როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლაში - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლაში

ბიბლიოთეკა

მშობლებმა, რომლებსაც სკოლის ასაკის შვილები ყავთ, კარგად იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია  ბავშვმა ხალისით და ინტერესით შეძლოს სასკოლო საგნების მეცადინეობა, სათანადოდ იმუშაოს საშინაო დავალებაზე და სკოლაში გაკვეთილის მიმდინარეობისას  მაქსიმალურად კონცენტრირებული და სათანადოდ ჩართული იყოს სასწავლო  პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სასწავლო პროცესი მეტწილად  სასკოლო გარემოში მიმდინარეობს, მის აკადემიურ მოსწრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახლის გარემო, რამდენადაც საშინაო დავალებების შესრულება უმეტესად სახლის გარემოში ხდება. შესაბამისად,  ბავშვის აკადემიურ წარმატება/წარუმატებლობაზე სახლის გარემოში არსებული არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობები, მშობლის დამოკიდებულება სწავლისადმი,   ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და  მხარდაჭერა.

როგორი უნდა იყოს სახლის გარემო საშინაო დავალების შესრულებისას?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სახლში, მეცადინეობის პროცესში იყოს ნაკლები ფორმალობა და დაძაბულობა. ბავშვს უნდა შეეძლოს, სურვილის შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილება, სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ა.შ. სახლში ბავშვის შეცდომებს, სწავლის პროცესში წარმოშობილ სირთულეებს მშობლის უარყოფითი რეაქცია და შეფასება არ უნდა მოყვეს. მშობლის პოზიტიური დამოკიდებულება არის თავისუფალი, მშვიდი გარემოს საწინდარი, სადაც ბავშვი  დაცულად იგრძნობს თავს და სწავლის პროცესიც უფრო ეფექტურად წარიმართება.  სწორედ ასეთ გარემოში შეიძლება განუვითარდეს ბავშვს ჯანსაღი ინტერესი სწავლისადმი.

კიდევ ერთი, არსებითი ფაქტორი ისაა, რომ სახლში, საშინაო დავალების შესრულებისას უფრო მეტად არის შესაძლებელი ბავშვის შრომისუნარიანობის ინდივიდუალური თავისებურებების, ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინება. სახლში მშობელს აქვს იმის საშუალება, რომ შვილი უზრუნველყოს სწავლების ინდივიდუალური განრიგით, რომელიც ითვალისწინებს მისი შრომისუნარიანობის სპეციფიკას. მაგალითად, ზოგიერთი ბავშვისთვის  დამახასიათებელია ე.წ. ეპიზოდური შრომისუნარიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ  მას  ყურადღების კონცენტრირება სასწავლო პროცესზე შეუძლია მხოლოდ გარკვეული, მცირე დროის განმავლობაში. ასეთ შემთხვევებში, საკმარისია ბავშვს მივცეთ საშუალება შეისვენოს 5 წუთით,  და ის უკვე მზად იქნება  განაგრძოს  მეცადინეობა ეფექტურად.

მშობელმა, უნდა მოახერხოს საშინაო დავალების შესრულების პროცესის ორგანიზება შვილის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ორგანიზებისას მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს თავად ბავშვს და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ იქნას მისი აზრი და სურვილები. მშობელმა მასთან ერთად უნდა მოაწყოს მეცადინეობისათვის განკუთვნილი გარემო,  ერთობლივად დაგეგმონ დღის განრიგი, სადაც გამოყოფილი იქნება მეცადინეობისათვის განკუთვნილი დრო და წინასწარ განსაზღვრული გაკვეთილების მომზადების თანმიმდევრობა.
 
როგორ ავუმაღლოთ ბავშვს სწავლის მოტივაცია?

როდესაც ბავშვი უარს ამბობს მეცადინეობაზე სიტყვებით -  „მე ეს არ მაინტერესებს და არ გავაკეთებ!-“სახეზეა სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებული სირთულეები.

შემეცნების მოთხოვნილება თანდაყოლილია. სწრაფვა შემეცნებისაკენ არ ყალიბდება სკოლაში, ის ბევრად ადრე, ჩვილობის ასაკიდანვე იწყებს გამოვლენას. აღზრდის პროცესში, მშობელი სხვადასხვა ხერხს მიმართავს შემეცნების, პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრისა და სწავლის მოტივაციის განვითარებისათვის. მშობლისთვის კარგად ნაცნობი მოვლენაა, როდესაც ბავშვი პირველ წარმატებებს აღწევს მაგალითად ფაზლის ან კონსტრუქტორის აწყობისას, როგორი კმაყოფილი და ამაყია ის ამ დროს საკუთარი თავით. ის, თუ როგორ შეუწყობს ხელს მშობელი ბავშვის მიერ პრობლემის გადაჭრის დამოუკიდებელ მცდელობებს და როგორ უპასუხებს მის პირველ წარმატებებს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვის სწავლის მოტივაციის ჩამოყალიბებას და განმტკიცებას.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არ არის მარტივი და არც მიზანშეწონილი „სწავლის მზა მოტივი და მიზანი “ ჩავუნერგოთ შვილს. ის, რაც  მშობელს შეუძლია გააკეთოს, არის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს  შვილის სწავლის მოტივაციის ამაღლებას. ამისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი:

  • პირველ რიგში, მშობელმა უნდა გაარკვიოს შვილის სწავლის დაბალი მოტივაციის მიზეზები: ეს არის სწავლის სირთულეები, მშობლის აღმზრდელობითი ხასიათის შეცდომები თუ სხვა ფაქტორები.

  • უფროსები ხშირად ეუბნებიან ბავშვს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „თუ არ ისწავლი, არ გექნება კარგი სამსახური და ანაზღაურება!“, „თუ არ ისწავლი ვერ შეძლებ საკუთარი თავის და ოჯახის რჩენას!“  მათი აზრით ეს დადებითად აისახება ბავშვის სწავლის მოტივაციაზე, მაგრამ რეალურად ამას პოზიტიური შედეგი ნაკლებად  აქვს. ბავშვისთვის რთულია ასეთი შორეული პერსპექტივის დანახვა, მისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ახლო მომავალში შეიძლება მოხდეს.

  • შესაძლოა, ბავშვისათვის რთული იყოს  გარკვეული დავალებების შესრულება. როდესაც ბავშვს სწავლის გარკვეული სირთულეები აქვს, ბუნებრივია, მისი სწავლის  მოტივაცია შეიძლება დაქვეითდეს. თუ სცადა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მაინც არ გამოუვიდა, ვერ ისწავლა, ვერ დაიმახსოვრა, ეს მისთვის  წარუმატებელი გამოცდილებაა, რომელიც პირდაპირ მოტივაციაზე აისახება. სწორედ ასეთ დროს არის მშობლის სწორი მიდგომა და დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანი.

  • მნიშვნელოვანია მშობელმა აკონტროლოს სწავლის პროცესი და გაითვალისწინოს ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები. მაგალითად, როდის ჯობია მეცადინეობის პროცესის დაწყება, რომელი საგნების მომზადებაა საჭირო პირველ რიგში, როდის და რა სიხშირით არის მიზანშეწონილი შესვენებები. მნიშვნელოვანია მშობლის ხელშეწყობა სწავლის უნარების თანმიმდევრულ გამომუშავებაში. 
  • აუცილებელია მშობელი  ჩართული იყოს გაკვეთილების მომზადების პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ნაცვლად უნდა შეასრულოს დავალება. მშობელმა თავად კი არ უნდა ამოხსნას დავალება, არამედ  უნდა ასწავლოს, დაეხმაროს ამ ამოცანის ამოხსნის გზების ძიებაში.   მშობელმა  უნდა შეაქოს შვილი  მცდელობებისთვის. 
  • ბავშვის სწავლის მაღალი მოტივაციის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მშობლის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება.  შვილს ყოველთვის გაგებით, სითბოთი და სიყვარულით უნდა მოვეპყროთ და ეს დამოკიდებულება არ უნდა იყოს განპირობებული მხოლოდ ბავშვის წარმატებული შედეგებით სწავლასა თუ სხვა საქმიანობაში. 

  • მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ბაშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, ბავშვი, რომელსაც აქვს დაბალი თვითშეფასება, სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და შედეგად მისი სწავლის მოტივაციაც დაბალია. ადეკვატური თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის კი პრაქტიკულად არ არსებობს საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები.   მშობლის როლი წამყვანია ბავშვის თვითშეფასების ფორმირებაში. მშობლის სწორი შეფასება და ბავშვისთვის სწორი ფორმით გაზიარებული მოსაზრებები მის უნარებზე და შესაძლებლობებზე,  აისახება   თვითშეფასების სწორად ფორმირებაზე. 

  • ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვს სჯეროდეს საკუთარი წარმატების. როგორც მასწავლებელი, ისე მშობელი ყოველთვის უნდა ასაზრდოებდეს ბავშვის რწმენას საკუთარ ძალებში და უნარებში. აქვე ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ რაც უფრო დაბალია ბავშვის თვითშეფასება, მით უფრო ძლიერი და სისტემატური უნდა იყოს ეს მხარდაჭერა.

  • წაახალისეთ შვილი კარგი სწავლისთვის. კარგი იქნება თუ მშობელი შვილის სწავლის წახალისების პროცესში არა ქულებზე (როგორც შედეგზე), არამედ სწავლის მოტივაციაზე (მონდომებაზე და ძალისხმევაზე) გაამახვილებს ყურადღებას. ბავშვმა თუ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა- საკმარისი დრო დაუთმო მასალის მომზადებას და იმეცადინა როგორც შეეძლო,   ეს უკვე კარგი შედეგია მიუხედავად იმისა მიიღო თუ არა  მაღალი ქულა;

  • აუცილებელია აუხსნათ ბავშვს მისთვის გასაგები ენით, რომ სწავლის უნარის განვითარება არის პროცესი, რომელსაც სჭირდება გარკვეული დრო და ძალისხმევა.

  • ნუ დაელოდებით დაუყოვნებლივ შედეგებს. მაგრამ თუ თქვენ  სწორად და სისტემატურად იმუშავებთ შვილის სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე, შედეგიც არ დააყოვნებს. 

  • ბავშვი- პიროვნებაა, გარკვეულ დრომდე მშობელზე დამოკიდებული და მას სჭირდება სწორედ მშობლის მხარდაჭერა!


ავტორი
ნანა ფიფია

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu