მითითების შესრულება - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

Go to content

მითითების შესრულება

ბიბლიოთეკა
თუ ბავშვი ჩვენს მითითებებს არ ასრულებს

ბავშვისა და მშობლის წარმატებული კომუნიკაციისათვის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორად გადაცემული შეტყობინება. გზა, თუ როგორ ვაძლევთ  მითითებას ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექსტის შინაარსი.

 
ხშირად მშობლები  იმედგაცრუებულები არიან, რადგან  ბავშვებს სთხოვენ რაიმეს შესრულებას, ისინი კი  ისე იქცევიან თითქოს არ გაუგონიათ, ან ეთანხმებიან  და შემდეგ აგრძელებენ კვლავ იმის კეთებას, რასაც აკეთებდნენ. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ  ბავშვმა უარი განაცხადოს ინსტრუქციის შესრულებაზე, ან გააპროტესტოს რთული ქცევის გამოვლენით, ტირილით, ყვირილით და ა.შ.                                         
 
თუ ეს სიტუაციები თქვენთვის ნაცნობია მაშინ მივყვეთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს, რათა ბავშვთან დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია.

1. მითითების მიცემისას არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გათვალისწინებასაც ძალიან  დიდი მნიშვნელობა აქვს
  • ინსტრუქციის მიცემამ მაშინ, როდესაც ბავშვი თქვენზე არ არის ფოკუსირებული, ორივეს შეიძლება  მარცხის განცდა გაგიჩინოთ. პირველ რიგში სთხოვეთ ბავშვს მოგაქციოთ ყურადღება : „შემომხედე, გთხოვ“; „მინდა რომ მომისმინო“, გაქცევთ თუ არა ყურადღებას მისი მზერითი კონტაქტითაც მიხვდებით.
  • მნიშვნელოვანია ასევე ინსტრუქციის მიცემისას იყოთ ბავშვთან ახლოს, ასე ბავშვი გაცილებით უკეთესად მოახერხებს ყურადღების კონცენტრაციას თქვენკენ, ვიდრე შორი მანძილიდან.
  • ეცადეთ ინსტრუქცია იყოს მკაფიო და შეიცავდეს იმდენ საფეხურს, რისი შესრულების უნარიც აქვს ბავშვს  - თუ ვიცით რომ ბავშვს უჭირს ერთ საფეხურიანი ინსტრუქციების შესრულება, ბუნებრივია დავიწყებთ აქედან. ასე მაგალითად: „მოდი ჩემთან“, „ადექი“, „გააღე“ და ა.შ. შეგვიძლია ეტაპობრივად გავართულოთ და გავხადოთ 2-3 საფეხურიანი.
  • როდესაც მშობლის მითითება კითხვის ნიშანს შეიცავს - „დაალაგებ მაგიდას?“, ბავშვი ფიქრობს რომ მას აქვს არჩევანის შესაძლებლობა , შეასრულოს თუ არა ის. შეგიძლიათ მოცემული წინადადების  პერიფრაზი მოახდინოთ და უთხრათ: „ გთხოვ, დაალაგე მაგიდა“.
  • ასევე გასათვალისწინებელია ინსტრუქცია მივცეთ დადებითი ფორმულირებით.  ნაცვლად იმისა, უთხრათ -  „არ დადო იატაკზე “ ვეუბნებით - „დადე მაგიდაზე“ ; „ნუ ტირის“ ნაცვლად „დამშვიდდი“  და ა.შ.
   

2. მხარდი დაუჭირეთ და ასწავლეთ ბავშვს რომ შეასრულოს ინსტრუქცია
 
  • პირველ ჯერზე მიეცით მითითება რეპლიკებისა და დახმარების გარეშე. ადროვეთ რომ შეასრულოს მითითება (დაელოდეთ 3-დან 7-წამამდე), ასე ბავშვი სწავლობს მიიღოს ინფორმაცია და ეცადოს დამოუკიდებლად შესრულებას.
  • თუ ბავშვი ერთი ნათქვამის შემდეგ არ/ვერ შეასრულებს ინსტრუქციას, მაშინ შეგიძლიათ გაუმეოროთ, შემდეგ ჯერზე კი თქვენი დახმარებით შეასრულებინოთ.
 
 
3. განამტკიცეთ  ბავშვის შესრულებული ინსტრუქცია, მაშინაც კი თუ დახმარებას გამოიყენებთ.
 
ბავშვები უკეთესად სწალობენ, როდესაც მათ შესრულებულ აქტივობას  პოზიტიური შედეგი მოჰყვება. რა შეიძლება იყოს მათთვის წამახალისებელი? რიგ შემთხვევებში სრულიად საკმარისია სოციალური განმამტკიცებლის გამოყენება:
 
  • შექებას და გამოვლენილი ქცევის ხაზგასმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გაიღიმეთ და უთხარით ხალისიანი ხმით: „ ყოჩაღ, რომ ჩაალაგე წიგნები ჩანთაში“, „მომეწონა, რომ რვეული მაგიდაზე დადე“ და ა.შ.
  • სხვა განმამტკიცებლები: ბავშვის ქცევის წასახალისებლად ზოგჯერ შესაძლოა დაგვჭირდეს კვებითი განმამტკიცებელი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის ტკბილეული, ან აქტივობითი განმამტკიცებელი - გასეირნება ველოსიპედით, დაჭერობანას თამაში და ა.შ. იმისდა მიხედვით ბავშვისთვის რა წარმოადგენს მნიშვნელოვან მამოტივირებელს, რომ მომავალში კვლავ გაუჩნდეს სურვილი შეასრულოს ჩვენი მითითებები.
 
ავტორი
ხატია ხომერიკი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია
Back to content