მამების მონაწილეობის მნიშვნელობა ბავშვის აღზრდის პროცესში - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

მამების მონაწილეობის მნიშვნელობა ბავშვის აღზრდის პროცესში

ბიბლიოთეკა

თანამედროვე საზოგადოების პროგრესის კვალდაკვალ თანდათანობით იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები, იცვლება ცნობიერება, დამოკიდებულებები და შესაბამისად,  ქცევები. მართალია, დედის როლი და პასუხისმგებლობა ბავშვის მოვლისა და აღზრდის პროცესში დღესაც წამყვანია, მაგრამ სულ უფრო და უფრო იზრდება მამების აქტიური მონაწილეობაც. მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ მამები პოზიტიურ (პირდაპირ ან არაპირდაპირ) გავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე როდესაც აქტიური როლი უკავიათ ზრუნვის პროცესში.

ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში მამების მნიშვნელოვანი როლი დედისათვის სათანადო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს შექმნის უზრუნველყოფასა და ემოციურ მხარდაჭერაში მდგომარეობს, რაც აისახება ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე.

ბავშვის დაბადების შემდეგ მამებს სხვადასხვაგვარად შეუძლიათ ჩაერთონ აღზრდის ყველა ასპექტში.  ჩართულობა შეიძლება გამოიხატოს ფიზიკური მოვლით, გასეირნებით, თამაშით, საუბრით და სხვა სახის ინტერაქციით. ეს ყოველივე დადებითად აისახება ბავშვის ფიზიკური, მოტორული, სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებაზე.

რა განაპირობებს ასეთ პოზიტიურ შედეგებს? შეიძლება ითქვას, რომ აღზრდის პროცესში დედასთან ერთად მამის მონაწილეობა მრავალფეროვანს ხდის ბავშვის გამოცდილებას, დედ-მამის განსხვავებული ქცევები და აღზრდის ტექნიკები აბალანსებს ერთმანეთს და ბავშვს აჩვენებს სამყაროს სხვადასხვა კუთხით, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს განვითარებაზე.

კონკრეტულად რაში ვლინდება აღზრდის პროცესში მამების აქტიური მონაწილეობის პოზიტიური შედეგები?  კვლევები აჩვენებს, რომ:

  • ადრეულ ასაკში ბავშვის მოვლის პროცესში მამების ჩართულობას და პოზიტიური ემოციებით დატვირთულ ურთიერთობას  დიდი წვლილი შეაქვს ჩვილის უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება შემდგომში ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე;

  • დედებს და მამებს აქვთ განსხვავებული თამაშის სტილი და ბავშვები  სარგებელს იღებენ ორივესგან. მაგ: მამები  ამჯობინებენ  ენერგიულ  თამაშებს, რაც მოითხოვს ფიზიკურ დატვირთვას, ხოლო  დედები უმეტესად თამაშობენ მშვიდ თამაშებს, იყენებენ მეტ სათამაშოებს და წიგნებს. შესაბამისად, მამები უფრო მეტად  უწყობენ ხელს მსხვილი მოტორიკის განვითარებას;

  • მამები ხშირად უფრო მეტს აკეთებენ  ბავშვის დამოუკიდებლობის წასახალისებლად,  მაშინ როცა დედები უფრო ფრთხილები არიან. შესაბამისად, მამა-შვილის ასეთი ურთიერთობა ზრდის თვით-შეფასებას, თავდაჯერებულობას და ავითარებს  დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს;

  • მამების საუბარი ბავშვებთან განსხვავებული ხმის ტემბრისა და სხვა თავისებურებების გავლენით უფრო მეტად უწყობს ხელს მეტყველების განვითარებას.  ბავშვებს, რომლებსაც მამები ხშირად უკითხავენ წიგნებს უკეთესი ვერბალური უნარები აქვთ;

  • ბავშვებთან, რომლებსაც მამების მხრიდან  სწავლის პროცესში რეგულარული  სათანადო მხარდაჭერა აქვთ, უკეთესი კოგნიტური (შემეცნებითი) უნარები და აკადემიური მიღწევები ვლინდება;

  • ბავშვებთან, რომელთა აღზრდაში მამებს აქტიური წვლილი შეაქვთ, უკეთესი სოციალური უნარები შეინიშნება, რაც ვლინდება თანატოლებთან და დედ-მამიშვილებთან ურთიერთობის პროცესში;

  • მამების აქტიური ჩართულობა აღზრდის პროცესში ამცირებს ფსიქოლოგიური (ქცევითი, ემოციური) სირთულეების გაჩენის ალბათობას გარდატეხის ასაკში.


დედები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ მამების მოტივაციას მონაწილეობა მიიღონ ბავშვის აღზრდის პროცესში. ზოგჯერ დედები არც კი აძლევენ მამებს საშუალებას აქტიურად ჩაერთონ, არ აღიარებენ რა მათ კომპეტენციას ბავშვზე ზრუნვის სფეროში. იმ შემთხვევაში, როცა დედა ინაწილებს შვილის აღზრდის პასუხისმგებლობას მამასთან,  აღიქვამს მას კომპეტენტურ მშობლად, აქეზებს და მხარს უჭერს, მით უფრო კარგად ირგებს და ეფექტურად ართმევს თავს მამა მშობლის როლს.

ცხადია, ბავშვის აღზრდის პროცესში მამების მხოლოდ ფიზიკური ჩართულობა თავისთავად არ არის ზემოთ ნახსენები პოზიტიური შედეგების გარანტი. ეფექტურობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორები, უპირველეს ყოვლისა მშობლობის უნარები, ის მიდგომები და ტექნიკები, რასაც მამა იყენებს შვილების აღზრდისას. არასწორმა აღზრდის სტილმა და ტექნიკებმა შესაძლოა არათუ პოზიტიური, არამედ ნეგატიური გავლენაც კი მოახდინოს ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობაზე. შესაბამისად, მშობლობის პოზიტიური მიდგომების ათვისება და გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც დედებისათვის, ისე მამებისათვის.




„საქართველოს ბავშვები“  მშობლებს სთავაზობს „პოზიტიური და ეფექტური მშობლობის“ ტრენინგს და ინდივიდუალურ კონსულტაციებს.

ავტორი
თამარ მუმლაძე
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu