ცაციობის ფენომენი - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ცაციობის ფენომენი

ბიბლიოთეკა

მსოფლიო მოსახლეობის  უმრავლესობა  უპირატესად იყენებს  მარჯვენა ხელს და მხოლოდ მცირე ნაწილი განსხვავდება მათგან,    სარგებლობს აქტიურად მარცხენა ხელით (Сулейменова Ш.А. 2004.). მათთვის მარცხენა ხელით წერა, ჭამა, სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება და    მუშაობაა  უფრო ადვილი და  მოსახერხებელი. ხშირია  მშობლებისა და  ნათესავების მხრიდან   ღელვა და ნერვულობა ბავშვის ცაციობის გამოვლენისას, რაც შეიძლება აიხსნას არასწორი შეხედულებებითა და არასაკმარისი ცოდნით  ცაციობის შესახებ.     ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ცაციობა აღიქმებოდა როგორც პათოლოგია, გადახრა, გამოსასწორებელი ნაკლი. ცდილობდნენ კიდეც ასეთი ადამიანების  გამოსწორებას და  აიძულებდნენ  გამოეყენებინათ უპირატესად მარჯვენა ხელი.

რა არის აუცილებელი ვიცოდეთ  ცაციების შესახებ?
- ცაციობა არაა განვითარებაში გადახრა, როგორც ამას თვლიდნენ ადრე. ეს არაა  ავადმყოფობა. ცაციობა  ნორმალური განვითარების ერთ-ერთი ვარიანტია. თუ რომელ ხელს ვფლობთ უფრო კარგად,  არააა დამოკიდებული ჩვენს სურვილებზე, არამედ ამას განსაზღვრავს თავის ტვინის მუშაობის თავისებურება.

-
ცაციას უწოდებენ ისეთ ადამიანს რომელიც ხელით შესასრულებელი სამუშაოს განხორციელებისას უპირატესობას ანიჭებს მარცხენა ხელს და უფრო აქტიურად იყენებს  მას. ხელის მხარეობა განისაზღვრება ადამიანის ქცევაში გამოვლენილი მარჯვენა ან მარცხენა  ხელის უპირატესობით ძალაში, მოხერხებულობაში და მოქმედების სისწრაფეში.

-
თუკი ბავშვი ცაციაა, ეს არ ნიშნავს რომ ის მთლიანად მემარცხენეა. უნდა აღინიშნოს რომ აბსოლუტური მემარცხენეობა- როდესაც ადამიანი უპირატესობას ანიჭებს   არამარტო  მარცხენა ხელს, არამედ  მარცხენა თვალს, ყურს და ფეხს- იშვიათობაა.   

-
ცაციები  არ წარმოადგენენ ერთგვაროვან ჯგუფს. განასხვავებენ „მემკვიდრეობით ცაციობას“, „ფარულ ცაციობას“, „იძულებით ცაციობას“ და „კომპენსატორულ  ცაციობას“:
-
„მემკვიდრეობითი ცაციობა“- თუკი მუცლადყოფნის პერიოდის დროს, ასევე განვითარების ადრეულ ასაკში ადგილი არ ჰქონია გართულებებს, ხოლო ოჯახში (თუნდაც შორეულ ნათესავებში) აღინიშნება ცაციობა, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ მემკვიდრეობით განპირობებულ ცაციობაზე.
- „ფარული ცაციობა“-სწავლების დროს  ბავშვი დაეუფლა  მარჯვენა ხელით მოქმედებების განხორციელებას (წერა, ჭამა და ა.შ), თუმცა მისი უპირატესი ხელი მარცხენაა.
- „კომპენსატორული ცაციობა“-თუკი ნათესავებში არ გვხვდება ცაციები, ხოლო ბავშვის განვითარების ისტორიაში ვხვდებით გართულებებს (ორსულობის დროს გართულებები, ტრავმული მშობიარობა, თავის ტვინის ტრავმა, ან ადრეულ ასაკში გადატანილი დაავადებები), მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ  კომპენსატორულ ცაციობაზე.
- „იძულებითი ცაციობა“-ბავშვი მემარჯვენეა, მაგრამ  მარჯვენა ხელის ტრავმის გამო იძულებულია გამოიყენოს მარცხენა ხელი.

-
4-5 წლის ასაკიდან შეიძლება ვილაპარაკოთ  ბავშვი მემარჯვენეა თუ ცაცია. 4 წლამდე ხშირია ხელის უპირატესობის ცვლა ან ორივე ხელის აქტიურად გამოყენება.   თუმცა ასევე  შეიძლება ბავშვი აღმოჩნდეს „ამბიდექსტრი“- ორივე ხელს ერთნაირად იყენებდეს.

-
როდესაც ბავშვს ასწავლით სწორად ეჭიროს ფანქარი, კალამი, ასწავლით წერას, აუცილებელია ეს მოქმედებები განახორციელოს  იმ ხელით რომელიც მისთვის წამყვანია.   

-
 ცაციებისთვის არასოდეს  იყო ადვილი მემარჯვენეებზე ორიენტირებულ გარემოში ცხოვრება, რასაც ადასტურებს კვლევებიც (Bosman R. A. 2004).   ადამიანების მიერ შექმნილი მთელი  საყოფაცხოვრებო გარემო ადაპტირებულია  მარჯვენა ხელით აქტიურად სარგებლობისთვის. ხშირად  მშობლები ფიქრობენ რომ თუკი ცაციას გადააჩვევენ მარცხენა ხელით სარგებლობას, ამით თავიდან ააცილებენ ბევრ პრობლემას და სიძნელეს, რაც ცაციებს ელოდებათ  მემარჯვენეებისთვის მოწყობილ სამყაროში.   ზოგიერთი მშობელი კი უბრალოდ   ოცნებობს  მისი შვილი იყოს ისეთივე როგორიც ბავშვების უმეტესობაა- მემარჯვენე და ცდილობს გადააჩვიოს ცაციობას.  მაგრამ ღირს თუ არა ამის გაკეთება? პასუხია რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გააკეთოთ. რა მიზეზითაც არ უნდა ცდილობდეთ  ცაციების გადაჩვევას, უნდა გახსოვდეთ უარყოფითი დამოკიდებულება ცაციობის მიმართ და ძალდატანებით გადაჩვევა ზემოქმედებას ახდენს  ბავშვის განვითარებასა და  ჯანმრთელობაზე  და მივყავართ ისეთ უარყოფით შედეგებთან როგორიცაა:  აგზნებადობა და გაღიზიანებულობა, ადვილად დაღლადობა, შიშები, ძილის დაღვევები, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, მარჯვენა ხელში დაღლის განცდა, მუშაობის უნარის დაქვეითება,  აკვიატებული მოძრაობები, ტიკები, ენურეზი, ენაბორძიკობა.

-
მნიშვნელოვანია ცაცია ბავშვებს ჰქონდეთ  მხარდაჭერა მარცხენა ხელის გამოყენებაში მშობლების, ახლობლების, მასწავლებლების მხრიდან  (Yusra Masud at al. 2012). ეს ხელს შეუწყობს იგრძნონ თავი ბედნიერად და დარჩნენ ჯანმრთელები და ფსიქიკურად  ჯანსაღები.

-
გახსოვდეთ, ბავშვები რომლებიც გვევლინებიან ცაციებად,  თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობით არ ჩამოუვარდებიან თავიანთ თანატოლებს. კვლევებით დადასტურებულია რომ ცაციებს აქვთ უპირატესობა ინტელექტუალური უნარების განვითარებაში, ემოციურ  განვითარებაში (Бодрохотова, Брагина 1994). ცაციებთან ვლინდება დიდი  შემოქმედებითი, მხატვრული  უნარები. ამასთან, არიან უფრო მეტად  ემოციურები, ვიდრე მემარჯვენეები.

- ცაციებს შორის ბევრია გენიალური და დიდი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები:  მხატვრები, არქიტექტორები, მწერლები, მეცნიერები,  კომპოზიტორები, მსახიობები, მომღერლები, პრეზიდენტები და ა.შ. გთავაზობთ  მსოფლიოში ცნობილი ცაციების ჩამონათვალს: არისტოტელე, ფრიდრიხ ნიცშე, ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონ ბონაპარტი,  ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, პაბლო პიკასო, ალბერტ აინშტაინი, ისააკ ნიუტონი, ივან პავლოვი,  ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი, ალექსანდრე პუშკინი,  ლევ ტოლსტოი, მარკ ტვენი, უინსტონ ჩერჩილი, ჩარლი ჩაპლინი, მერლინ მონრო, რობერტ დე ნირო,  პოლ მაკარტნი და კიდევ მრავალი.

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული   ვხვდებით სხვადასხვა მოსაზრებებს   ცაციობის გამომწვევი მიზეზების შესახებ (Alan A. Beaton).   შეიძლება გამოვყოთ ყველაზე გავრცელებული მოსაზრებები, რომლითაც ცდილობენ ახსნან ხელის მხარეობა. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს:
გენეტიკური თეორიების თანახმად ხელის უპირატესობა დაკავშირებულია მემკვიდრეობით ფაქტორთან. ბავშვების 50%  გვევლინება ცაციად   თუკი ორივე მშობელი ცაციაა, ხოლო 16.7%- თუკი ერთი მშობელი მაინც ცაციაა, ხოლო 6.3% -თუკი ოჯახში არ გვხვდება ცაციობა.
კულტურულ-სოციალური თეორიები განიხილავს ხელის უპირატესობას  როგორც სოციალური აღზრდით,  ცხოვრებისეული გამოცდილებით  განპირობებულს. აღნიშნული თეორიები ხსნის უფრო მემარჯვენეობის ფენომენს, ვიდრე ცაციობას.  მაგ. მარჯვენა ხელის უპირატესობა გამოწვეულია იმით რომ მარცხენა ხელი იცავდა გულს ფარით და მარჯვენა ხელს ეპყრა იარაღი. სიცოცხლეს ინარჩუნებდნენ ასეთნაირად მებრძოლი ადამიანები, ვიდრე ის ადამიანები რომლებსაც მარჯვენა ხელში ეკავათ ფარი.
ათოლოგიური ცაციობის მოდელები ცაციობას განიხილავენ როგორც ტვინის დაზიანებით განპირობებულს. მაგ. მუცლადყოფნის დროს ნაყოფის ჰიპოქსია, დაბადებასთან დაკავშირებული ტრავმა ან ადრეულ ასაკში თავის ტვინის დაზიანება    იწვევს მარცხენა ჰემისფეროს მოტორული ცენტრის დაზიანებას და ხელის უპირატესობის შეცვლას.

მოგეხსენებათ, ადამიანის თავის ტვინი ორი ნახევარსფეროსგან შედგება. ორივე მათგანს  თავისი წვლილი შეაქვს ფსიქიკური ფუნქციებისა და  მოქმედებების განხორციელებაში.    გასულ საუკუნეში გავრცელებული თეორიის მიხედვით  თავის ტვინის განვითარების პროცესში მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის  ხდება ფუნქციების გადანაწილება.  მარჯვენა ჰემისფერო პასუხისმგებელია მხედველობით აღქმაზე, ხატისმიერ აზროვნებაზე. ხოლო მარცხენა ჰემისფერო განაგებს მეტყველებით ფუნქციებს, კითხვის, წერის და  მათემატიკურ უნარებს, ანალიზს,  ლოგიკურ აზროვნებას.   ითვლებოდა რომ მარჯვენა ჰემისფერო  იღებს ინფორმაციას და მართავს  სხეულის მარცხენა მხარეს.  ხოლო მარცხენა ჰემისფერო ემსახურება სხეულის მარჯვენა მხარეს. აქედან გამომდინარეობდა დასკვნა რომ მემარჯვენეებთან დომინანტური იყო მარცხენა ჰემისფერო, ხოლო მემარცხენეებთან მარჯვენა ჰემისფერო. თუმცა, აქვე უნდა ითქვას,  აღნიშნული დომინანტობა არაა აბსოლუტური.  ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევების თანახმად, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელის მოძრაობების რეგულაციაში  მონაწილეობას იღებს ორივე ნახევარსფერო (Sadato et al., 1996; Chen et al., 1997).

დღემდე რჩება ამოუხსენად თავის ტვინის მუშაობაში    რა ფაქტორია  წამყვანი, რაც  განაპირობებს მარჯვენა ან მარცხენა ხელისათვის  უპირატესობის მინიჭებას. მრავალი მოსაზრება არსებობს ხელის უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ, მაგრამ მათგან ვერცერთი თეორია ვერ ხსნის ადამიანებთან ხელის უპირატესობის წარმოშობის ყველა ასპექტს  (Jan W. Van Strien).


ავტორი
თამარ
მიქიაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია




 
Back to content | Back to main menu