როგორ გავუმკლავდეთ ბავშვების ტყუილებს - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

როგორ გავუმკლავდეთ ბავშვების ტყუილებს

ბიბლიოთეკა

გიფიქრიათ იმაზე, თუ რა არის ბავშვების მხრიდან ტყუილის თქმის მოტივი? რა დგას კონკრეტული ტყუილის უკან? ზოგ შემთხვევაში  იოლი მისახვედრია თუ რას ემსახურება ტყუილი მოცემულ სიტუაციაში, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც სხვებისთვის გაუგებარია, თუ რატომ ამბობს ბავშვი ტყუილს.

პირობითად, ტყუილი შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს. ე.წ. ჯანსაღი ტყუილი  ბავშვის განვითარების ნაწილია. ბავშვები ასეთი ტყუილის თქმას ადრეული ასაკიდან (დაახლოებით 2 წლიდან) იწყებენ და ამაში დიდ როლს ბავშვური ფანტაზია და წარმოსახვა თამაშობს (მაგალითად, 4 წლის გოგონა ამბობს, რომ მისმა სათამაშო დათუნიამ ზღაპარი მოუყვა). 5 წლამდე ასაკის ბავშვებს უჭირთ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფის გამიჯვნა რეალობისაგან. განვითარების კვალდაკვალ ბავშვი თანდათან უნდა ჩაწვდეს ტყუილისა და სიმართლის ცნებას.


ე.წ. თეთრი ტყუილი მიმართულია სხვა ადამიანის კეთილდღეობაზე. მაგალითად, ასეთი ტყუილის თქმა არის იმის მცდელობა, რომ თავიდან იქნას აცილებული სხვა ადამიანის გულის ტკენა, წყენინება (მაგალითად, ბავშვი მამას ეუბნება რომ მოეწონა მის მიერ ნაჩუქარი სათამაშო, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვანაირი უნდოდა). მსგავსი კატეგორიის ტყუილები 6 წლის ასაკიდან იჩენს თავს და ადამიანი  ხშირად იყენებს  მთელი ცხოვრების მანძილზე.


ტყუილების უმრავლესობა როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში,   ემსახურება საკუთარი თავისთვის სარგებლობის მოტანის მიზანს:  სასურველის მიღწევას და/ან არასასურველის თავიდან აცილებას (მაგალითად, მოსწავლე მშობელს ატყუებს, რომ გაკვეთილები უკვე იმეცადინა, რათა მიიღოს ნებართვა კომპიუტერზე სათამაშოდ;   მოსწავლე იტყუება, რომ თავი სტკივა, რათა თავიდან აიცილოს გაკვეთილებზე ჯდომა; ბავშვი იტყუება, რომ ლარნაკი გატეხა მისმა პატარა დამ, რათა თავიდან აიცილოს დასჯა მშობლის მხრიდან).


ბავშვი არ იბადება მორალური კოდით, მან უნდა აითვისოს სოციალური წესები, რაშიც მთავარ როლს გარემო ასრულებს. შესაბამისად, მშობლებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ბავშვების მხრიდან ტყუილების თქმის მინიმუმამდე დაყვანის მიმართულებითაც.


რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა:

  • თავშეკავება ბავშვის ტყუილის აღმოჩენის შემთხვევაში - მშობელი უნდა ეცადოს მეტისმეტად მწვავე რეაქციით არ შეხვდეს ტყუილს, კვლევები აჩვენებს, რომ მკაცრი დასჯით ვერ აღმოიფხვრება ბავშვების მხრიდან ტყუილების თქმა. უპირველეს ყოვლისა, უმჯობესია მშობელი დაფიქრდეს და ბავშვთან ერთად, მშვიდი კომუნიკაციით შეეცადოს ტყუილის მოტივის გამოვლენას, გაითვალისწინოს ბავშვის ასაკის, განვითარებისა და ტყუილის გაცნობიერების დონე, დაანახოს მას ტყუილის გარეშე პრობლემის მოგვარების გზები.


ტყუილის თქმის მოტივის დადგენა - იმის განსაზღვრა, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მოტივებიდან რას ემსახურება კონკრეტული ტყუილი:  

  • სხვის სიამოვნებას, სხვისი წყენინების თავიდან აცილებას;

  • სხვის დაცვას;

  • მისთვის სასურველი რამის მიღებას;

  • ყურადღების მოპოვებას;

  • გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას;

  • პრობლემის მოგვარებას;

  • დასჯის თავიდან აცილებას;

  • კამათის, ჩხუბის, უთანხმოების თავიდან აცილებას;

  • დაბალი თვით-შეფასების კომპენსაციას;

  • ძალაუფლების მოპოვებას;

  • რთული დავალების, ან არასასურველი რაიმეს თავიდან აცილებას;

  • სხვა


  • ჩარევა ტყუილის მიზეზის აღმოსაფხვრელად - თუ მოხდება ტყუილის მიზეზის, მაპროვოცირებელი ფაქტორების  დადგენა და შესაბამისი რეაგირება მათ მინიმუმამდე დასაყვანად, მაშინ შესაძლებელი იქნება ანალოგიურ სიტუაციებში ტყუილის თქმის პრევენცია. (მაგალითად, მოსწავლე იტყუება, რომ არ აქვს საშინაო დავალება მათემატიკაში. თუ დადგინდა, რომ ამას საფუძვლად უდევს სასწავლო პროგრამის დაძლევის სირთულე და მოხდება მოსწავლის დახმარება მათემატიკური დავალებების შესრულებაში, შემცირდება ტყუილის თქმის ალბათობა).


  • იარლიყების მიწებებაზე უარის თქმა - თუ მშობელი ბავშვს „მატყუარას“ შეარქმევს, ამით კარგს ვერაფერს მიაღწევს. უფრო მეტიც, შესაძლოა ამან განამტკიცოს კიდეც ბავშვის მხრიდან ტყუილის თქმა (შესაძლოა ბავშვმა ასე იფიქროს: „დედა მაინც მატყუარას მეძახის და შემიძლია ვიცრუო“.


  • ტყუილის თქმის საშუალების არ მიცემა - თუ მშობლისთვის უკვე ცნობილია ბავშვის დანაშაულის შესახებ, პირდაპირ უნდა უთხრას, რომ  მან იცის მომხდარის შესახებ და არ უბიძგოს ტყუილის თქმისკენ ზედმეტი შეკითხვების დასმით (მაგალითად,  თუ დაინახა, რომ მან გატეხა ლარნაკი, აღარ არის საჭირო შეკითხვა „ვინ გატეხა ეს?“


  • ტყუილების თქმის შედეგების ახსნა - მშობელმა უნდა აუხსნას ბავშვს თუ რატომ არის ტყუილი ცუდი და რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ის ტყუილების თქმამ.


  • გულწრფელობის წახალისება - მშობელმა მუდმივად უნდა გაუსვას ხაზი გულწრფელობის მნიშვნელობას და წაახალისოს ბავშვის მიერ სიმართლის თქმა, მაშინაც კი, თუ ის არასასურველია. თუ სიმართლის თქმას მოყვება მშობლის მხრიდან გაბრაზება, დასჯა, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვი ტყუილის თქმას ამჯობინებს საკუთარი შეცდომისა თუ მარცხის გულწრფელად აღიარებას, რათა თავიდან აიცილოს მშობლის მხრიდან ნეგატიური ქმედებები.


  • მოდელირება - ალბათ ძნელად მოიძებნება მშობელი, რომელსაც არ უთქვამს ტყუილი ბავშვის თანდასწრებით (მაგალითად: მოუტყუებია ბავშვის ასაკი კინოთეატრის ბილეთის შეღავათიან ფასში შესაძენად; უთხოვია ბავშვისთვის მეზობლისთვის ტყუილი ეთქვა, რომ დედა სახლში არ იყო). მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვები ბევრ რამეს სწორედ მათგან სწავლობენ, ახდენენ რა მათი ქცევების მოდელირებას. შესაბამისად, თუ ბავშვი მშობლის ტყუილს აფიქსირებს, მისთვისაც მისაღები ხდება ტყუილის თქმა. სწორედ ამიტომ, მშობლებმა უნდა აკონტროლონ საკუთარი ქცევები და იზრუნონ ბავშვებისათვის კარგი მოდელების შეთავაზებაზე.



ზოგჯერ შესაძლოა მხოლოდ მშობლის ძალისხმევა და სწორი მიდგომა არ იყოს საკმარისი ბავშვების ტყუილებთან გამკლავებისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს შემთხვევები, როდესაც:

  • ბავშვი იტყუება სისტემატურად, ტყუილი გადაზრდილია ჩვევაში;

  • ბავშვი იტყუება უმიზეზოდ, მაშინაც კი, როდესაც ტყუილის თქმის სერიოზული მოტივი არ აქვს  (და არც მისი განვითარების საფეხურს  შეესაბამება);

  • ბავშვს არ აქვს დანაშაულის განცდა  ტყუილების თქმასთან დაკავშირებით;

  • გარშემომყოფები ვეღარ ენდობიან ბავშვს, აღარ სჯერათ, რომ ის ოდესმე სიმართლეს იტყვის;

  • ტყუილს აქვს სერიოზული ხასიათი და ზიანს აყენებს თვითონ ბავშვს და/ან გარშემომყოფებს.


ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია მშობელმა მიმართოს ფსიქოლოგს, რათა განხორციელდეს დროული ჩარევა პრობლემის გამწვავებისა და ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად.



ავტორი
თამარ
მუმლაძე

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu