მუსიკა და სოციალური პერცეფცია - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

მუსიკა და სოციალური პერცეფცია

ბიბლიოთეკა

- ანუ მითხარი, რას უსმენ და გეტყვი, ვინ ხარ შენ

მუსიკა თითოეული ჩვენგანის, განსაკუთრებით კი მოზარდებისა და ახალგაზრდების, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი როლი და ფუნქცია გაცილებით დიდია, ვიდრე ეს შესაძლოა ერთი შეხედვით ჩანდეს. კერძოდ, როგორც სხვადასხვა კვლევები მიუთითებს, ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საყვარელი მუსიკა მათ ღირებულებებს, შეხედულებებსა და ცხოვრების სტილს ასახავს და რეალურად ტანსაცმელზე, საყვარელი ფილმებზე, წიგნებსა და სხვა გატაცებებზე უკეთ წარმოაჩენს მათ იდენტობას (Rentfrow, 2012).
ამ კვლევების მონაცემები სრულ თანხმობაშია სოციალურ ქსელებში გამოვლენილ ქცევებთან: იმ ინფორმაციიდან, რომელსაც ინდივიდები  საკუთარი თავის შესახებ აზიარებენ, საყვარელი მუსიკალური ჯგუფი თუ შემსრულებლების კატეგორია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ინტერნეტით ახალგაცნობილ წყვილებშიც სწორედ მუსიკა ლიდერობს სასაუბრო თემებს შორის (Rentfrow& Gosling 2006).
თუკი ახალგაზრდები მუსიკას საკუთარი თავის წარმოსაჩენად იყენებენ, საინტერესოა  მართლაც ახდენს თუ არა მუსიკა გავლენას იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ინდივიდს სხვები?
როგორც სტერეოტიპების შესახებ ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, ადამიანებს მართლაც განსხვავებული წარმოდგენები აქვთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მსმენელების შესახებ. მაგალითად, კლასიკური მუსიკის მოყვარულები მოიაზრებიან, როგორც თეთრკანიანი, მდიდარი, შრომისმოყვარე, ინტროვერტული, ფიზიკურად ნაკლებმიმზიდველი, გონიერი და არტისტული ადამიანები მაშინ, როდესაც რეპის მსმენელებს, არსებული სტერეოტიპების თანახმად, ექსტრავერტულობა, ათლეტურობა, ლუდისა და მარიხუანას სიყვარული გამოარჩევთ; როკის სიყვარული კი ემოციურ არასტაბილურობასთან, მეტ გახსნილობასთან, არარელიგიურობასა და პოლიტიკურ ლიბერალიზმთან ასოცირდება.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, როდესაც აღნიშნული სტერეოტიპები მუსიკის კონკრეტული ჟანრების რეალური მოყვარულების მახასიათებლებს შეადარეს, მათში მართლაც აღმოჩნდა სიმართლის მარცვალი.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიმართულებით კვლავ ბევრი რამ რჩება საკვლევი, ავტორები გვთავაზობენ დავასკვნათ, რომ შექსპირის პერსონაჟი მართალი იყო, როდესაც ამტკიცებდა, რომ მუსიკისადმი დამოკიდებულების მიხედვით შესაძლებელია პიროვნებაზე მსჯელობა:
 
„კაცი, რომელსაც თვითონ არ აქვს მუსიკის გრძნობა
ვისაც სრულებით ვერ შეარხევს ტკბილი ჰანგები
ჩაიდენს ღალატს, გამცემლობას, ავაზაკობას
იმისი სული ბნელი არის შავ ღამესავით
ერებუსივით წყვდიადია მისი გრძნობები,
არ უნდა ენდო ასეთ კაცსა.“  

(„ვენეციელი ვაჭარი“ V, I, 83-85)

ავტორი
თამთა
საამიშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu