დამახსოვრების უნარის გაუმჯობესება - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

დამახსოვრების უნარის გაუმჯობესება

ბიბლიოთეკა

ბავშვობის ასაკიდან მუდმივად გვიწევს ახალი ინფორმაციის მიღება, გარკვეული ქცევის დასწავლა და შემდეგ შესაბამის ვითარებაში გამოყენება, რაშიც დამახსოვრების უნარი გვეხმარება. 

დამახსოვრების უნარი, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში. მოცემული სირთულის დასაძლევად, ქვემოთ წარმოდგენილია პრაქტიკული რჩევები, რომელთა შესრულებაც დაგეხმარებათ გაუუმჯობესოთ ბავშვს აღნიშნული უნარი:
  • გამეორება: საჭიროა ბავშვისთვის შევქმნათ ბევრი შესაძლებლობა რათა მან გამოიყენოს და გაიმეოროს დასწავლილი ინფორმაცია. მაგალითად: თუ ბავშვს ასწავლით მისი დის სახელს, მაგრამ მას არასოდეს აქვს მიზეზი დაელაპარაკოს თავის დას, მას გაუჭირდება დის სახელის დამახსოვრება. მაგრამ თუ თქვენ დღის განმავლობაში დაუსვამთ მას შეკითხვებს : „ვინ ზის სავარძელში?“/“ვის უჭირავს წიგნი?“ და ა.შ. მას მოუწევს ხშირად გაიხსენოს და გაიმეოროს დის სახელი.
  • გენერალიზება: რათა დავრწმუნდეთ რომ ბავშვმა ნამდვილად აითვისა ესა თუ ის უნარი, საჭიროა პრაქტიკა განხორციელდეს სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა ადამიანებთან და განსხვავებულ საგნებთან. მაგალითად, თუ ბავშვს შეუძლია გამარჯობის თქმა ოჯახის რომელიმე წევრთან სახლის გარემოში, შეძლოს მიესალმოს სხვა ოჯახის წევრებსაც, მიესალმოს მეზობელს ქუჩაში, მეგობარს საბავშვო ბაღში და ა.შ. თუ ბავშვმა იცის როგორ დაიბანოს ხელები სააბაზანოში, დარწმუნდით, რომ მას ასევე შეუძლია ხელების დაბანა სხვა ადგილმდებარეობის ონკანთან (სამზარეულო, სხვა შენობის სააბაზანო). შექმენით შესაძლებლობები, რომ უკვე დასწავლილი ქცევა პრაქტიკულად გამოსცადოს ახალ ვითარებაში. აღნიშნული მიდგომა შესაძლებელია გამოიყენოთ ნებისმიერ საკითხთან: ერთსა და იმავე კითხვაზე პასუხის გაცემა სხვადასხვა ადამიანებთან, განსხვავებული პერანგების შეკვრა, სხვადასხვა ფეხსაცმელების შეკვრა, თამაში სხვადასხვა თანატოლებთან და ა.შ. 
  • გამოიყენეთ კარნახი/მინიშნება: დამახსოვრების გაუმჯობესებისთვის შესაძლებელია მცირედი მინიშნებების შემოტანაც. ასე მაგალითად, დავუშვათ, ბავშვთან მუშაობა ხდება სოციალურ უნარებზე. მან უნდა უპასუხოს თანატოლის დასმულ შეკითხვას („-როგორ ხარ?“ „-კარგად“). სიტყვა „კარგად“ შეგვიძლია დავაწყვილოთ ხელით მინიშნების ჟესტთან ისე, რომ პიროვნებამ, ვინც ბავშვის უნარებზე მუშაობს გამოიყენოს ხელით მინიშნება ბავშვის მიმართულებით, რომელსაც ამ გზით გაახსენდება, რომ უთხრას თანატოლს „კარგად“. 
  • გახადეთ სახალისო: დამახსოვრების უნარის გაუმჯობესებისთვის, ასევე, საჭიროა განსხვავებული დასწავლის სტრატეგიების გამოყენება. მაგალითად, თუ ბავშვს ასწავლეთ საკუთარი სახელის დაწერას ფურცელზე ფანქრით, ახლა სცადეთ დაწეროს ის მარკერითაც, შემდეგ გააფერადოს, შემდეგ დაწეროს ელექტრონულ მოწყობილობაში ან/და ცარცით დაფაზე და ა.შ.

დამახსოვრების უნარზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადია და გარკვეულ ძალისხმევას და სიმტკიცეს მოითხოვს როგორც ბავშვისაგან ასევე უფროსისგანაც, მაგრამ მხოლოდ ამ გზით შეიძლება იმ სირთულეების დაძლევა, რაც შეიძლება ბავშვს შეხვდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
 
ავტორი 
ხატია ხომერიკი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu