იმიტაცის (მიბაძვა) უნარის განვითარების მნიშვნელობა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

Go to content

იმიტაცის (მიბაძვა) უნარის განვითარების მნიშვნელობა

ბიბლიოთეკა
ადამიანის ქცევის სწავლა ხდება გარემოზე დაკვირვების მეშვეობით. ბავშვი აკვირდება ადამიანებს მის გარშემო, უმეტესად ესენი არიან ოჯახის წევრები, გმირები სატელევიზიო გადაცემებიდან, მეგობრები, მასწავლებლები ბაღსა და სკოლაში. ეს ადამიანები არიან ქცევის მოდელები ბავშვისთვის, რომელიც აკვირდება და იმეორებს მათ სოციალურად მისაღებ თუ მიუღებელ ქცევებს. გამოდის რომ, ადრეული ბავშვობის პერიოდში დაახლოვებით 2-6 წლამდე ბავშვის დასწავლის პროცესში დიდი როლი ენიჭება გარემოსა და მასში არსებული ადამიანების ქცევებზე დაკვირვებას და გამეორებას. ანუ  შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი მისი ქცევის დიდ ნაწილს დაისწავლის დაკვირვებითა და გამეორებით. ტიპიური განვითარების შემთხვევაში  აღნიშნული უნარი ბავშვს ბუნებრივად გააჩნია და იყენებს, რათა დაისწავლოს სხვადასხვა ქცევები, იქნება ეს მეტყველება, ემოციების გამოხატვა, თვით-მოვლის უნარები თუ სხვა. რა ხდება სხვა შემთხვევებში?
 

მაგ. აუტიზმის სპექტრის  დროს, ბავშვის ნაკლებად აქცევს ყურადღებას გარემოს და გარემოში არსებულ ადამიანებსა და ობიექტებს. შესაბამისად, ნაკლებად ხდება მათზე დაკვირვებითა და გამეორებით საჭირო ქცევების დასწავლა. სწორედ ასეთ დროს იმიტაციის უნარის განვითარებაზე მუშაობა ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევაა. დასაწყისისთვის აღნიშნული უნარის განვითარებაზე მუშაობა მეტად ტექნიკურ ხასიათს ატარებს, მაგ. ბავშვს ვეუბნებით:  „გააკეთე ასე“ და მანაც უნდა გაიმეორეს ჩვენი შესრულებული მოქმედება.

აღსანიშნავია, რომ მოქმედებები, რომლის გამეორებასაც ბავშვს ვთხოვთ სხვადასხვა სირთულისაა. პირობითად შესაძლოა გავაერთიანოთ შემდეგ კატეგორიებში:
1. მსხვილი მოტორული იმიტაციები (ახტომა, ჩაკუზვა, ცალ ფეხზე დგომა);
2.    წვრილი (ნატიფი) მოტორული იმიტაციები (ტაშის დაკვრა, დაკაკუნება, ხელების მაღლა აწევა, თითების სხვადასხვა მოქმედებები);
3.  პირის იმიტაციები (ენის, ტუჩების, ლოყების ანუ პირის ღრუსთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედებები);
4.  ობიექტების გამოყენებით იმიტაციები  (მოქმედებაში ჩართულია ობიექტები, მაგ. ჯოხით დოლზე დაკვრა);  

თავდაპირველად მუშაობა იწყება მსხვილი მოტორული  და ობიექტების გამოყენებით იმიტაციებით. შემდეგ შემოდის ნატიფი მოტორული და პირის იმიტაციები. აღსანიშნავია რომ პირის იმიტაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტყველების განვითარების პროცესისათვის.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის იმიტაციის უნარებზე მუშაობა არ არის მარტივი პროცესი. ბავშვისთვის ჩვენი მოქმედების გამეორება მოითხოვს სხვადასხვა ფსიქიკური პროცესების ჩართულობას:
1. უნდა შეხედოს რას ვაკეთებთ;
2. უნდა აღიქვას (ამისთვის მხოლოდ შეხედვა არა საკმარისი);
3. უნდა დაიმახსოვროს ჩვენი მოქმედება;
4. უნდა არსებობდეს მოტორული მზაობა;

აქედან გამომდინარე, იმიტაციის უნარზე მუშაობისას ზემოთ ნახსენები უნარების გავარჯიშებაც ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოტივაციის არსებობა თითოეული ამ ნაბიჯის განხორციელებისთვის. უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ბავშვს ექნება მოტივაცია შეასრულოს ჩვენი ინსტრუქცია. დასწავლა ასე უფრო სწრაფი, ეფექტური და რაც მთავარია ბავშვისთვის სასიამოვნო იქნება.

მუშაობის პროცესში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს შემდეგი:
1. იმიტაციის უნარზე მუშაობის მთავარი მიზანია ბავშვმა მომავალში საკუთარი ინიციატივით გაიმეოროს გარშემო მყოფი ადამიანების მოქმედებები და ასე ისწავლოს სხვადასხვა საჭირო ქცევები. ამჟამად ტაშის დაკვრის გამეორების სწავლება ემსახურება იმ მიზანს, რასაც სპონტანური იმიტაცია ეწოდება ანუ ბავშვი თავისი სურვილით აკეთებს ამას სხვადასხვა ადამიანებთან სხვადასხვა გარემოში.
2. ეცადეთ მუშაობის პროცესი იყოს სასიამოვნო. უსიამოვნების შემთხვევაშიც კი ბავშვმა შესაძლოა შეასრულოს ინსტრუქცია „ჩვენი ხათრით“, „განმამტკიცებლის ხათრით“ , მაგრამ არასდროს გააკეთებს ამას თავისი სურვილით.
3. მუშაობის პროცესში დახმარება უნდა იყოს ზუსტად იმ სიხშირითა და ინტენსივობით, რამდენიც ბავშვს სჭირდება.  მეტი დახმარების შემთხვევაში ბავშვი დამოკიდებული გახდება ამ დახმარებაზე, ნაკლები დახმარების შემთხვევაში კი ბავშვი იქნება ფრუსტრირებული, საკუთარი თავის რწმენას დაკარგავს, რაც თავისთავად ნეგატიური ემოციების გამომწვევია.
4.  მიბაძვის სწავლების დროს შეთავაზებული მოქმედებები უმჯობესია მაქსიმალურად ფუნქციური დატვირთვის იყოს. ანუ,  დაკაკუნება, ტაშის დაკვრა, ჩაკუზვა, მას ბევრ სიტუაციაში დასჭირდება და გამოადგება.  მაგ. ობიექტებით იმიტაციის დროს უმჯობესია ვთხოვოთ გაიმეოროს კოვზით ჭიქაში მორევა, ვიდრე კოვზით კედელზე დაკაკუნება.

 
გვახსოვდეს, რომ იმიტაციის უნარი და მის განვითარებაზე მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაზე მუშაობის პროცესში. ამ დროს ხდება ისეთი უნარების გავარჯიშება და განვითარება, როგორიცა მაგ. მეტყველება, კოგნიტური უნარები, აღქმა, მეხსიერება, ყურადღება. ბავშვი სწავლობს მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ყურადღების მიქცევას, კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება ბავშვის ინტერესები და ქცევის რეპერტუარი. ყველაფერი ეს კი წარმოადგენს საფუძველს, მივაღწიოთ ბავშვთან მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს: გახდეს ის მაქსიმალურად დამოუკიდებელი პიროვნება და  გაუმჯობესდეს მისი ცხოვრების ხარისხი.  

ავტორი
ნათია დონღვანი


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია





Back to content