თვით-დამაზიანებელი ქცევები ბავშვებთან და მოზარდებთან - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

თვით-დამაზიანებელი ქცევები ბავშვებთან და მოზარდებთან

ბიბლიოთეკა

თვითდამაზიანებელ ქცევაში  მოიაზრება  საკუთარი სხეულის განზრახ დაზიანებაზე მიმართული ქმედება.  ასეთი ქცევები ხშირად გვხდება ბავშვებსა და მოზარდებში, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში,  როდესაც სახეზეა განვითარების სხვადასხვა დარღვევა.


ბავშვებში თვითდამაზიანებელი ქცევები წარმოდგენილია საკმაოდ ფართო სპექტრით და  მოიცავს სხეულის დაწვას, გაკაწრას, გაჭრას, სხეულის ნაწილების დარტყმას, თმის წიწკნას (ტრიქოტილომანია), ტოქსკიური ნივთიერებების მიღებას და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ თვითდამაზიანებელ ქცევას ხშირად  არ უდევს  საფუძვლად თვითმკვლელობის სურვილი, რიგ შემთხვევებში იგი შესაძლოა სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს.


ყოველ კონკრეტულ თვით-დამაზიანებელ ქცევას თავის მოტივაცია და ფუნქცია გააჩნია.  რიგ შემთხვევებში თვითდაზიანება შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემასთან გამკლავების მექანიზმს, რომელიც ბავშვს/მოზარდს დროებით შვებას აგრძნობინებს ძლიერი სტრესის დროს.  თვითდაზიანება ასევე შეიძლება წარმოადგენდეს მანიპულირების საშუალებას - როდესაც ბავშვი/მოზარდი  ქცევას ახორციელებს სხვებზე მანიპულაციის მოტივით და ამით აღწევს საკუთარ მიზნებს (აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოზარდობის ასაკში).


განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან (მაგალითად გონებრივი ჩამორჩენის დროს) თვითდამაზიანებელი ქცევა შესაძლოა ემსახურებოდეს   სენსორული სტიმულაციის უზრუნველყოფას. ასევე, გარშემომყოფთა ყურადღების მიქცევას ან ისეთი მოთხოვნებისთვის  თავის არიდების საშუალებას, რომელთა შესრულებაც  ბავშვისთვის რთულია.


ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ კომუნიკაციის და/ან სოციალური უნარების დეფიციტი და უჭირთ სოციალურად მისაღები ფორმით მოითხოვონ რაიმე, სწორედ თვით-დამაზიანებელი ქცევა შეიძლება გახდეს  სასურველის მიღწევის გზა.

თვითდამაზიანებელი ქცევების მოტივების, ფუნქციებისა და ფორმების მრავალფეროვნების გამო, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მუშაობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. თვითდამაზიანებელი ქცევების შესამცირებლად და დასაძლევად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ჩარევა შეიძლება მიმართული იყოს საფუძვლად მდებარე მიზეზის აღმოფხვრაზე ან უშუალოდ  ქცევის მოდიფიკაციაზე. მაგალითად, თუ ქცევა ყურადღების მიპყრობის მიზნით ხორციელდება, ასეთ დროს მუშაობა უნდა წარიმართოს ბავშვისთვის ყურადღების მიქცევის ალტერნატიული, მისაღები ფორმების სწავლებაზე.

 
იმდენად რამდენადაც  თვით-დამაზიანებელი ქცევები უმეტესწილად   ფსიქოლოგიურ ფაქტორებს უკავშირდება, მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების - ფსიქოლოგების ჩართვა  აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობის პროცესში.  



ავტორი
თამ
არ მუმლაძე

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu