თამაშის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

თამაშის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში

ბიბლიოთეკა

როგორ ვეთამაშოთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვს


თამაში ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგანაც ბავშვის აღქმის, მეხსიერების, ემოციების რეგულაციის, კომუნიკაციის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებისას უწყობს ხელს.

თამაში არის ყველაზე ბუნებრივი და მიღებული ფორმა ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობაში. რადგან თამაში ერთ-ერთი პროცესია, რა დროსაც ხდება ბავშვის და მისი ინტერესების აღიარება, ინფორმაციის და ემოციების გაზიარება.  

თამაშის შესახებ ერთ-ერთი სახელმძღვანელოში თამაში განმარტებულია შემდეგნაირად: თამაში ეს არის აქტივობების ერთობლიობა გარემოს და საკუთარი თავის შესასწავლად. (Winnicott, playing and reality 2005)

თამაშის ფუნქცია არა უბრალოდ გართობა და სიამოვნების მიღებაა ( თუმცა თამაში როგორც სასიამოვნო პროცესი ბავშვის მოტივაციასთან პირდაპირ არის დაკავშირებული), არამედ ის ბავშვს საკუთარი პოტენციალის დანახვისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. თამაშით ბავშვი დაისწავლის და იძენს გამოცდილებას, როგორც ფიზიკურ ისე შემეცნებით უნარებსა და აქტივობებში.
ერთი შეხედვით, თამაში თითქოს უბრალოდ თამაშია, მაგრამ, განვიხილოთ ბურთის სროლა და დაჭერა- რა პროცესები მიმდინარებს ამ დროს
  • ბავშვის მხრიდან ხდება სტიმულის, ბურთის შემჩნევა
  • თვალის მიდევნება
  • ხელების აწევა და ბურთის მიმართულებით გაშვერა
  • ბურთისთვის ხელის მოჭიდება
  • გარემოს დათვალიერება და სამიზნის შერჩევა, თუ საით უნდა ისროლოს ბურთი
  • სივრცეში შესაბამისი როტაცია
  • ბურთის გადაგდება.

ამ მარტივი პროცესის დეტალურად აღწერისას გამოჩნდა, რომ ამ კონკრეტული თამაშის დროს ბავშვის შემდეგი ფსიქიკური ფუნქციებია ჩართული: ყურადღება, სენსორული სტიმულის შემჩნევა, მსხვილი და წვრილი მოტორიკა, თვალის და ხელის ერთდროული კოორდინაცია, გადაწყვეტილების მიღება - როგორც შემეცნებითი აქტივობა და ბოლოს ემოციური ნაწილი: სიამოვნების მიღება ამ პროცესით.

მოსაზრება, რომ ბავშვი ბავშვია და ის ისედაც კარგად თამაშობს, არ არის მართებული. გარკვეულ ასაკამდე ბავშვის მიერ თამაში მართლაც არის სპონტანური, მაგრამ ბავშვის ზრდასთან ერთად რეკომენდირებულია თამაშების შინაარსი, წესები, ფორმა და აქტივობები იყოს სხვადასხვანაირი და ამავე დროს, ბავშვის უნარების განვითარებაზე მიმართული.

როგორ ვეთამაშოთ აუტიზმის მქონე ბავშვს:

მიყევით თქვენი ბავშვის მოქმედებებს/ინიციატივებს, ნაცვლად იმისა, რომ შესთავაზოთ თქვენი იდეები. პირველ ეტაპზე ნუ მისცემთ ინსტრუქციებს, ნუ ეცდებით თამაშის თანმიმდევრობის, წესების და სხვა აქტივობების ორგანიზებას. მიეცით შანსი ბავშვებს გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, იაზროვნონ და იმოქმედონ დამოუკიდებლად. თქვენ უბრალოდ გაიმეორეთ და გაახმოვანეთ მათი მოქმედებები. 

მიყევით ბავშვის ტემპს: თუ ბავშვი ნელა აწყობს ფაზლს, თქვენც ეცადეთ იმავე ტემპში ააწყოთ. თუ ხტუნავს სწრაფად თქვენც ასევე მოიქეცით. ხოლო, როდესაც ბავშვის სათამაშო სივრცეში ხვდება ახალი სათამაშო, ბავშვისგან ინტერესის გამოხატვა შეიძლება არ მოხდეს დანახვისთანავე. მიყევით ბავშვის ტემპს, თუ ის მხოლოდ უყურებს აღნიშნულ სათამაშოს, უყურეთ თქვენც. თუ ეხება, თქვენც შეეხეთ. ბავშვის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაეხმაროთ მას, მაგრამ თუ ბავშვი არ ინტერესდება, პერიოდულად ისევ მოახვედრეთ ეს სათამაშო მხედველობის არეში და მოდელირების მეთოდით აჩვენეთ როგორ ვთამაშობთ ამ ნივთით.

შეაქეთ და წაახალისეთ ბავშვის იდეები და აქტივობები. პირველ ეტაპზე, როდესაც ახალ თამაშს დაასწავლით ბავშვს, შეაქეთ მისი ყოველი მცდელობა და აქტივობა. მოგვიანებით კი წაახალისეთ მხოლოდ სწორი და ზუსტი ქცევები და მოქმედებები, მოერიდეთ ფრაზებს: "არასწორად აკეთებ", გამოიყენეთ ფრაზები: თავიდან ვცადოთ, მოდი ასე ვქნათ, კიდევ ერთხელ და ა.შ.

გაახმოვანეთ ბავშვის თითოეული აქტივობა, შეაქეთ ხშირად: თამაშის პროცესში, შეაფასეთ ქცევა და არა ბავშვი. გამოიყენეთ შემდეგნაირი ფრაზები: "შენ მანქანა აიღე" "რა მაგარ კოშკს აშენებ" "ძალიან მომწონს როგორც აკეთებ ამას". ეცადეთ არ გამოიყენოთ პიროვნებისკენ მიმართული ფრაზები (მაგარი გოგო/ბიჭი ხარ) ბავშვმა შეიძლება წარუმატებლობა დაუკავშიროს პიროვნებას და შემდგომში თუ რაიმე არ გამოუვა ჩათვალოს რომ არ არის კარგი ბავშვი.

გამოიყენეთ აღწერითი კომენტარები: ბავშვისთვის ხშირად მომაბეზრებელია კითხვები: რა არის ეს? რა ფორმისაა? რამდენი კარი აქვს? თამაშის დროს უბრალოდ აღწერეთ რასაც საჭიროდ ჩათვლით: შენ მანქანა გარაჟში შეგყავს. შენ წითელი კოვზი გიჭირავს და აშ. ყურადღების და კომუნიკაციის ეს ფორმა ბავშვებისთვის ძალიან სასიამოვნოა. ხშირად ისინი თავადაც იწყებენ ამ ქცევის გამეორებას. აღწერენ საკუთარ ან სხვის თამაშს.

მიეცით დრო და შესაძლებლობა: თუ თქვენ ხედავთ რომ ბავშვი ვერ აწყობს ფაზლს, ნუ გამოართმევთ და მოათავსებთ მას შესაბამის ჭრილში. პირველ რიგში, მიეცით დრო. 

წაახალისეთ მისი მცდელობები, თავად გადაჭრას პრობლემა. მხოლოდ რამდენიმე (2-3) წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შესთავაზეთ ერთად გაკეთება: მაგალითად გინდა ერთად ვიპოვოთ? ერთად ავაწყოთ? და აშ.

თუ ბავშვი თამაშობს მშვიდად და უხმაუროდ, შეაქეთ, რათა არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ყურადღებას მხოლოდ ხმაურიანად თამაშით მიიპყრობს. შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ მოგწონთ, როგორც თამაშობს, მოგწონთ, რომ მშვიდად არის. მშვიდად აშენებს კოშკს და ასე შემდეგ.

მოერიდეთ არასაჭირო ძალის დემონსტრირებას. თამაშის მიზანია ხელი შევუწყოთ ბავშვს, გამოსცადოს თავის შესაძლებლობები, გამოუმუშავდეს გარკვეული უნარები და ადეკვატური აღქმა საკუთარი თავის შესახებ. შესაბამისად, გარკვეულ ასაკამდე შეჯიბრი, რომელშიც ბავშვი მუდმივად დამარცხდება, არ არის რეკომენდირებული. მეორე მხრივ კი, როდესაც გადახვალთ ამგვარ თამაშებზე, მოგება და წაგება შეგიძლიათ დააბალანსოთ, რითიც ბავშვი ისწავლის როგორც მოგებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვას, ისე ემპათიას დამარცხებულთა მიმართ

ფუნქციური თამაში. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სათამაშოს იყენებდეს დანიშნულებისამებრ, მაგალითად კუბიკით აშენებდეს, მანქანას აგორებდეს, კოვზით ვითომ ჭამდეს, ფაზლს რომ აწყობდეს და ა. შ. ზოგ შემთხვევაში ბავშვი სათამაშოს იყენებს არა ფუნქციურად, მაგალითად მანქანას არ აგორებს, არამედ ატრიალებს მის ერთ ბორბალს, ან აწყობს სიმეტრიულად სათამაშოებს. ან ატრიალებს თვალებთან. მოდელირებით, ან ფიზიკური დახმარებით ბავშვს აუცილებლად უნდა დავასწავლოთ სათამაშოს ფუნქციური გამოყენება.

წარმოსახვითი თამაშის მნიშვნელობა (ე .წ ვითომ ვითომ თამაში) ამ დროს ბავშვი იწყებს სამყაროში რეალური და არარეალური ობიექტების გარჩევას, ეს მნიშვნელოვანია ფანტაზიის განვითარებისთვის.

როლური თამაშები (მეხანძრეობანა, პოლიციელობანა, სახლობანა და აშ )და მისი მნიშვნელობა:

როლური თამაშის დროს ბავშვი ივითარებს ფანტაზიას, შემეცნებით, ემოციურ, მოტორულ, სოციალურ და სხვა უნარებს. ამ დროს ბავშვი სხვა ადამიანის ან არსების პერსპექტივიდან ხედავს სიტუაციას და იწყებს შესაბამისად მოქცევას. ეს ეხმარება ბავშვს სხვა ადამიანების გამოცდილების გაზიარებაში და არის ერთ-ერთი წინაპირობა რომ ბავშვს ჩამოუყალბდეს თანაგრძნობის უნარი.

როლური თამაში საკმაოდ კომპლექსური, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია. იგი დაკავშირებულია გარკვეულ ასაკთან და შემეცნებით უნარებთან. ამიტომ რთულ და კომპლექსურ როლურ თამაშებამდე შესაძლოა მოგიხდეთ ძირს წოლა და მატარებლის ხმის გამოცემა, რადგან ესეც ერთგვარი როლური თამაშია, ეხმარება ბავშვის წარმოსახვას და ამყარებს თქვენს ურთიერთობას.

გამოიყენეთ გამაფრთხილებელი ფრაზები. თუ თამაში გახდა აგრესიული, ან ბავშვმა გამოავლინა საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან თუნდაც ნივთების დამაზიანებელი ქცევა, შეგვიძლია შევწყვიტოთ მარტივი ფრაზით "თუ კუბიკს ისვრი, თამაშს აღარ ვითამაშებთ" და აუცილებელია, ბავშვი მიხვდეს, რომ მისთვის სასიამოვნო პროცესს აუცილებლად შევწყვეტთ გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში. ამიტომ არასასურველი ქცევის პირველივე გამოვლენაზე ვასრულებთ ბავშვისთვის მიცემულ პირობას და ვწყვეტთ თამაშს.

ასევე, გააფრთხილეთ ბავშვი როდესაც აპირებთ თამაშის დასრულებას შემდეგი ფრაზებით "ხუთ წუთში უნდა ავალაგოთ სათამაშოები" "5 წუთის შემდეგ მივდივართ" მიუხედავად იმისა, ბავშვი გააპროტესტებს თუ არა, თამაშის დასრულებას, პროცესი უნდა დაასრულოთ. ყოველ ჯერზე თუ ასე მოიქცევით, წინასწარი გაფრთხილების შემთხვევაში, პროტესტის ქცევა ჩაქრება.

შეჯამება: მნიშვნელოვანია შეაჯამოთ თამაში, აქცენტი გააკეთოთ სასიამოვნო ქმედებებზე: რა მაგრად ვითამაშეთ. შენ ძალიან მაგარი გოლი გაიტანე. მომეწონა როგორც ავაშენეთ შტაბი. თამაშის შეჯამება არამარტო ახსენებს ბავშვს სასიამოვნო მომენტებს, არამედ აძლევს კარგ მაგალითს, როგორ უნდა გადმოსცეს ამბავი. ერთ დღესაც შესაძლოა ბავშვმა თავად დაიწყოს იგივეს კეთება.

ავტორი
თამარ მამულაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu