როგორ მოვემზადოთ ქოთნის ჩვევის სწავლებისთვის? - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

როგორ მოვემზადოთ ქოთნის ჩვევის სწავლებისთვის?

ბიბლიოთეკა

ქოთნის ჩვევის გამომუშავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის განვითარების პროცესში. ის ეხმარება ბავშვს იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში.  მშობლებისათვის, შესაძლოა კომფორტული იყოს საფენების გამოყენება, რადგანაც ის ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა, ყველა მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერი ახალი ჩვევის სწავლება წინ გადადგმული ნაბიჯია ბავშვის განვითარებისათვის.

ქოთნის ჩვევის სწავლების დაწყების დრო ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურია. თუმცა, ჩვეულებრივ სწავლებას, ან სწავლებისათვის მომზადებას ერთი წლის ასაკიდან იწყებენ.  მიუხედავად იმისა, თუ როდის ვიწყებთ სწავლებას, არსებობს ნაბიჯები, რომელთა დაცვაც აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღწევად. სწავლების დაწყებამდე უნდა განვსაზღვროთ ის, თუ რამდენად არის ბავშვი მზად ამ ახალი ჩვევის ასათვისებლად და ამასთან მოვემზადოთ ჩვენც.




ბავშვი მზად არის ტუალეტის ჩვევის ასათვისებლად, თუ:

  • დღის განმავლობაში ინარჩუნებს სიმშრალეს 2 საათით და მეტი, რაც ცხადყოფს, რომ მისი შარდის ბუშტის კუნთები საკმარისად განვითარებულია, რათა შეიკავოს შარდი;

  • აქვს რეგულარული კუჭ-ნაწლავის მოქმედება, განსაზღვრულ დროებში;

  • შეუძლია  სიარული;

  • შეუძლია სკამზე მშვიდად ჯდომა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში;

  • შეუძლია ჩაიწიოს შარვალი;

  • წუხს თუ საცვალი სველი, ან დასვრილი აქვს;

  • გამოხატავს ინტერესს სხვების მიერ ტუალეტის მოხმარებისას;

  • ფიზიკურად ან სიტყვიერად გატყობინებთ როდის გადის კუჭში;

  • იგებს და ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს, როგორიცაა: დაჯექი სკამზე და ა.შ;

  • სვამს მარტივ კითხვებს(ტვალეტთან მიმართებაში);

  • გამოხატავს დამოუკიდებლობის სურვილს;

  • ამაყობს თავისი მიღწევებით;

  • მის ლექსიკურ მარაგში არსებობს შარდისა და განავლის აღმნიშვნელი სიტყვები


დააკვირდით და შეისწავლეთ ზემოთ აღნიშნული ნიშნები, რათა განსაზღვროთ რამდენად მზად არის თქვენი შვილი აითვისოს ქოთნის ჩვევა.  თუმცა, თქვენ არ უნდა დაელოდოთ, სანამ ყველა ჩამოთვლილი ნიშანი გამჟღავნდება. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მზადება ქოთნის ჩვევის სწავლებისათვის, რამდენიმე ნიშნის არსებობის შემთხვევაშიც.


როგორ მოვემზადოთ ჩვენ:

  • დაგეგმეთ ქოთნის ყიდვის პროცესი და მიეცით ბავშვს საშუალება თავად აარჩიოს იგი;

  • გამოყავით სახლში ქოთნის ადგილი. თავდაპირველ ეტაპზე, არ არის აუცილებელი ქოთანი განათავსოთ საპირფარეშოში. ის შესაძლოა უფრო მოსახერხებელი იყოს  საძინებელში. მას შემდეგ კი რაც ბავშვი მეტ-ნაკლებად რეგულარულად დაიწყებს ქოთნის მოხმარებას, გადაიტანეთ საპირფარეშოში

  • მარტივი სიტყვებით აუხსენით თქვენს შვილს ქოთნის დანიშნულების შესახებ;

  • წაახალისეთ ბავშვი დასვას ქოთანზე თავისი საყვარელი თოჯინა, ან ფუმფულა სათამაშო, სურვილის შემთხვევაში მიეცით საშუალება თვითონაც დაჯდეს;

  • მიეცით ბავშვს საშუალება, დააკვირდეს სხვების (მაგალითად, და-ძმის) მიერ ქოთნის გამოყენების პროცესს

  • დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მოახდინეთ დაკვირვება და ჩაინიშნეთ, როდის გადის ბავშვის კუჭში და როდის შარდავს. სწავლების დაწყებისას, ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ ქოთანზე ჯდომის გრაფიკი;

  • წაახალისეთ მისი ნებისმიერი მცდელობა მიგანიშნოთ, როდის სურს ტუალეტში, ნაცვლად იმისა, რომ დასაჯოთ ჩასველების ან ჩასვრის გამო.


და ბოლოს, იყავით მომთმენნი და დაელოდეთ ქოთნის ჩვევის ასათვისებლად საჭირო საწყისი უნარების გამოვლენას.

ავტორი
ანნა გაზაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია



 
Back to content | Back to main menu