სექსუალური მომწიფების სპეციფიკა და არსებული სირთულეები აუტიზმის მქონე მოზარდებში - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

სექსუალური მომწიფების სპეციფიკა და არსებული სირთულეები აუტიზმის მქონე მოზარდებში

ბიბლიოთეკა
ადამიანის სექსუალური განვითარება საკმაოდ ფართო და კომპლექსური პროცესია, ის მოიცავს პიროვნების განვითარების არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეტაპს, არამედ, პერიოდს ბავშვობიდან მოზრდილობამდე და ინდივიდის ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

ყველა ინდივიდის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც იწყება სექსუალური მომწიფება, რაც იწვევს არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ცვლილებებსაც. ამ ცვლილებებთან შეგუება საკმაოდ რთულია ტიპიურად განვითარებული მოზარდებისთვისაც კი და საჭიროა მათი მომზადება.  

რაც შეეხება აუტიზმის მქონე მოზარდებს, ჩვეულებრივ, ისინი ნაკლებად არიან მზად იმისთვის, რომ მიიღონ და აღიქვან სრული ინფორმაცია სექსუალური განვითარების შესახებ. მიუხედავად ამისა, მშობლები და ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები უნდა ეცადონ, რომ აუტიზმის მქონე მოზარდებს ჰქონდეთ გარკვეული სექსუალური განათლება. ბავშვს პირველ რიგში უნდა შევუქმნათ წარმოდგენა იმის შესახებ გოგოა თუ ბიჭი, აგრეთვე მშობლებმა, ოჯახის წევრებმა თუ ბავშვთან მომუშავე სპეციალისტებმა სწორად უნდა მიაწოდონ მათ ინფორმაცია საკუთარი სხეულის, მოთხოვნილებების, მომწიფების შესახებ. მშობელი მაქსიმალურად თავისუფლად უნდა პასუხობდეს ბავშვის ნებისმიერ კითხვას, რათა თავიდანვე გაიაზროს ბავშვმა, რომ სქესობრივი მომწიფება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.

აუტიზმის მქონე მოზარდების ახლობლებისთვისაც რთულია მოზარდის სექსუალური ქცევის კონტროლი და მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური მოთხოვნილებები ნორმაა, ისინი არასწორი გზებით ცდილობენ „არანორმალური“ მოთხოვნილების და მისი თანმდევი ქცევის შეცვლას, ან გაქრობას.

სოციალური უნარების დეფიციტი, რომელიც თან ახლავს აუტიზმს, გარკვეულ სირთულეებს ქმნის სექსუალური განვითარების დროს და თავს იჩენს არასათანადო სექსუალური ქცევა, რაც თავის მხრივ გარშემომყოფებისგან ნეგატიურ დამოკიდებულებას იმსახურებს. ეს ყველაფერი კი განაპირობებს იმას, რომ მოზარდს საზოგადოებაში გამოვლენილი სექსუალური ქცევების დროს, მუდმივად ნეგატიური უკუკავშირი აქვს.

აუტიზმის მქონე მოზარდებს უჭირთ იმის აღქმა, რომ სხვა ადამიანები მათგან განსხვავებულად შეიძლება იქცეოდნენ და ფიქრობდნენ, ისინი ყველაფერს იგებენ პირდაპირი მნიშვნელობით და არიან ზედმეტად გულწრფელები, სწორედ ამიტომ, მათი სექსუალური ქცევა ღებულობს არასათანადო სახეს. აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებში სექსუალური ქცევა სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს გამოვლენილი: მათ ხშირად აქვთ სხვა ადამიანების შეხების ძლიერი სურვილი, ხალხმრავალ ადგილას ტანსაცმლის გახდის მცდელობები, ისინი შეიძლება დაკავდნენ მასტურბაციით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, ასევე შეიძლება დაიწყონ სექსუალურ თემებზე საუბარი შეუფერებელ დროს.

როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ „არასათანადო“ სექსუალურ ქცევაზე აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებთან?

ყველა ბავშვი, მიუხედავად განვითარების დონისა, საჭიროა ფლობდეს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალურ განვითარებასთან - სხეულის ცვლილებებთან, სხვადასხვა სახის ურთიერთობებთან, საზოგადოებრივ ქცევასთან და სხვა. ამ პროცესში მშობლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მშობელმა უნდა მიიღოს თავისი შვილის ქცევა ნორმალურ ადამიანურ მოთხოვნილებად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ბავშვთან მუშაობა.

როგორ მივაწვდით აუტიზმის მქონე მოზარდს სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას დამოკიდებულია მის უნარებზე და ბავშვის ძლიერ მხარეებზე - თუ რა სახის ინფორმაციაა მისთვის უფრო კარგად აღსაქმელი - ვიზუალური, თუ სმენითი. უკეთეს შემთხვევაში, ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა დაიწყოს არა სექსუალური ქცევის გამოვლენის შემდეგ, არამედ მანამდე, სანამ სექსუალური ქცევა არასათანადო ფორმით გამოვლინდება, რადგანაც ბავშვს სჭირდება მიღებული ინფორმაციის აღქმა და გააზრება კარგად. იქიდან გამომდინარე, რომ სექსუალური ქცევის გამოვლენა იწყება დაახლოებით 10 წლიდან, უმჯობესი იქნება ბავშვებისათვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება დაიწყოთ 8-9 წლიდან.

თუ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის უნარები იძლევა ამის საშუალებას, ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი შეიძლება იყოს სოციალური ისტორიების გამოყენება. სოციალური ისტორია უნდა იყოს ბავშვის კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებული. თხრობა უნდა მიმდინარეობდეს პირველ პირში და აწმყო დროში. შესაძლებელია თხრობის დროს გამოყენებული იქნეს სურათები, რომლებიც შესაბამის მოქმედებებს და ემოციებს გამოხატავს. სოციალური ისტორიების დახმარებით შესაძლებელია ბავშვს ვასწავლოთ რომელმა ქცევამ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს და სხვები როგორ აღიქვამენ მის ამა თუ იმ ქცევას.  

ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ „სოციალური ქცევის რუკა“. რუკის დახმარებით ბავშვი მარტივად შეძლებს გაარჩიოს მისი რომელი ქცევა არის „მისაღები“ და რომელი „შეუსაბამო“ ამა თუ იმ სიტუაციისთვის. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სურათები, სიტყვები ან ორივე ერთად.

მოზარდს ცალსახად ვერ ავუკრძალავთ სექსუალური ქცევის განხორციელებას, მას უნდა ვასწავლოთ რომელია პირადი სივრცე, სადაც შეუძლია დაკავდეს მასტურბაციით, თუ სხვა ინტიმური ქცევით და რომელი საჯარო სივრცე, სადაც არ შეიძლება სექსუალური ქცევის გამოვლენა.  

აუტიზმის მქონე მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ მიმართული მეტყველების გაგების პრობლემა შეგვიძლია გამოვიყენოთ ვიზუალური მიმანიშნებლები (ბარათები). მაგალითად, შეგვიძლია სასტუმრო ოთახში ბავშვისთვის თვალსაჩინო ადგილას მოვათავსოთ შესაბამისი ბარათი, რომელიც ბავშვს შეატყობინებს, რომ ამ ოთახში მასტურბაცია არ შეიძლება. აგრეთვე შესაძლებელია წინასწარ შერჩეული ვიზუალური მიმანიშნებლები (ამკრძალავი და ნებადამრთველი, რომელსაც დავასწავლით ბავშვს) თან ვატაროთ საზოგადოებაში ყოფნის დროს და არასათანადო სექსუალური ქცევის გამოვლენის შესაძლებლობისას ვუჩვენოთ მოზარდს.  


აუტიზმის მქონე ბავშვისთვის სექსუალური განათლების მიღებაში და ადეკვატური სექსუალური ქცევის ჩამოყალიბებაში მშობლის როლი შეუფასებელია. ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება ამ ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევის ჩამოყალიბება და ასევე, მათი დაცვა საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულებებისგან.





ავტორი
რუსუდან აბულაძე

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია



 
Back to content | Back to main menu