრომი ქრომოსომული დაავადებაა, რომლის მიზეზსაც მშობლების სასქესო უჯრედების გაყოფის პროცესში წარმოშობილი დარღვევა წარმოადგენს, რის შედეგადაც ნაყოფის უჯრედებში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომა ხვდება.  სწორედ ეს ზედმეტი ქრომოსომა განაპირობებს დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ ფიზიკურ ნიშნებს (სახის ბრტყელი პროფილი, მოკლე კისერი, პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა და სხვა), ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას და ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო საჭიროებებს (გულის თანდაყოლილი მანკი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მხედველობისა და სმენის დარღვევები და სხვა).

საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე პირთა პოტენციალის რეალიზებასა და ნორმალურ ფუნქციონირებას. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სპეციალისტების ადრეული ჩარევა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ წარიმართება ამ სინდრომის მქონე ბავშვისა თუ მოზრდილის ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაცია გაგვაჩნდეს აღნიშნულ დიაგნოზთან დაკავშირებით.  ქვემოთ წარმოდგენილია საზოგადოებაში გავრცელებული მითები და მათი შესაბამისი რეალური  ფაქტები:  


მითი: დაუნის სინდრომი იშვიათი დაავადებაა
სინამდვილე: დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადებაა და ყოველწლიურად საშუალოდ ყოველ 1000 ბავშვში 1 სწორედ აღნიშნული სინდრომით იბადება.


მითი:  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირეა.
სინამდვილე: ბოლო წლებში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაუთანაბრდა მათი სხვა თანატოლების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას, რასაც ხელი შეუწყო მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობის ზრდამ.


მითი: დაუნის სინდრომი გენეტიკურია და მემკვიდრეობით გადადის  
სინამდვილე: დაუნის სინდრომი გენეტიკურადაა განპირობებული შემთხვევათა მხოლოდ 1 პროცენტში. დანარჩენი 99 პროცენტის შემთხვევაში კი იგი არ ატარებს გენეტიკურ ხასიათს.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობას ასაკოვანი მშობლები ჰყავთ.
სინამდვილე: მშობლების ასაკის ზრდასთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაჩენის ალბათობა და რისკი იზრდება, თუმცა ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების უმეტესობას 35 წლამდე ასაკის მშობლები ჰყავთ. ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ აღნიშნულ ასაკამდე ბავშვის გაჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალია.   


მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მნიშვნელოვანი ინტელექტუალური შეფერხება აქვთ.
სინამდვილე: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უმეტესობას აქვს მსუბუქიდან საშუალო ხარისხის ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, რაც განაპირობებს აბსტრაქტული აზროვნებისა და განზოგადების სიძნელეებს, სწავლის ნელ ტემპს, თუმცა  არ გამორიცხავს განვითარების, ახალი უნარების დასწავლის,  დამოუკიდებელი ცხოვრებისა და  ფუნქციონირების  შესაძლებლობებს.  

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურ სკოლაში  უნდა სწავლობდნენ
სინამდვილე: საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამის არსებობის შემთხვევაში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჩართვა შესაძლებელია ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. აღნიშნული რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანომდებლობითა და ეროვნული სასწავლო გეგმით.  


მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დასაქმება შეუძლებელია
სინამდვილე: მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დაუნის სინდრომის მქონე პირების  დიდი ნაწილი დასაქმებულია სხვადასხვა სექტორში (მაგალითად რესტორნები, სასტუმროები, კლინიკები, გართობის ინდუსტრია  და ა.შ.)


მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ყოველთვის ინარჩუნებენ კარგ გუნება-განწყობილებას.
სინამდვილე: დაუნის სინდომის მქონე ადამიანები, თითოეული ჩვენგანის მსგავსად ემოციების მთელ სპექტრს განიცდიან და მათ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებსა თუ ადამიანებზეც როგორც დადებითი ისე უარყოფითი ემოციებით რეაგირებენ. მაგალითად,  დადებითად რეაგირებენ მათდამი მეგობრულ დამოკიდებულებაზე და აღიქვამენ და  სწყინთ მათ მიმართ გამოვლენილი უხეში ან უპატივცემულო მოპყრობა.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე პირებს არ გააჩნიათ ახლო ურთიერთობის დამყარების უნარი.  
სინამდვილე: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ მეგობრობის, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სოციალიზაციის სხვა უნარები. მათი ნაწილი ქმნის ოჯახს ან აგრძელებს პარტნიორულ თანაცხოვრებას მოზრდილ ასაკში.  

და ბოლოს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც   მაღალია საზოგადოების ცნობიერების დონე და არსებობს დაუნის სინდრომის მქონე პირების განვითარებისთვის ხელშემწყობი შესაბამისი პირობები, აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვები და მოზრდილები საგანმანათლებლო, სოციალური თუ რეკრეაციული აქტივობების აქტიური მონაწილეები არიან, ჩართულები არიან სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების სფეროში. ისინი საკუთარი ოჯახებისა და თემის ღირებულ წევრებს წარმოადგენენ  და თავიანთი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.


ავტორი
თამთა საამიშვილი


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

p.s. "საქართველოს ბავშვები" წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვე-პროგრამის - "ბავშვთა ადრეული განვითარება" მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას . აღნიშნული ქვე-პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფეროში არსებული სირთულეების იდენტიფიკაციასა და მათ დაძლევაზე მიმართულ მუშაობას. ამ უკანასკნელს ახორციელებს მულტიდისციპლინური გუნდი ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის, მეტყველების თერაპევტისა და სპეციალური მასწავლებლის შემადგენლობით.  აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმაც.   



 
Back to content | Back to main menu