ბავშვისა და მშობლის ურთიერთობები განქორწინების შემდეგ - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ბავშვისა და მშობლის ურთიერთობები განქორწინების შემდეგ

ბიბლიოთეკა

მშობლების განქორწინების ფაქტის წინაშე არაერთი ბავშვი დგება. იმას, თუ როგორ შეხვდება ბავშვი ამ ცხოვრებისეულ მოვლენას, რა გავლენა ექნება აღნიშნულ მნიშვნელოვან ცვლილებას არასრულწლოვანზე და რა ურთიერთობები ექნება მას მშობლებთან, განსაზღვრავს უამრავი გარემოება.  

განქორწინების შემდეგ ბავშვისა და მშობლის ურთიერთობები და დამოკიდებულებები შესაძლოა წარმოვიდგინოთ კონტინიუმის სახით პოზიტიურიდან  ნეგატიურამდე. მშობლისადმი დამოკიდებულებების, განცდებისა და ქცევების მიხედვით ბავშვები ქმნიან სპეციფიურ კატეგორიებს და იკავებენ შესაბამის ადგილს კონტინიუმზე, როგორც ეს  განხილულია ქვემოთ:


  • კონტინიუმის დასაწყისში ხვდებიან ის ბავშვები, რომლებიც განქორწინების შემდეგაც პოზიტიურ ურთიერთობებს ინარჩუნებენ  ორივე მშობელთან. მათთვის ორივე მშობელი თანაბრად ღირებულია და სურთ მნიშვნელოვანი დრო გაატარონ როგორც ერთი, ისე მეორე მშობლის გვერდით.

  • კონტინიუმის შემდეგ წერტილს იკავებენ ბავშვები, რომლებსაც უყვართ ორივე  მშობელი, სურთ ორივესთან უწყვეტი კონტაქტი, მაგრამ გარკვეულწილად მეტ სიახლოვეს  გრძნობენ და ავლენენ ერთი მშობლის მიმართ (ტემპერამენტის, სქესის,  საერთო ინტერესების, ან სხვა ფაქტორების გამო).

  • შემდეგ მოდან ბავშვები, რომლებიც აშკარა უპირატესობას ავლენენ რომელიმე ერთი მშობლის მიმართ, გვევლინებიან მის ,,მოკავშირედ“, ხოლო მეორესთან მიმართებაში განიცდიან ამბივალენტურ განცდებს (მაგალითად ერთდროულად ბრაზსაც და წყენასაც). ეს ბავშვები არ ისწრაფვიან ამ მშობელთან კონტაქტის სრული შეწყვეტისაკენ, თუმცა ხშირად შეზღუდულ კონტაქტს ამჯობინებენ მასთან.  

  • არის ბავშვების კატეგორია, რომლებიც არიან „ჩამოშორებულნი“ რომელიმე მშობელს. მათი მხრიდან მშობლის უარყოფა  არ არის საფუძველს მოკლებული,  არამედ განპირობებულია თვითონ ამ მშობლის ქცევებით (მაგალითად ძალადობრივი, ეგოცენტრული ქცევებით და ა.შ). შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში მშობლის უარყოფას აქვს თავდაცვითი და ადაპტური ხასიათი.

  • კონტინიუმის ბოლო წერტილს შეესაბამებიან ბავშვები, რომლებსაც „გაუცხოებულ ბავშვებს“ უწოდებენ. ეს ბავშვები გადაჭარბებით და უსაფუძვლოდ გამოხატავენ ნეგატიურ გრძნობებს (როგორიცაა ბრაზი, სიძულვილი, უარყოფა, და/ან შიში) რომელიმე ერთი მშობლის მიმართ,  რაც მნიშვნელოვნად არ შეესაბამება ბავშვის ამ მშობელთან აქტუალურ გამოცდილებას.  ისინი კატეგორიულად უარყოფენ მშობელს, ღიად გამოხატავენ ზიზღსა და სიძულვილს, ეწინააღმდეგებიან და უარს ამბობენ ნახვასა და კონტაქტზე. მშობლისადმი მათ აქვთ ცალსახად ნეგატიური გრძნობები (და არა ამბივალენტური) და შეხედულებები, რაც  მნიშვნელოვნად  გადაჭარბებული და დამახინჯებულია. „გაუცხოებული ბავშვები“ ხშირად ახდენენ მეორე მშობლის იდეალიზებას.  
 
მწვავე კონფლიქტის შემცველი განქორწინების შემთხვევებში, მხარეები  ბავშვის მეორე მშობელთან მწირი კონტაქტების არსებობას, ან საერთოდ არ არსებობას ხშირად იმით ამართლებენ, რომ  თავად ბავშვები  ამბობენ უარს  ურთიერთობაზე.       „ბავშვს არ სურს მამასთან კონტაქტი,“ ,,ბავშვი დედის მიმართ  გაუცხოებულია“, ,,დედის დანახვაც არ უნდა,“ „მე კი მინდა, რომ მამასთან ჰქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ბავშვს არ უნდა,“ „დედა აქეზებს და იმიტომაც არ სურს ბავშვს მამასთან ურთიერთობა“, ,,დედა ცდილობს ბავშვი დააშოროს მამას“- ეს ის ფრაზეოლოგიაა, რომელიც ხშირად  გვსმენია  განქორწინების შემთხვევებში მხარეების მხრიდან. მართალია, ზოგჯერ ბავშვს მართლაც აქვს ობიექტური მიზეზი, რომ განაწყენებული იყოს ერთ მშობელზე, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად  მშობელი მიზანმიმართულად თუ უნებურად მიმართავს ე.წ. ,,დამაშორებებელ ქცევებს“ და ახდენს მეორე მშობლის მიმართ ბავშვის გაუცხოების პროვოცირებას. 

ყველა მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვისათვის  მნიშვნელოვანია ორივე მშობელთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება  განქორწინების შემდეგ (თუ ეს საფრთხეს არ უქმნის ბავშვის კეთილდღეობას). შესაბამისად, მათ უნდა იმოქმედონ არა მეორე მშობელთან ბავშვის კონტაქტის შეწყვეტის მიმართულებით, არამედ პირიქით, შეძლებისდაგვარად ხელი  შეუწყონ პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ავტორი
ნინო ლორთქიფანიძე  

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu