მეტყველების სტიმულაცია - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

Go to content

მეტყველების სტიმულაცია

ბიბლიოთეკა
(ქცევის გამოყენებითი ანალიზი მეტყველების სტიმულაციისთვის აუტიზმის შემთხვევაში)

ქცევის გამოყენებითი ანალიზი  მეტყველებას განიხილავს, როგორც ვერბალურ ქცევას, შესაბამისად ABA თერაპია  წარმატებით გამოიყენება მეტყველების, კომუნიკაციის უნარების  დასასწავლად.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც  დაგეხმარებათ აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში:

  • თავდაპირველად მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ბავშვის რეპერტუარში არსებული ბგერების, სიტყვების იდენტიფიცირება, და ჩავინიშნოთ ყოველდღიურად.
  • მნიშვნელოვანია მის რეპერტუარში არსებული ბგერების მიბაძვა (ნდობის მოპოვება), როდესაც ბავშვი ამბობს: „იიიი“, მშობელიც  ბაძავს და ამბობს: „იიიი“ ამ დროს ხშირ შემთხვევაში მისგან  ვიღებთ ყურადღებას, შემოხედვას, გაღიმებას და მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან შესაძლოა შემდეგში თავად მოგვბაძოს და გაიმეოროს ჩვენს მსგავსად  ბგერები, სიტყვები.
  • მეტყველების სტიმულაციისთვის, ასევე მივმართავთ  ბგერების დაკავშირებას მოქმედებებთან. მაგ. ვაკაკუნებთ კარზე, თან ვახმოვანებთ: „კაკ-კუკ“, ვარჭობთ ჩაქუჩით სარჭს, თან ვამბობთ: „ბახ-ბახ“ ვაგორებთ მანქანას და ვახმოვანებთ: „პი-პი“ ამ შემთხვევაში თუ კარგი იმიტაციის უნარები აქვს და გვბაძავს მოქმედების განხორციელებაში, შესაძლოა ბგერების წარმოთქმაშიც მოგვბაძოს.
  • მეტყველების სტიმულაციისთვის ასევე ვიყენებთ  პირით იმიტაციებს, თუ კარგი იმიტაციის უნარი აქვს. ჯერ  თავად წარმოვიდგინოთ  როგორი მდებარეობა აქვს პირს (ენას, ტუჩებს) როცა ვამბობთ მაგალითად  ასო-ბგერა “ო“-ს , და ვთხოვოთ ბავშვს, გააკეთოს ჩვენსავით ტუჩების მოძრაობა. ჩვენ ტუჩების მოძრაობასთან ერთად  გავახმოვანებთ და ვიტყვით: “ოოოო“, თუ ტუჩების, ენის მდებარეობაში გვბაძავს, შეიძლება მოგვბაძოს ბგერების თქმაშიც. იგივე შეგვიძლია სხვადასხვა ბგერებზე, სასურველია თავიდან ხმოვნების წარმოთქმით დავიწყეთ და შემდეგ შეიძლება გადასვლა თანხმოვანი-ხმოვნის კომბინაციაზე, მაგ: სთხოვთ გააკეთოს პირით ის მოძრაობა რაც ჭირდება „ბო“ მარცვლის წარმოთქმას. ამ დროს მნიშვნელოვანია გვიყუროს პირის აპარატზე, ან სარკე გამოვიყენოთ, რომ ზუსტად ჩვენსავით გაიმეოროს.
  • ინტონაციის ცვლილება - შეეცადეთ თამაშისას, გახმოვანებისას ცვალოთ  ინტონაცია,  თუნდაც ერთიდაიგივე სიტყვების წარმოთქმისას ეცადეთ ითამაშოთ ინტონაციით და სხვადასხვა ჟღერადობით მიაწოდოთ სიტყვები, შეიძლება ეს იყოს მისთვის საინტერესო.
  • ბგერების/ სიტყვების დაკავშირება მისთვის სასურველ საგნებთან (მოტივაცია)- მას შემდეგ რაც ვახდენთ მის რეპერტუარში არსებული ბგერების იდენტიფიკაციას,   შეგვიძლია დავუკავშიროთ ისინი კონკრეტული, მისთვის სასურველი საგნების მოთხოვნას, მაგ: ბავშვს უყვარს თოჯინა და ხშირად ითხოვს. სანამ მივცემთ, წარმოვთქვათ რაიმე ბგერა მისი რეპერტუარიდან და  თუ გაიმეორებს,  მივცეთ მისთვის სასურველი თოჯინა.   თუ არის  შესაძლებელი, ვეცადოთ ბავშვის რეპერტუარში არსებული ბგერები დავამთხვიოთ საგნის სახელწოდებაში შემავალ ბგერებს, მაგ:  ბავშვს რეპერტუარში აქვს  “აააა“ ბგერა, და ვიცი რომ მოსწონს თოჯინა,  როცა გაიწევს მისკენ, ვამბოთ: “ააა“, ველოდებით და თუ ბავშვი ამბობს :“ააა“ ვაძლევთ და თან  ვახმოვანებთ: „თოჯინააა“.

შენიშვნა: შეიძლება თავდაპირველად ნებისმიერ ბგერაზე მივცეთ სასურველი საგანი/აქტივობა, ჩვენ კი გავაგრძელოთ მის რეპერტუარში  არსებული ბგერების მოთხოვნა და შემდეგ ნელ-ნელა მოვახდინოთ  ექოს ფორმირება. მთავარია მიხვდეს, რომ მის მიერ  გაღებულ ძალისხმევას (ამ შემთხვევაში ბგერების თქმას) მოყვება რაღაც მისთვის სასურველი. ხდება ერთგვარად მეტყველების სტიმულირება, რადგან ის სასიამოვნოსთან წყვილდება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევარჩიოთ საგნები/აქტივობები, რომლებსაც მოითხოვს. მაგალითად  წყალი, ბგერების საშუალებით მოითხოვს  თუ არა, მაინც უნდა დავალევინოთ დღის მანძილზე, თუმცა შეგვიძლია მაგალითად შოკოლადით, ან რაიმე სასუსნავით გამოვიწვიოთ მისი მოტივაცია.

გვახსოვდეს, ბავშვს ბგერების მოთხოვნას  ყველაფერზე  ვერ დავუწესებთ, რისი მიღების სურვილიც ექნება. ასე მოთხოვნებმა შეიძლება პირიქით, შეასუსტოს  მოტივაცია და უარი  საერთოდ ამ ნივთზე თქვას, რაც ასე მოსწონს. პირიქით დავიწყოთ ერთი, ორი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მამოტივირებელი საგნებით „მანიპულაცია“,  რის მისაღებადაც გაიღებს ძალისხმევას( წარმოთქვამს  შეთავაზებულ ბგერებს) და შემდეგ დაჯილდოვდება მისთვის სასურველით.

მნიშვნელოვანია ბავშვთან მუშაობისას ვიყოთ მომთმენები, თანმიმდევრულები და არ დაგვავიწყდეს ბავშვის თითოეული ძალისხმევის წახალისება!

ავტორი
მარიამ ჟიჟიაშვილი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


Back to content