სექსუალური განათლების საჭიროება - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

სექსუალური განათლების საჭიროება

ბიბლიოთეკა

რას მოიცავს სექსუალური განათლება? არის თუ არა საჭირო?  უკუშედეგს ხომ არ მივიღებთ?  რა ასაკიდან და რა ფორმით უნდა დავიწყოთ სექსუალურ თემებზე საუბარი ბავშვებთან? ეს იმ კითხვათა მცირედი ნაწილია, რომლითაც ხშირად მოგვმართავენ ფსიქოლოგებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ათწლეულების განმავლობაში და დღესაც ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის  ტაბუირებულია, მისი აქტუალობა და მნიშვნელობა უდავოა. ბავშვებზე და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის გახშირებული ფაქტები კიდევ უფრო უსვამს ხაზს სექსუალური განათლების საჭიროებას. ბავშვი/მოზარდი, რომელიც  სწორად არის ინფორმირებული, უფრო მეტად არის  დაცული სექსუალური ხასიათის ძალადობისა და სხვა არასასურველი შედეგებისაგან. სექსუალური
განათლება  ბავშვს/მოზარდს ეხმარება სექსუალობის შესახებ საკუთარი თვალსაზრისის და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაშიც.

ასაკობრივი
ფსიქოლოგიის თანახმად,  ადამიანის სექსუალური განვითარება იწყება დაბადებიდანვე. ბავშვი იბადება როგორც სექსუალობის მატარებელი და მისი სექსუალობა გადის განვითარების გარკვეულ ეტაპებს. ცალკეულ ეტაპზე, სექსუალობა ვლინდება სხვადასხვა ფორმით და იძენს განსხვავებულ მნიშვნელობას.

მნიშვნელოვანია ბავშვისთვის  ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდება, ისეთ თემებზე როგორიცაა: სქესობრივი განვითარება, ინტიმური ჰიგიენა, სქესთა შორის ურთიერთობები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება (მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ფეხმძიმობა, აბორტი). სექსუალური განათლების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ (მაგალითად, ინსტიტუცია, ქუჩა), ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

რომელ
ასაკში და რა ფორმით შეიძლება გაუზიაროთ ბავშვს/მოზარდს ასაკისთვის შესაბამისი ინფორმაცია და როგორ ვუპასუხოთ მათ მიერ დასმულ უხერხულკითხვებს?  ბავშვს შეკითხვა შეიძლება გაუჩნდეს ფილმის ნახვის, თანატოლებისგან გაგებული ინფორმაციის, მისთვის უცნობი სიტყვების მოსმენის ფონზე.  როდესაც ბავშვი იწყებს შეკითხვების დასმას, უმჯობესია ინფორმაციის მიწოდების ინიციატივა საკუთარ თავზე  აიღოს მშობელმა/აღმზრდელმა, რადგან სხვა შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვი მიიღებს ინფორმაციას სხვა წყაროებიდან (ეზო, ქუჩა), რბილად რომ ვთქვათ, შეცვლილი/დამახინჯებულ ფორმით.

ინფორმაციის
მიღება პირველ რიგში, უნდა იყოს ბავშვის/ მოზარდის მოთხოვნილება. რაც შეეხება ასაკს, ის არ არის მკაცრად განსაზღვრული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ასაკი არ უნდა იყოს გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებისას. ინფორმაციის მიწოდების ეფექტურობა  დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის წამყვანია   ინფორმაციის სწორად მიწოდების უნარი, ურთიერთობები შვილსა და მშობლებს შორის,  ოჯახის წევრების შეთანხმებული მოქმედება სექსუალური განათლების საკითხებთან მიმართებაში.

ინფორმაციის
მიწოდება არ არის მარტივი პროცესი და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, მშობლის მზაობა ესაუბროს შვილს და მეორეს მხრივ, ის თუ რამდენად ფლობს საჭირო ინფორმაციას თავად მშობელი. როდესაც მშობელი  არ არის მზად შვილთან ამ საკითხებზე გულახდილად საუბრისათვის, ის თავს არიდებს შეკითხვებზე პასუხის გაცემას ან იწყება მისტიური ისტორიების მოყოლა, რასაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და შესაბამისად, ბავშვი იღებს დამახინჯებულ ინფორმაციას.

ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა/აღმზრდელებმა ბავშვებთან სექსუალური თემატიკის საკითხებზე საუბრისას:


  • ბავშვს ინფორმაცია კორექტულად მიაწოდეთ, მარტივი და გასაგები ენით.  გასათვალისწინებელია ბავშვის განვითარების დონე და ინდივიდუალური თავისებურებები. შესაძლებელია სპეციალური წიგნების, ნახატებისა და საგანმანათლებლო ფილმების გამოყენება;

  • მცირე ასაკის ბავშვს ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ზომიერად. ერთის მხრივ,  უნდა დაკმაყოფილდეს ბავშვის ინტერესი, და მეორეს მხრივ, არ მიეწოდოს ზედმეტი ინფორმაცია. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მშობლები შვილებს ისეთ ინფორმაციას აწვდიან, რაზეც ბავშვებს საერთოდ არ უფიქრიათ და არც აინტერესებთ. მთავარია, რომ ბავშვს დოზირებულად მიაწოდოთ ახალი ინფორმაცია და ასევე მნიშვნელოვანია, ყურადღებით დააკვირდეთ მის რეაქციებს. თუ შეამჩნევთ, რომ მიღებული ინფორმაციის შემდეგ თქვენი შვილი სხვა რამეზე გადაერთო და მეტი კითხვა არ დაგისვათ- არ გააგრძელოთ ამაზე საუბარი; ხოლო თუ მან ახალი, უფრო სიღრმისეული კითხვების დასმა გააგრძელა, მაშინ შეგიძლიათ, მცირე დოზით, კიდევ უამბოთ რამე;

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შეეცადეთ ესაუბროთ ბავშვს გადაჭარბებული ემოციების გარეშე, მშვიდად და გაწონასწორებულად. როგორი რთული და შოკისმომგვრელი კითხვაც არ უნდა დაგისვათ ბავშვმა, შეეცადეთ არ გაბრაზდეთ. ბავშვის ინტერესი სექსუალური საკითხებისადმი ბუნებრივი გამოვლინებაა. თქვენი მძაფრი რეაქციით შეიძლება ბავშვს დამახინჯებული, არასწორი წარმოდგენა შეექმნას სექსუალურობისა და ინტიმურობის შესახებ;

  • იყავით გულახდილი. არ მოუყვეთ ბავშვებს არარეალური ისტორიები (მაგალითად, ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით წეროების, კომბოსტოებისა და სპეციალური ნემსების შესახებ);

  • არ აარიდოთ საუბარს თავი ფრაზებით : „ ეს ჯერ შენთვის ადრეა“ , „გაიზრდები და გაიგებ“, „საიდან გაგიჩნდა მსგავსი კითხვებიდა .. არ გადაიტანოთ საუბარი სხვა თემაზე, ბავშვი ამას იგრძნობს და იფიქრებს, რომ რაღაცას მისთვის საინტერესოს უმალავთ. მშობლის ასეთი ქმედებების შემთხვევაში ბავშვი შეეცდება ცნობისმოყვარეობა სხვა გზით დაიკმაყოფილოს;

  • თუ არ შეგიძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა, გულწრფელად უთხარით ბავშვს ამის შესახებ. შეეცადეთ მოიძიოთ და გაეცნოთ შესაბამის ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ შვილთან ერთად განიხილავთ;

  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ მოზარდობის ასაკში სექსუალურ საკითხებზე ინფორმირებას. მოზარდის დროული ინფორმირება გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სქესობრივი მომწიფებისა და  თავისებურებების შესახებ, დაეხმარება მას შედარებით უმტკივნეულოდ შეხვდეს მოსალოდნელ ცვლილებებს.  



მშობლების დიდი ნაწილი თავს არიდებს ბავშვებთან სექსუალურ თემებზე საუბრის დაწყებას, არა მხოლოდ თემის სპეციფიკიდან გამომდინარე (ტაბუ და უხერხულობის განცდა), არამედ იმის გამოც, რომ თავადაც არ იციან თუ რა ინფორმაცია და როგორი ფორმით შეიძლება მიაწოდონ ბავშვს. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მშობელს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სირთულეები ბავშვის სექსუალური ქცევის მართვასთან დაკავშირებით ან აღელვებდეს მისი უსაფრთხოების საკითხი.  თუ მშობელი/აღმზრდელი ვერ ახერხებს საკუთარი ძალებით აღნიშნულ სირთულეებთან გამკლავებას, უნდა მიმართოს ფსიქოლოგს კონსულტაციისათვის.


ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებს "საქართველოს ბავშვები" სთავაზობს სექსუალური განათლების  ტრენინგს, ინდივიდუალურ კონსულტაციასა და სუპერვიზიას.



ავტორი
ნანა ფიფია

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია



 
Back to content | Back to main menu