როგორ ვუთხრათ უარი ბავშვს - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

როგორ ვუთხრათ უარი ბავშვს

ბიბლიოთეკა

ალბათ მშობლები დაგვეთანხმებიან იმაში, რომ ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთული მისიაა. ბავშვის აღზრდის, მასთან თამაშისა და ურთიერთობის  პროცესი ჰარმონიულად და ეფექტურად რომ წარიმართოს, მშობელს დიდი სიფრთხილე მართებს.

ბავშვის აღზრდის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბავშვის ქცევის მართვაა. გარემო ბავშვებს უწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, განუსაზღვრავს თუ რა შეიძლება და რა არა, რომელია  მისაღები ქცევა და რომელი მიუღებელი.

პრაქტიკულად ყველა მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც შვილს უკრძალავს რაიმე კონკრეტულ ქმედებას, მაგალითად, სთხოვს შვილს, რომ არ  ჩახტეს გუბეში, მაგრამ ბავშვი მაინც არ ემორჩილება და  საპასუხოდ თითქოს  უფრო დიდი შემართებით აგრძელებს ამავე ქცევის განხორციელებას.  როგორ უნდა წავმართოთ ურთიერთობა ბავშვთან ისე, რომ მშობლის მიერ ნათქვამი „არ შეიძლება“ იქნეს გაგონილი და გათვალისწინებული? ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე რეკომენდაცია:

ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა შეეჩვიოს, რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები. როდესაც ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე იცის, რომ არსებობს გარკვეული წესები, რომელიც უნდა დაიცვას, ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, გაუადვილდება წესების გათვალისწინება.

კატეგორიულად და ხშირად ბავშვისთვის „არა“-ს და „არ შეიძლება“- ს თქმა არ არის სასურველი. რადგან ისეც ხდება რომ ზოგჯერ მშობლები ბავშვს უარს ეუბნებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თავად უფრო აწყობთ და მათთვის ეს გამოსავალი შედარებით კომფორტულია. ამ სიტყვების წარმოთქმა უფრო მარტივია, ვიდრე რაიმე კონკრეტული ქმედება.

მინიმუმამდე დაიყვანეთ გარემოებები, რომლებსაც ბავშვის ქცევის აკრძალვამდე მივყავართ. გახსოვდეთ, რომ გადაჭარბებული აკრძალვებით ბავშვი ხდება დეზორიენტირებული, ის ვეღარ ხვდება თუ როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში.   შეძლებისდაგვარად უნდა შეეცადოთ  აკრძალვის  წყაროების აღმოფხვრას. მაგალითად, მოაშორეთ ბავშვის თვალთახედვის არედან  მისთვის სახიფათო ბასრი საგნები ან ელექტრო ხელსაწყოები,  რისი გამოყენების მცდელობაც აკრძალვით დასრულდება. ასევე, იმის ნაცვლად რომ აუკრძალოთ ბავშვს ცხოველის წვალება, მიზანშეწონილია აუხსნათ, რატომ არ შეიძლება ცხოველის წვალება და რას განიცდის ის ამ დროს.

ნუ გამოიყენებთ სიტყვას „არა“ რაიმეს აკრძალვის მიზნით ძალიან ხშირად.  კატეგორიულად და ხშირად ბავშვისთვის „არა“-ს და „არ შეიძლება“- ს თქმა არ არის სასურველი. სიტყვა „არა“ რაც შეიძლება იშვიათად უნდა ისმოდეს. ჩათვალეთ, რომ ეს არის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოსაყენებელი სიტყვა. მაშინ, როდესაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ ამ სიტყვას,  შეიძლება ითქვას, რომ ძალაუნებურად მის მნიშვნელობას ვაუფასურებთ და ის კარგავს თავის დანიშნულებას. მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი შემთხვევები, როდესაც მშობლები ბავშვს უარს ეუბნებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თავად უფრო აწყობთ და მათთვის ეს გამოსავალი შედარებით კომფორტულია, ანუ ამ სიტყვების წარმოთქმა უფრო მარტივია, ვიდრე რაიმე კონკრეტული ქმედება მათი მხრიდან.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ხშირი აკრძალვები აფერხებს ბავშვის განვითარებას და ხელს უშლის მის პიროვნულ ზრდას. ბავშვს უნდა აინტერესებდეს ბევრი რამ, მაგალითად ის თუ რისგან შედგება ესა თუ ის მოწყობილობა, რა არის ობიექტის შიგნით, როგორ იხსნება და ასე შემდეგ. ასეთი ინტერესი განვითარების ნორმალური მოვლენაა. ხშირი აკრძალვები ბავშვს ხელს შეუშლის მისთვის საინტერესოს შეცნობაში, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა ინტერესის დაკარგვაც გამოიწვიოს და ეს მოზრდილ ასაკშიც შეუნარჩუნდეს. მუდმივი აკრძალვების გარემოცვაში მყოფი  ბავშვი  ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას და გონივრულ რისკზე წასვლას.

თუ ნათქვამია „არა“, ეს აკრძალვა უნდა შეინარჩუნოთ ბოლომდე და არ დაუშვათ გამონაკლისი. ბავშვს უნდა აუკრძალოთ მხოლოდ ის, რაც არ არის დასაშვები და რისი აკრძალვაც აუცილებელია მისივე უსაფრთხოებისთვის, ან სხვა მნიშვნელოვანი მიზეზით. თუ მეორე წუთში ამ აკრძალვას თქვენ თვითონ დაივიწყებთ, ან უგულვებელყოფით, აკრძალვას აზრი დაეკარგება. მაგალითად, თუ ეუბნებით ბავშვს რომ არ შეიძლება მჭრელი საგნის ხელში დაჭერა და თამაში, არ უნდა დაუშვათ ამის არცერთი შემთხვევა და არ უნდა სთხოვოთ ბავშვს დანის მოტანა.

ბავშვს აუცილებლად უნდა აუხსნათ თქვენი უარი და აკრძალვა. ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააგებინოთ მიზეზი იმისა, თუ რატომ ეკრძალება ბავშვს რაიმე. მაგალითად, უნდა აუხსნათ, რომ  რაიმე არ შეიძლება, რადგან სახიფათოა მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის, მაგალითად დანა არის მჭრელი და დანით თამაშისას შეიძლება  გაეჭრას ხელი. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს მშობლის განმარტებების და არგუმენტების არსი და მნიშვნელობა. ის უნდა მიხვდეს, რომ აკრძალვა არ არის უფროსის კაპრიზი, არამედ ამით მის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

ახსნა-განმარტებები და ბავშვთან დიალოგი საჭიროა არა მარტო რაიმეს აკრძალვის შემთხვევაში, არამედ მაშინაც, როდესაც, ბავშვს უარს ეუბნებით მისი სურვილის შესრულებაზე. მაგალითად, როდესაც ბავშვი მაღაზიაში სთხოვს უფროსს უყიდოს ესა თუ ის ნივთი, კარგი იქნება თუ უფროსი კითხავს მას თუ რისთვის სჭირდება ის? რამდენად აუცილებელია? ან იქნებ შეიძლება მისი სხვა ნივთით ჩანაცვლება? თუ ბავშვს სურს რაღაც არა აუცილებლის ყიდვა, უფროსს შეუძლია აუხსნას, რომ  არ აქვს იმის საშუალება  მაღაზიაში ყოველ ჯერზე შეუძინოს არც ისე საჭირო ნივთი. ხოლო თუ ეს ნივთი ნამდვილად საჭიროა, მაგრამ მშობელს იმ წუთას არ აქვს მისი ყიდვის საშუალება, უნდა შეათანხმოს ბავშვთან, რომ მოგვიანებით აუცილებლად შეუძენს და მართლაც არ უნდა დაივიწყოს დანაპირები.

სიტყვა „არა“ წარმოთქვით რაც შეიძლება ნეიტრალური, მაგრამ თავდაჯერებული ხმის ტონით. იმ დროს როდესაც თქვენ გაბრაზებული ხმით რაღაცას უკრძალავთ ბავშვს, ის ამ ინტონაციას საკუთარ თავთან მიმართებაში  იღებს, ფიქრობს, რომ  მისით ხართ უკმაყოფილო, რადგან მან დააშავა. ხოლო ეს მის მიერ არ აღიქმება სერიოზულად და შესაბამისად, უარს არ ანიჭებს შესაბამის მნიშვნელობას.

რაიმე კონკრეტულის  აკრძალვის შემთხვევაში, შესთავაზეთ ბავშვს ალტერნატიული აქტივობა, ნივთი.  მაგალითად, თუ ბავშვს ეუბნებით უარს ბასრი საგნებით თამაშზე, შესთავაზეთ სხვა ნივთები, რითიც შეუძლია გაერთოს.

საკუთარ მაგალითზე დაანახეთ ბავშვს რომ თქვენც ემორჩილებით გარკვეულ  აკრძალვებსა და წესებს. ბავშვი უფრო მარტივად შეძლებს აკრძალვების მიღებას, როდესაც დაინახავს, რომ ეს უფროს ადამიანებსაც ეხება.

აკრძალვის შემთხვევებში ყველა ოჯახის წევრის პოზიცია და დამოკიდებულება უნდა იყოს ერთგვაროვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ძალიან სწრაფად მიხვდება იმას რომ მაგალითად, თუ დედა უკრძალავს რაიმეს, ბებია  შეიცოდებს და ნებას დართავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აკრძალვას აღარ დაემორჩილება და სასურველის მისაღებად  ბებიას მიმართავს.

თუ რაიმე შეგეშალათ ან აზრი შეიცვალეთ, ნუ შეგეშინდებათ ამის აღიარების. ამით თქვენ ბავშვს დაანახებთ, რომ ყველას შეიძლება მოუვიდეს შეცდომა და რომ თქვენ არ გეშინიათ ამის აღიარების. ასევე, შეგიძლიათ უთხრათ ბავშვს რომ იჩქარეთ დასკვნების გაკეთება ბავშვისთვის უარის თქმის საჭიროების შესახებ და ახლა გადაწყვიტეთ  მისი თხოვნის შესრულება.  

ყოველთვის შეაქეთ ბავშვი, როგორც კი მისაღებ ქცევას განახორციელებს. ბავშვის მისაღებ ქცევას აუცილებლად სჭირდება შექება და წახალისება. ამით მშობელი ეხმარება ბავშვს იმის გაცნობიერებაში, რომ მისი კარგი ქცევა მშობელს სიამოვნებას ანიჭებს,  ახარებს და თვითონ ბავშვიც ამით სარგებელს ნახულობს.
 
სიტყვები „არა“ და არ შეიძლება“, უფროსმა სასურველია გამოიყენოს მხოლოდ აღმზრდელობითი დატვირთვით და არა ურთიერთობების გასარჩევად. ბავშვისთვის ეს სიტყვები ნიშნავს მისი სურვილის, ან ქმედების უარყოფას და აკრძალვას და სწორედ ამიტომ, ის, თუ როგორ ეუბნება ამას უფროსი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას უკრძალავს უფროსი არა იმიტომ, რომ მას ასე სურს, არამედ იმიტომ, რომ ის მასზე ნერვიულობს და ზრუნავს.


ავტორი
ნანა ფიფია

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu