მომზადება საბავშვო ბაღისთვის - ფსიქოლოგის რეკომენდაციები - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

მომზადება საბავშვო ბაღისთვის - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

ბიბლიოთეკა

საბავშვო ბაღში წასვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში და მას როგორც წესი დიდი ემოციები ახლავს თან, როგორც მშობლის, ასევე თავად ბავშვის მხრიდან.

მშობლებს ერთის მხრივ ახარებთ იმის წარმოდგენა, რომ მათი შვილი ახალ ცოდნასა და მეგობრებს შეიძენს საბავშვო ბაღში, თუმცა ბევრი მათგანი ხშირად სწორედ ამ დროს აცნობიერებს, რომ ბავშვები იზრდებიან და გარკვეულწილად შორდებიან მათ. ბავშვები კი, მართალია ხშირად ინტერესით ელიან საბავშვო ბაღში წასვლას, თუმცა მშობელთან განშორება მათთვისაც არანაკლებ შფოთვასთანაა დაკავშირებული. მითუმეტეს რომ საბავშვო ბაღი სახლისგან სრულიად განსხვავებული, ახალი გარემოა  და მათგან მნიშვნელოვან ადაპტაციას მოითხოვს: ბევრი ახალი სახე, ახალი წესები, რუტინა და მოთხოვნები - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ბავშვების ცხოვრებაში და ამ დროს უფროსების  მხრიდან მეტი მხარდაჭერა, ზრუნვა და მოთმინების გამოვლენა სჭირდებათ.

ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაგეხმარებათ გახადოთ ეს პროცესი ნაკლებად სტრესული როგორც თქვენთვის, ასევე თავად ბავშვისთვის:

საბავშვო ბაღში მიყვანამდე:
მოამზადეთ ბავშვი განშორებისთვის.
 თუკი ბავშვს უჭირს ან პრაქტიკულად არ გააჩნია თქვენთან განშორების გამოცდილება, ეცადეთ ბაღში წაყვანამდე დაიწყოთ მისი მომზადება- ჩვეულებრივზე მეტხანს დატოვეთ ბებია-ბაბუასთან, ძიძასთან ან სხვა ახლობელ ადამიანთან. ამასთან, სასურველია შეიმუშავოთ დამშვიდობების თქვენეული რიტუალი, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ჩახუტებას, კოცნას, ხელის დაქნევას  და/ან კონკრეტული გამოსამშვიდობებელი ფრაზის წარმოთქმას. დამშვიდობების განმეორებადი, პროგნოზირებადი რიტუალი ბავშვს უსაფრთხოების განცდას ანიჭებს და მნიშვნელოვნად ამცირებს განშორებასთან დაკავშირებულ შფოთვას.

წინასწარ გააცანით  გარემო. ეცადეთ, ბაღში წასვლამდე გააცნოთ ბავშვს იქაური გარემო- დაათვალიერებინეთ მნიშვნელოვანი ადგილები (საკლასო ოთახი, საპირფარეშო, ეზო და ..). მოიძიეთ ინფორმაცია ბაღის მოთხოვნებისა და წესების შესახებ და ბავშვთან ერთად, მისთვის გასაგებ ენაზე განიხილეთ ისინი.
ამასთან, მოერიდეთ მოვლენების ზედმეტ შელამაზებას რათა დაიცვათ ბავშვი შემდგომი იმედგაცრუებისგან. იდეალური იქნება, თუკი ბავშვი ბაღში წასვლამდე გაიცნობს მასწავლებელს ან თუნდაც ერთ თანაჯგუფელს. ნაცნობი სახეების  დანახვა უამრავ უცნობ სახეს შორის ბაღის პირველ დღეებში, ძალიან დაეხმარება მას.

ერთად შეიძინეთ ბაღისთვის საჭირო ნივთები. გაეცანით ინფორმაციას იმის შესახებ,  თუ რა ნივთები დასჭირდება ბავშვს საბავშვო ბაღში და მიეცით მას  საშუალება თავად შეარჩიოს ისინი. გახადეთ ეს პროცესი სახალისო. შეგიძლიათ მოახდინოთ ნივთების პერსონალიზაციაც, მაგ: დააკარით მათზე ბავშვის სახელის აღმნიშვნელი სტიკერი. იმ შემთხვევაში, თუკი ბაღი არ ითხოვს დამატებით ნივთებს, მაინც შეგიძლიათ შეიძინოთ რაიმე სპეციალურად ბაღისთვის, მაგალითად ზურგჩანთა.

მიეცით ბავშვს საშუალება თავად აირჩიოს ტანსაცმელი პირველი დღისთვის.

ბაღში
 მიყვანისას:
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და განეწყვეთ პოზიტიურად. ბავშვები ადვილად გრძნობენ მოზრდილების შფოთვას და ხშირად მსგავსი ემოციებით რეაგირებენ მოვლენებზე, სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად შეიქმნათ დადებითი განწყობა და ამით მიანიშნოთ ბავშვს, რომ ბაღი სასიამოვნო ადგილია, სადაც ბავშვები თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობენ.

განსაზღვრეთ ბაღიდან გამოყვანის დრო. ეცადეთ აუხსნათ ბავშვს, როდის მიაკითხავთ. თუკი ეს საათის გამოყენებით ვერ ხერხდება, შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტულად რომელი აქტივობის ( მაგალითად ძილის, ეზოში თამაშის, სამხარის,ზღაპრის წაკითხვის) შემდეგ უნდა გელოდოთ და ეცადეთ ყოველთვის დაიცვათ აღნიშნული შეთანხმება.

დარჩით მცირე დროით და დაეხმარეთ ადაპტაციაში.  

  • პირველ დღეების მანძილზე, შეგიძლიათ ბავშვთან ერთად მცირე დროით დარჩეთ საბავშვო ბაღში, შემდგომ კი სასურველია ნელ-ნელა შეამციროთ დროის ხანგძლივობა.

  • ბაღში მისვლისას, ერთად შეეგებეთ მასწავლებლებს. მნიშვნელოვანია, ბავშვმა იგრძნოს, რომ ენდობით და მეგობრულად ხართ განწყობილი მისი პედაგოგების მიმართ.  

  • დაეხმარეთ ბავშვს იპოვოს  ადგილი სადაც დააწყობს საკუთარ ნივთებს. შემდეგ კი, მიეცით მასწავლებელს ბავშვთან ურთიერთობის დამყარების საშუალება.

  • თუკი ბავშვი თქვენზეა მიჯაჭვული,  შესთავაზეთ  საკლასო ოთახის დათვალიერება. გაითვალისწინეთ, რომ საბავშვო ბაღი სავსეა მშობლებით, რომლებიც ზუსტად იმავე ეტაპს გადიან რასაც თქვენ. ამიტომ, დიდია იმის ალბათობა, რომ მათთან თანამშრომლობით მოახერხოთ ბავშვების ერთმანეთისთვის გაცნობა. თუკი ბავშვი უარს აცხადებს  სხვა ბავშვებთან კომუნიკაციასა და თამაშზე, ეცადეთ დააინტერესოთ და თავად წამოაწყებინოთ რაიმე აქტივობა, მაგალითად ფაზლი.  

  • თუკი მანამდე გყავდათ ბაღში, მიანიშნეთ იმ საგნებზე, რომლებიც წინა ვიზიტზე ნახა - "ნახე, კუბიკები, წინაზე რომ ვითამაშეთ. გახსოვს, როგორი კოშკი ავაშენეთ? მოდი, კიდევ ააშენე."


ნუ დააყოვნებთ.

  • თუკი  ბავშვი მონდომებით ერთვება რაიმე აქტივობაში, ეს როგორც წესი იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ დატოვოთ იქაურობა. წასვლის წინ გამოიყენეთ დამშვიდობების თქვენეული რიტუალი. დამშვიდობების გარეშე წასვლა ბავშვში მიტოვების განცდას აღძრავს, თუმცა არც ხანგრძლივი დამშვიდობების რიტუალია სასურველი. იგი ხშირად შფოთვის მატებას უწყობს ხელს და განამტკიცებს იმ აზრს, რომ ბაღი არ არის კარგი და უსაფრთხო ადგილი. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ საბავშვო ბაღში მშობლების გარეშე რჩება და მათთან დამშვიდობება ამ პროცესის ნორმალური ნაწილია.

  • ეცადეთ არ შებრუნდეთ ოთახში, თუკი გაიგონებთ, რომ ბავშვი ტირის.  დაბრუნებით, ბავშვს აგრძნობინებთ, რომ იგი მხოლოდ მაშინ არის კარგად, თუ თქვენ ხართ მასთან ერთად. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ხელს შეუშლის ადაპტაციის პროცესს.  


აღსანიშნავია, რომ ბავშვების უმეტესობა მშობლების წასვლიდან მცირე დროის შემდეგ წყვეტს ტირილს და აქტიურად და ხალისით ერთვება სხვადასხვა აქტივობაში, რაშიც თავის მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მასწავლებლებს, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და იციან თუ როგორ დაეხმარონ ბავშვს ახალ გარემოსთან შეგუებაში.

გაითვალისწინეთ, რომ საბავშვო ბაღთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო თითოეული ბავშვის შემთხვევაში, ინდივიდუალურია და შესაძლოა ერთი დღიდან რამოდენიმე კვირამდეც გაგრძელდეს.  თუკი ბავშვი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ახერხებს ბაღის გარემოსთან შეგუებას (შფოთავს, ტირის, არ ერთვება აქტივობებში) შეხვდით და გაესაუბრეთ ბაღის პედაგოგებსა და ფსიქოლოგს შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით .




ავტორი
თამთა საამიშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu