ბავშვი და გლოვა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ბავშვი და გლოვა

ბიბლიოთეკა

საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეული მოვლენაა  ყველა ადამიანის, მათ შორის ბავშვის ცხოვრებაში. როდესაც ბავშვისთვის საყვარელი ადამიანი იღუპება, ასეთ მძიმე წუთებში უფროსებმა ხშირად არ იციან რომელი მიდგომაა ყველაზე მართებული. რიგ შემთხვევვებში, ოჯახის წევრები ფიქრობენ რომ ბავშვის კეთილდღეობისთვის უმჯობესია საერთოდ დამალონ გარდაცვალების ფაქტი და ისე მოიქცნენ, თითქოს ცუდი არაფერი მომხდარა. ამ დროს ბავშვი შესაძლოა საერთოდ მოაშორონ ჩვეულ გარემოს სხვადასხვა „შეთხზული“ მიზეზით. არის შემთხვევები, როდესაც პირიქით, უფროსები თავად იმდენად მოცულები არიან ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული დარდით, რომ ვეღარ ახერხებენ ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე ფიქრს. ბავშვი უფროსის მხრიდან ძლიერი ემოციების - ტირილის, სასოწარკვეთისა და უმწეობის გამოვლინების მოწმე ხდება.


სინამდვილეში დარდი და გლოვა მძიმე, მაგრამ სრულიად ბუნებრივი რეაქციებია ბავშვებისთვისაც, თუმცა ამ პროცესში მათ ხშირად მოზრდილებზე მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. უფროსების დროული და ადეკვატური მიდგომა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ მოახერხებს ბავშვი ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ემოციებთან გამკლავებას.

ასეთ სიტუაციებში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სპეციალისტების რეკომენდაციები:  


  • ბავშვისთვის ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია სიმართლის ცოდნა როგორც მოზრდილებისთვის. ეცადეთ, მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ რა მოხდა. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს სიკვდილის ფენომენი ხშირად განსხავავებულად ესმით. მაგალითად, სკოლამდელი ასაკის ბავშვები გარდაცვალებას დროებით და შექცევად მოვლენად მიიჩნევენ. ასეთ რწმენას ხშირად სხვადასხვა ანიმაციური ფილმებიც განამტკიცებს, სადაც პერსონაჟი გარდაცვალების შემდგომ პრინცის კოცნისა თუ სხვა ჯადოსნური ხერხების საშუალებით ისევ „ცოცხლდება“. ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები ნელნელა იწყებენ სიკვდილის ფენომენის უკეთ გააზრებას, თუმცა იმის წარმოდგენა, რომ სიკვდილი შესაძლოა მათ ან მათ ახლობელ ადამიანებსაც შეეხოთ, ბავშვისთვის მაინც რთულია. ამიტომ, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ სიკვდილის ფიზიკური არსის განმარტება და იმის ახსნა, რომ გარდაცვალების შემდგომ სიცოცხლე წყდება, რაც ნიშნავს იმას, რომ გარდაცვლილი ადამიანი უკან აღარ ბრუნდება, რომ იგი აღარ სუნთქავს, აღარ ჭამს, აღარ დადის და აღარ გრძნობს ტკივილს, შიმშილს ან წყურვილს.


  • მიაწოდეთ სიკვდილის მიზეზის შესახებ იმდენად სპეციფიური ინფორმაცია, რამდენადაც შესაძლებელია ბავშვის ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით. მაგალითად: „ბაბუა გარდაიცვალა, რადგან მას შეუწყდა გულისცემა.“ „ გარდაიცვალა, რადგან ჰქონდა კიბო.“ არ არის აუცილებელი გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებული ყველა დეტალის განხილვა, განსაკუთრებით თუ საქმე ძალადობრივ სიკვდილს ეხება, თუმცა ამავე დროს მოერიდეთ რაიმე უფრო მარტივი ახსნის შეთავაზებას. ნუ ეტყვით, უბრალოდ, რომ „ის გარდაიცვალა რადგან ავად იყო“- ასეთი ფრაზა ბავშვის მიერ შესაძლოა ინტერპრეტირდეს, რომ ნებისმიერ,თუნდაც მსუბუქ ავადმყოფობას ასეთი შედეგი მოჰყვენა, რ აც ბუ ნებრივია გამოიწვევს შესაბამისი შიშების გაჩენას ბავშვში.


  • ნუ ახსნით ბავშვის ცხოვრებიდან გარდაცვლილი ადამიანის „გაუჩინარების“ ფაქტს, მისი საზღვარგარეთ წასვლით ან დაძინებით. ასეთ შემთხვევაშიც, ბავშვმა შესაძლოა დაასკვნას, რომ თუკი ვინმე საზღვარგარეთ წავა, . მასაც ვეღარასოდეს ნახავს დ ა თუკი ვინმე დაიძინებს, მან შეიძლება აღარც გაიღვიძოს -მათ შორის თავად ბავშვმაც; ან პირიქით, ბავშვი შესაძლოა გაბრაზდეს თუ რატომ აღარ ეხმიანება და ბრუნდება უკან „საზღვარგარეთ წასული“ ახლობელი.


  • გაითვალისწინეთ, ასევე, რომ ბავშვებს უჭირთ გადატანითი მნიშვნელობის მქონე ფრაზების გაგება, ამიტომ მოერიდეთ მეტაფორებსა და აბსტრაქტულ ფრაზებს- ის მშვიდად განისვენებს ან „ის ცაში წავიდა“ შესაძლოა სრულიად არაფრისმთქმელი იყოს ბავშვისთვის. მცირეწლოვანი ბავშვები კი ასეთ გამონათქვამებს პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ, რაც ბუნებრივია იწვევს აზრის დამახინჯებას.


  • მიეცით ბავშვს  კითხვების დასმის და საკუთარი ემოციების გამოხატვის საშუალება. აგრძნობინეთ, რომ ყოველთვის მზად ხართ მოუსმინოთ. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს უჭირს საკუთარი განცდების სიტყვიერად გამოხატვა, ალტერნატივა შესაძლოა იყოს ხატვა, ჩანაწერების გაკეთება ან გარდაცვლილი ადამიანის სახელზე წერილის დაწერა.


  • შეძლებისდაგვარად ჩართეთ ბავშვი გარდაცვლილი ადამიანისთვის მიძღვნილ რელიგიურ თუ სოციალურ რიტუალებში, რათა ბავშვმა შეძლოს ახლობლის გარდაცვალების ფაქტის გაცნობიერება და მასთან გამომშვიდობება. ჰკითხეთ, ბავშვს, სურს თუ არა დაკრძალვაზე დასწრება. ნუ დააძალებთ თუკი ამის სურვილი არ აქვს. თანხმობის შემთხვევაში კი აუხსენით და წინასწარ შეამზადეთ მოვლენებისთვის, მაგალითად უთხარით, რომ იქნება ბევრი ხალხი, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტირებენ, მოიტანენ ყვავილებს და ა.შ.  


  • მიეცით ბავშვს საშუალება გარდაცვლილი ადამიანის სახელზე გააკეთოს რაიმე, მაგალითად, დაანთოს სანთელი ან დარგოს ხე.


  • გახსოვდეთ, რომ უფროსები წარმოადგენენ ბავშვისთვის იმის მოდელს, თუ როგორ უნდა მოხდეს დანაკარგთან გამკლავება. დარდი, მონატრება, ტირილი-გლოვის თანმხლები ჯანსაღი გამოვლინებებია, ამიტომ არ არის საჭირო მათი დამალვა ბავშვისგან, თუმცა ეცადეთ ბავშვის თანდასწრებით თავი შეიკავოთ ძლიერი ემოციების გამოხატვისგან, რათა ბავშვი დარწმუნებული იყოს, რომ მიუხედავად დარდისა, თქვენ გაქვთ საკუთარ ემოციებთან გამკლავების უნარი და კვლავ შეგწევთ ძალა განაგრძოთ მასზე ზრუნვა.


  • მნიშვნელოვანია, შეძლებისდაგვარად აღადგინოთ ბავშვის ჩვეული რუტინა - ეს ამცირებს განუსაზღვრელობას და  ბავშვს დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას ანიჭებს.


  • და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ გლოვისთვის საჭირო დრო ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, თუმცა თუ ბავშვი ახლობელი ადამიანის გარდაცვალებიდან ხანგძლივი დროის მანძილზე ავლენს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა:

- ინტერესის დაკარგვა ყოველდღიური აქტივობებისა და მოვლენების მიმართ
- ძილის დარღვევა, მადის დაკარგვა, მარტო დარჩენის შიში
- უმცროსი ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელი ქცევები
- გარდაცვალების ფაქტის არ აღიარება
- გარდაცვლილი ადამიანის იმიტირება
- განცხადებები, რომ სურს გარდაცვლილ ადამიანთან წასვლა
- მეგობრებისთვის თავის არიდება
- აკადემიურ მოსწრების მკვეთრი გაურესება ან სკოლაში წასვლაზე უარის თქმა

ეს მიუთითებს, რომ ბავშვი ვერ ახერხებს გლოვასთან გამკლავებას. ასეთ შემთხვევაში, შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია დახმარებისთვის მიმართოთ სპეციალისტს.


ავტორი
თამთა საამიშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu