ოჯახის განვითარების ეტაპები - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ოჯახის განვითარების ეტაპები

ბიბლიოთეკა

რა არის ოჯახი? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ერთმანეთთან ნათესაური კავშირით ან ქორწინებით დაკავშირებულნი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ერთად. ოჯახი, პირველ რიგში სოციალური სისტემაა, რომელიც მუდმივ ურთიერთქმედებაშია გარემოსთან. იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, სადაც უწყვეტად მიმდინარეობს სხვადასხვა პროცესები, ცვლილებები და მოვლენები. ოჯახის  ფუნქციონირება ერთდროულად ორ ძირითად კანონს- ჰომეოსტაზისა და განვითარების კანონებს ექვემდებარება. პირველი მათგანი სტაბილურობის შენარჩუნებას გულისხმობს, მეორე კი მნიშვნელოვანი მოვლენების თანმიმდევრულ მონაცვლეობას უკავშირდება. მოვლენათა მონაცვლეობა ქმნის ოჯახის ცხოვრებისეულ ციკლს, რაც შესაძლოა დაიყოს ეტაპებად. ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა, ჩვეულებრივ, რამდენიმე თვიდან ერთ-ორ წლამდე გრძელდება და ხასიათდება გარკვეული თანმდევი სირთულეებით.


ქვემოთ განხილულია ოჯახის განვითარების ძირითადი ეტაპები:

გაცნობისა და მოწონება

მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე საპირისპირო სქესთან ურთიერთობის გამოცდილების შეძენა, პარტნიორის არჩევა და მასთან ემოციური კონტაქტის და  ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. ეს შეყვარებულობის, შეხვედრების, მოლოდინების პერიოდია.  შეყვარებულებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა იყვნენ ერთმანეთის გარეშე და ითვლიან წუთებს შეხვედრამდე. ამ ეტაპზე წყვილს, როგორც წესი, არ აქვს ისეთი მოვალეობები, პასუხისმგებლობები და მოთხოვნები  ერთმანეთის მიმართ, როგორც დაქორწინების შემდეგ  და სწორედ ამის ხარჯზე, ეს პერიოდი შედარებით ლაღი და რომნტიულია.

ახალგაზრდა ოჯახი

ახალგაზრდად ითვლება ოჯახი თანაცხოვრების დაწყებიდან პირველი შვილის გაჩენამდე. ამ ეტაპზე წყვილისთვის წამყვანი საკითხი ახალი სოციალური როლის მორგება და მასთან დაკავშირებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაა.
ამ პერიოდში ასევე მიმდინარეობს მშობლების ოჯახისგან გამიჯვნა (თუ ეს მანამდე არ მომხდარა), მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის ახალი საზღვრების ჩამოყალიბება, პირადი და ოჯახური მოთხოვნილებების გამიჯვნა.
ახალგაზრდა ოჯახს უწევს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება, რაც შესაძლოა ეხებოდეს ყველა ცხოვრებისეულ სფეროს- სიახლოვისა და პირადი საზღვრების დაცვას, ყოფით საკითხებზე პასუხისმგებლობის აღებას, სექსუალური ურთიერთობებისა და  ბავშვის გაჩენის საკითხებს და ა.შ. ამ ეტაპის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანაცხოვრების პროცესში წყვილს უწევს ერთმანეთის საფუძვლიანი შესწავლა.

ახალგაზრდა ოჯახი პატარა შვილით

აღნიშნული ეტაპი იწყება პირველი შვილის გაჩენის შემდგომ, როდესაც წყვილი კვლავ ახალი ამოცანის გადაჭრის წინაშე დგება. მეუღლეებს უწევთ ახალი როლების მორგება - დედისა და მამის; მშობლის პოზიციის ჩამოყალიბება კრიზისული პროცესია და ორივე მშობლისთვის გარკვეულ გარდატეხას გულისხმობს. ეს გარდატეხა მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორც ოჯახში ბავშვის განვითარების პრცესის მიმდინარეობას, ასევე მშობლების პიროვნებისა, მშობლებისა და ბავშის ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოჯახის სრული რეორგანიზაცია. მეუღლის როლს ბავშვის დაბადების შემდეგ ემატება მშობლის როლი და იკვეთება ამ როლებს შორის კონფლიქტების მოგვარების საჭიროება. შვილის გაჩენა გარკვეულ გავლენას ახდენს მეუღლეებს შორის დისტანციაზე - ზრდის ან ამცირებს მას.
ამ ეტაპზე საკმაოდ გავრცელებულია დედის თვითრეალიზაციის საკითხის წინა პლანზე წამოწევა. როგორც წესი, დედას უწევს სახლში დარჩენა და ბავშვზე ზრუნვა მაშინ, როდესაც მამა ინარჩუნებს  კავშირს გარესამყაროსთან, ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის საკითხიც მასზე გადადის, რაც თითქოსდა „ათავისუფლებს“ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობისგან. ამის ნიადაგზე მეუღლეებს შორის შესაძლოა განვითარდეს კონფლიქტური სიტუაციები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მათ კავშირს. ხდება ისე, რომ ცოლს ეზრდება მოთხოვნები ბავშვზე ზრუნვაში დახმარებასთან მიმართებაში, ხოლო ქმარს უჩნდება გრძნობა, რომ ცოლი და შვილი მის სამსახურსა და კარიერას საფრთხეს უქმნიან.

პირველი შვილის სოციალურ სისტემაში გაშვება

ოჯახისთვის სრულიად ახალი პროცესია, როდესაც უწევს შვილის პირველად გაშვება  სხვა სოციალურ გარემოში, როგორიცაა საბავშვო ბაღი. ეს არის ოჯახის განვითრების მორიგი ციკლი და მნიშვნელოვანი ეტაპი იმ თვალსაზრისით, რომ ოჯახს დღის განმავლობაში გარკვეული დროით უწევს შვილთან განშორება და ოჯახმა, როგორც სისტემამ, უნდა ისწავლოს სხვა სოციალურ სისტემასთან, ამ შემთხვევაში, საბავშვო ბაღთან, თანამშრომლობა. ოჯახში იწყება პასუხისმგებლობების გადანაწილების მორიგი ეტაპი, რაც დაკავშირებულია ბავშვის ბაღში თუ სხვა ადგილებში ტარებასთან. ამ ეტაპზე ხშირად ხდება ისე, რომ დედა იწყებს მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაწილობრივ ოჯახური საქმეებისა და მოვალეობების საკუთარ თავზე აღება სხვა ადამიანს უწევს, ეს კი, როგორც წესი, უთანხმოების მიზეზი ხდება.

ოჯახი სასკოლო ასაკის შვილით

ამ ეტაპზე ოჯახს უწევს კიდევ ერთ ახალ სისტემასთან - სკოლასთან ურთიერთობის აწყობა. საბავშვო ბაღთან შედარებით, სკოლას მეტი მოთხოვნები აქვს.
ოჯახში ურთიერთობების გართულების კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა გახდეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა შვილის დახმარება, ხელშეწყობა მეცადინეობის პროცესში, მისი წაყვანა სკოლაში ან ოჯახში დახვედრა. ამ დროს, როგორც წესი, ოჯახში ხშირია ემოციური დაძაბულობა, რადგან მშობლებს საკუთარ თავზე უწევთ ახალ პასუხისმგებლობათა აღება. მეუღლეებს შორის დამატებითი მოვალეობების თანაბრად გადანაწილება, როგორც წესი, ვერ ხერხდება, რაც იწვევს ე.წ. კოალიციების შექმნას შვილსა და ერთ-ერთ მშობელს შორის. მაგალითად, მამა ადანაშაულებს დედას ლოიალობაში შვილის მიმართ, ხოლო დედა მამას უხეშობაში სდებს ბრალს. ამის ნიადაგზე მშობლებს შორის ხშირია უთანხმოება და კონფლიქტები, რაც ბავშვს ხელს უწყობს მანიპულაციური ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მანამ მშობლები ერთმანეთს ადანაშაულებენ, შვილზე გავლენას ვერავინ ახდენს.

ოჯახი მოზარდი შვილით

ეს ეტაპი იწყება მაშინ, როდესაც უფროსი შვილი მოზარდობის ასაკში შედის. ოჯახს ამ ეტაპზეც უწევს მიღებული წესების შეცვლა, რაც დაკავშირებულია მოზარდის მოთხოვნილებასთან, ეწეოდეს ავტონომიურ ცხოვრებას და გააფართოვოს ურთიერთობის საზღვრები სოციუმთან. ამ ეტაპზე პრობლემების მოგვარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჰქონდა  ოჯახს აქამდე გამართული შიდა კომუნიკაცია.
ამ ეტაპის ძირითადი ფსიქოლოგიური მახასიათებელი არის ის, რომ ხდება  სხვადასხვა თაობების კრიზისული ეტაპების თანხვედრა - ხშირ შემთხვევაში მშობლებს აქვთ ე.წ. „შუალედური ასაკის კრიზისი“, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფასეულობებისა და საკუთარი მიღწევების გადაფასება, ხოლო შვილს კი „მოზარდობის ასაკის კრიზისი“, როდესაც მიმდინარეობს ცვლილებები როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ დონეზე. კრიზისული ეტაპების თანხვედრა უფრო მგრძნობიარეს ხდის ოჯახს, სახეზეა მაღალი შფოთვის დონე და დაუცველობის განცდა.

მშობლების ოჯახიდან მოზრდილი შვილის გასვლა

განვითარების ამ ეტაპზე, ხშირ შემთხვევაში, შვილი საკუთარ ოჯახს ქმნის და მშობლების ოჯახიდან გადის. თუ მოზრდილ შვილს ოჯახი ჯერ კიდევ უწევს ფინანსურ და ემოციურ მხარდაჭერას, სრულფასოვანი დიფერენციაცია და ავტონომიის შექმნა, ბუნებრივია, არ ხდება. პროცესი, რომლის მეშვეობითაც მოზრდილი ვაჟი ან ქალიშვილი ცდილობს მშობლების ოჯახისგან გამოსვლას, ”ემოციურ გაყრად” შეგვიძლია მოვიხსენიოთ. როგორც წესი, ყველა ადამიანს აქვს გარკვეული დონის დაუსრულებელი ემოციური კავშირი საკუთარ მშობლებთან. რაც უფრო ჰარმონიულია შვილისა და მშობლების ემოციური კონტაქტი, მით უფრო ნაკლებია სირთულეები მშობლების ოჯახიდან გასვლის დროს.
ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ოჯახის სტრუქტურის შეცვლა. მშობლებს უწევთ იმის გაცნობიერება და აღიარება, რომ ამ ეტაპისთვის უკვე შესრულებული აქვთ მშობლობის ძირითადი ფუნქციები. თუ განვლილ ეტაპებზე მეუღლეთა თანაცხოვრების წამყვანი არსი შვილები იყო, ახლა წინა პლანზე ისევ წყვილის ურთიერთობები გამოდის, თითქოს მეუღლეებს ყველაფრის თავიდან დაწყება უწევთ და თითქოს ხელახლა უნდა „ისწავლონ“ ერთმანეთთან ურთიერთობა.

ოჯახი ხანდაზმული მშობლებით

ოჯახის განვითარების ეს ეტაპი რთულდება იმ ფაქტით, რომ ხდება უფროსი თაობის ოჯახის წევრების პენსიაზე გასვლა, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ იწვევს ოჯახში მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის ხელახლა გადანაწილებას.
ოჯახური სტრუქტურის გადაწყობის კიდევ ერთი მიზეზი არის ოჯახის უფროსი წევრების ავადმყოფობის ხშირი ფაქტები. ეს ძალიან ამძიმებს ოჯახის ცხოვრებას. ამ ეტაპზე ოჯახის თითოეულ  წევრს უწევს დიდი ძალისხმევისა და მოთმინების გამოჩენა. ოჯახის მთავარი ამოცანა სიცოცხლის შენარჩუნება ხდება.
ოჯახების უმეტესობა გადის განვითარების ყველა ზემოთ განხილულ ეტაპს, თუმცა ამ მხრივაც არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები. მაგალითად, განქორწინების შემთხვევაში, ოჯახის განვითარების ციკლი წყდება. დროთა განმავლობაში ყოფილმა მეუღლეებმა შესაძლოა სხვა პარტნიორთან ახალი ოჯახი შექმნან. ასევე, არსებობს ოჯახები, სადაც შვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა და მაშინ, როდესაც უფროს შვილებს უკვე საკუთარი ოჯახი და შვილები ჰყავთ, მშობლები კვლავ შვილის მოლოდინში არიან; გამონაკლისს წარმოადგენს ასევე მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, რომლებსაც ქმნიან პარტნიორები, რომლებმაც უკვე რამდენჯერმე შექმნეს ოჯახი და ჰყავთ შვილები.
თუმცა,  როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სტრუქტურა და მახასიათებლები, გარკვეულ ეტაპზე ყველა ოჯახი დგას სპეციფიური ამოცანების წინაშე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია შემდგომი განვითარებისთვის.

წყაროები: Rogers, Carl R., 2002; Э. Дюваль, 1957; Шнейдер Л.Б. 2005; Андреева Т.В. 2004; Олифирович Н. И., Зинкевич- Куземкина Т.А., Велента Т.Ф. 2006




ავტორი
ნანა ფიფია

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu