მშობლის როლი აუტიზმის მქონე ბავშვის განვითარებაში - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

მშობლის როლი აუტიზმის მქონე ბავშვის განვითარებაში

ბიბლიოთეკა

ბავშვის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და მისი მხარდაჭერა. განვითარების პროცესში მშობელი ბავშვისათვის არა მარტო მხარდამჭერი და მასზე მზრუნველია, არამედ წარმოადგენს ნიმუშს, მაგალითს, რომლის მიბაძვითაც ბავშვი ახდენს ახალი ქცევებისა და უნარების ფორმირებას.

აუტიზმის მქონე ბავშვის შემთხვევაში, მშობელი არის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი ბავშვსა და გარესამყაროს შორის, ამიტომ, მშობლის ჩართულობა პირდაპირ აისახება ბავშვის შემდგომ განვითარებაზე.

თუკი ტიპური განვითარების მქონე ბავშვთან მშობელს შეუძლია განვითარების გარკვეულ ეტაპზე მოირგოს დამკვირვებლის როლი, აუტიზმის მქონე ბავშვთან მშობელი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს და ეხმარებოდეს ბავშვს განვითარების შემდგომი საფეხურების დაძლევაში.

მოცემულ შემთხვევაში მშობელი უნდა ფლობდეს ისეთ უნარებს, როგორიცაა:
  • მოქნილობა, თანმიმდევრულობა და თანამშრომლობა - (მშობელი მზად უნდა იყოს ნებისმიერ მომენტში ითანამშრომლოს ბავშვთან და მასთან ერთად მოერგოს გარემოსა თუ სიტუაციას. უნდა იყოს თანმიმდევრული და მიიყვანოს ბოლომდე თითოეული წამოწყება თუ მიზანი, და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმოს შემდგომი ეტაპები).
  • ინფორმირებულობა და ჩართულობა - (მშობელი უნდა ფლობდეს ზუსტ და სარწმუნო ინფორმაციას ბავშვის მდგომარეობის შესახებ, მისი უნარების, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მონაწილეობას იღებდეს მისი უნარების განვითარებაში).
  • მოთმინება და წახალისება -(მოთმინების უნარი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროგრესის მისაღწევად, რადგანაც აუტიზმის მქონე ბავშვებს ტიპური განვითარების ბავშვებთან შედარებით მეტი დრო სჭირდებათ უნარების დასასწავლად, არ უნდა დაგვავიწყდეს დასწავლის პროცესში და უკვე დასწავლილი უნარის გამოყენებისას ბავშვის წახალისება (შექება, სასურველი ნივთის მიცემა).

ასევე, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს არამხოლოდ ის თუ რისი მიღწევა სურს მას, არამედ ის თუ რა სირთულეები აქვს ბავშვს განვითარების მოცემულ ეტაპზე. ბავშვთან წარმატებული მუშაობის საფუძველი იქნება არა იდეალთან მიახლოება,არამედ არსებული სირთულეების დაძლევა.


მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს მაშინ, როდესაც არის დახმარების საჭიროება, თუმცა, ეს დახმარება არც მეტი უნდა იყოს და არც ნაკლები. დახმარების დონე ისეთი უნდა იყოს, რაც იმ მომენტისათვის ჭირდება ბავშვს. მაგ: თუ ბავშვს უნდა სათამაშო და ვერ წვდება მას, მშობელმა სათამაშო ისეთ ადგილას უნდა მოათავსოს რომ ბავშვმა მარტივად შეძლოს აღება, და არ უნდა მისცეს სათამაშო მას ხელში. მშობლის ჩართულობის ხარისხმა არ უნდა შეცვალოს ბავშვის აქტივობა კონკრეტულ მომენტში, მომავლისათვის კი, მშობელი უნდა ეცადოს ეტაპობრივად შეამციროს დახმარება, რათა ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს ამა თუ იმ აქტივობის შესრულება.

იქიდან გამომდინარე, რომ მშობელმა კარგად იცის ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეები, უნდა მოძებნოს სწორი მიდგომა.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი უნარის დასწავლის წახალისება, არამედ უკვე არსებული უნარის ბუნებრივ გარემოში გამოყენების განმტკიცებაც. მაგ: თუ ბავშმა ისწავლა ბურთის დასახელება და სახლის გარემოში ითხოვს ბურთს სიტყვიერად, მშობელმა უნდა შეაქოს და მისცეს ბურთი.

ბავშვთან ურთიერთობისას მშობელი უნდა დარწმუნდეს, რომ იგი არის ბავშვის ყურადღების ცენტრში, და აქვს მზაობა დაამყაროს კონტაქტი მშობელთან. თუ მშობელი მოთხოვნისას ვერ მიიღებს ბავშვისგან ყურადღებას უნდა იყოს მომთმენი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დირექტიული.

მშობლი-ბავშვის ურთიერთობას არ უნდა ქონდეს ოფიციალური სახე, ეს დამთრგუნველია როგორც მშობლისათვის ასევე ბავშვისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იგრძნოს მშობლის სიახლოვე, მაგ: ამისათვის შესაძლოა მშობელმა გაახმოვანოს ბავშვის ქცევა, დროდადრო მიმართოს მას, შესთავაზოს მისთვის საინტერესო სათამაშოები და სხვა.

თუ ბავშვი ნაკლებად იყენებს მეტყველებას კომუნიკაციისათვის, სასურველია მას მიმართოს მშობელმა მოკლე და მისთვის გასაგები წინადადებებით.

თუ ბავშვი გამოავლენს არასასურველ ქცევას მშობელმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რადგანაც აკრძალვამ და კომენტარებმა შესაძლოა გამოიწვიოს ქცევის გართულება, სასურველია თუ ამ დროს მშობელი ეცდება არასასურველი ქცევა ჩაანაცვლოს მისაღები ქცევით, მაგ: თუ ბავშვი მუდმივად ატრიალებს საგნებს, შესაძლოა მშობელმა შეურჩიოს ისეთი აქტივობა ან სათამაშო სადაც ბავშვი უკვე ფუნქციურად და შეზღუდული დროით შეძლებს საგნის დატრიალებას მაგ: დაატრიალოს ბზრიალა, საწერკალმის ნაცვლად.

ბავშვი დროის დიდ მონაკვეთს ატარებს სახლის გარემოში, ამიტომაც მშობელმა იგი უნდა ჩართოს საოჯახო საქმეებში, მაგ: დაიხმაროს ბავშვი მაგიდის გაშლისას, ჭურჭლის განაწილებისას და სხვა.

მნიშვნელოვანია ბავშვს ყოველთვის წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია რუტინის ცვლილების შესახებ (ვერბალური ან ვიზუალური მინიშნებით, მაგ: დედის განმარტება და/ან ბარათები). სასურველია მშობელმა გაახმოვანოს, აღწეროს ბავშვის ქცევები, მაგრამ ამას არ უნდა ქონდეს მითითებების ფორმა მაგ: თუკი ბავშვი თამაშობს კუბიკებით არ ვაძლევთ მითითებას, რომ ჩასვას კუბიკი, არამედ ვეუბნებით შენ თამაშობ კუბიკებით.

ბავშვთან ყოველდღიური კომუნიკაციის დროს მშობელი არამხოლოდ უნდა ითხოვდეს ბავშვისგან რაიმეს შესრულებას, არამედ, სათანადო პოზიტიურ უკუკავშირს უნდა აძლევდეს მის ყოველ წარმატებულ მცდელობას (მაგ: შექება, მოფერება, დაჯილდოვება სასურველი ნივთით ან აქტივობით), პოზიტიური უკუკავშირი გაამყარებს ბავშვსა და მშობელს შორის დადებით ურთიერთობას, ეს კი დაეხმარება მშობელს შემდგომი მიზნების დაგეგმვასა და მიღწევაში.

ავტორი
ანა ნინუა

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu