ბარათებით კომუნიკაცია - ურთიერთობის ალტერნატიული ფორმა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ბარათებით კომუნიკაცია - ურთიერთობის ალტერნატიული ფორმა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის

ბიბლიოთეკა

მეტყველების ჩამოყალიბების შემდეგ, ძირითადად, სწორედ მისი საშუალებით ცდილობს ადამიანი საკუთარი აზრის, ინტერესისა თუ დამოკიდებულების გამოხატვას. მეტყველება ადამიანს ეხმარება სხვადასხვა სახის სოციალური ურთიერთობების დამყარებაში. თუმცა, აუტიზმის მქონე ბავშვის შემთხვევაში, ხშირად ვაწყდებით მეტყველების დაგვიანებით ჩამოყალიბებას, ან მის არქონას. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა გამოვიყენოთ ალტერნატიული გზა იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს გარემოსთან კომუნიკაციის დამყარება და არ მოხდეს მისი იზოლირება მეტყველების სირთულეების გამო. ასეთ დროს, ერთ-ერთი ეფექტური ალტერნატივა არის კომუნიკაცია ბარათების  გამოყენებით. პროფესიულ წრეში ბარათებით კომუნიკაციის ტექნიკას მოიხსენიებენ როგორც ,,PECS”-ს (picture exchanging communication).  

ეს ტექნიკა გულისხმობს ბავშვისათვის ემოციებისა და სურვილების გამოხატვის სწავლებას ბარათების საშუალებით. როდესაც ბავშვი ვერ მეტყველებს, იგი ვერ ახერხებს კომუნიკაციის დამყარებას, რაც შეიძლება გახდეს მისი აგრესიული ქცევის მაპროვოცირებელი. მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდების მიზნით, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბარათებით კომუნიკაციის ტექნიკა.

დაკვირვების შედეგად ვარჩევთ ბავშვისათვის საჭირო და სასურველი ნივთების ან აქტივობების ჩამონათვალს, შემდეგ კი, ვამზადებთ შესაბამის ბარათებს. როდესაც ბავშვს სურს გარკვეული ნივთის მიღება ან აქტივობის განხორციელება, იგი იღებს შესაბამის ბარათს, აწვდის ოჯახის წევრს და სანაცვლოდ იღებს სასურველ ნივთს ან აქტივობას.   ყოველი გაცვლის დროს ხდება თითოეული ბარათის გახმოვანება მშობლის/ოჯახის წევრის მიერ.  აუცილებელია ბავშის მიერ ბარათის გამოყენებისას მან შესაბამის ნივთთან/აქტივობასთან ერთად, მიიღოს სოციალური განმამტკიცებელი (შექება, ჩახუტება ან მოფერება), რითაც  ვზრდით მომავალში ბარათის გამოყენების შესაძლებლობას.

თავდაპირველად, სასურველია გამოვიყენოთ მცირე რაოდენობის ბარათები, ბავშვისთვის ყველაზე სასურველი ობიექტების გამოსახულებით, ხოლო თანდათან შეგვიძლია გავზარდოთ ბარათების რეპერტუარი შინაარსის და გამოსახულების მიხედვით.  

ბარათების გამოყენება ეფექტურია შემდეგი სიტუაციებისათვის: ტუალეტის, საკვების, სხვადასხვა ნივთებისა თუ აქტივობების მოთხოვნა.   აუცილებელია, რომ ბარათზე იყოს გამოსახული მხოლოდ ერთი ნივთი ან აქტივობა, რადგან დატვირთული ბარათის შემთხვევაში ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს სასურველ ნივთთან ბარათის დაკავშირება.

არსებობს მოსაზრება, რომ ბარათების გამოყენებამ შესაძლოა შეაფერხოს მეტყველების დაწყება, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის დროს ხდება ნებისმიერი გამოყენებული ბარათის გახმოვანება, ეს პროცესი პირიქით, განაპირობებს  კიდევაც მეტყველების განვითარებას. 
 
ავტორი
მარიამ წირღვავა
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu