მშობელი-ბავშვის ურთიერთობის თერაპია აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

მშობელი-ბავშვის ურთიერთობის თერაპია აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის

ბიბლიოთეკა

მშობელი-ბავშვის ურთიერთობის თერაპია შეიქმნა ამერიკელი ფსიქოლოგის შეილა აიბერგის (Sheila Eyberg) მიერ  რთული ქცევისა და ემოციური სირთულეების მქონე 2-7 წლის ბავშვებისათვის.  აღნიშნული მიდგომით ხდება  ბავშვის პრობლემური ქცევის შემცირება  და   კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესება, სწორედ  ამიტომაც წარმატებით გამოიყენება აუტიზმის მქონე ბავშვებთანაც. მშობელი-ბავშვის ურთიერთობის თერაპიის ეფექტურობა სხვადასხვა ქცევითი სირთულეებისა და ასევე აუტიზმის მქონე ბავშვებთან კვლევებით არის დადასტურებული და  დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მშობელი-ბავშვის ურთიერთობის თერაპია ეფუძნება მიჯაჭვულობის თეორიასა და ქცევის ანალიზის პრინციპებს და შედგება ორი ეტაპისაგან. პირველი ეტაპი არის ბავშვზე მიმართული ურთიერთობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მშობლისა და ბავშვის თამაშის პროცესში ბავშვია წამყვანი, მშობელი კი მხოლოდ მიყვება  მის თამაშს, იმეორებს და ახმოვანებს მის მოქმედებებს, აქებს მას სასურველი ქცევის გამოვლენისას და იმეორებს მის მიერ წარმოთქმულ ბგერებსა თუ სიტყვებს. მეორე ეტაპი არის მშობელზე მიმართული ურთიერთობა, თამაშის დროს უკვე მშობელი ხდება წამყვანი და ბავშვს აძლევს ინსტრუქციებს თუ რა მოქმედება უნდა განახორციელოს მან. თუ ბავშვი არ პასუხობს მშობლის ინსტრუქციას, მშობელი მას ფიზიკურად ეხმარება აღნიშნული ინსტრუქციის შესრულებაში. ბავშვის მიერ დამოუკიდებლად შესრულებული ინსტრუქციები კი ბოლოვდება მშობლის პოზიტიური უკუკავშირით: შექებით, მოფერებით, ღიმილითა თუ სხვა. ამასთან, მაქსიმალურად არის შემცირებული მშობლის მხრიდან ბავშვებისთვის კითხვების დასმა და ,,არას“ შემცველი წინადადებები.

პირველ ეტაპზე თერაპია მიმდინარეობს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში. ამ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია თერაპევტს, რომელიც ეხმარება მშობელს აღნიშნული უნარების გავარჯიშებაში. თერაპევტი ესწრება მშობლისა და ბავშვის თამაშს და მშობელს აძლევს მიმართულებებს თუ რა მოქმედებები უნდა განახორციელოს კონკრეტულ მომენტში, აწვდის უკუკავშირს და აღნიშნავს მშობლის მიერ წარმატებულად განხორციელებულ მოქმედებებს.  საჭიროების შემთხვევაში თერაპევტი მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას ესწრება სახლში და სახლის პირობებშიც უწევს მშობელს მხარდაჭერას. ნელ-ნელა თერაპევტის ჩართულობა მცირდება და ბოლო ეტაპზე მშობელი უკვე დამოუკიდებლად ახერხებს ბავშვთან თერაპიული ურთიერთობის დამყარებას, რაც დროთა განმავლობაში ბუნებრივ ელფერს იძენს.

კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესების მიზნით ფსიქოლოგები გვირჩევენ თერაპიის პროცესში ჩავრთოთ ბავშვის და-ძმაც, თუმცა ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება თერაპიის მხოლოდ პირველ ეტაპზე, სადაც ბავშვი არის თამაშის პროცესში წამყვანი. ამ გზით, გარდა იმისა, რომ ბავშვი სწავლობს პოზიტიური ურთიერთობა დაამყაროს და-ძმასთან, ასევე  უმჯობესდება მისი კომუნიკაციური უნარები თანატოლებთანაც.

თუკი აღნიშნული  მიდგომის გამოყენებას გადაწყვეტთ თქვენს ბავშვთან, საჭიროა მიმართოთ  ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ  თერაპიისთვის საჭირო უნარების გავარჯიშებაში. 

ავტორი 
ანა ბარქაია
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu