თუ თქვენი შვილი ზედმეტად მორცხვია... - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

თუ თქვენი შვილი ზედმეტად მორცხვია...

ბიბლიოთეკა

მშობლების უმეტესობა ოცნებობს, რომ მისი შვილი გაბედული და თავდაჯერებული იყოს და მაქსიმალურად შეეძლოს საკუთარი ცოდნისა და უნარების წარმოჩენა სკოლის ზეიმზე, სტუმრების წინაშე თუ სხვა სოციალურ გარემოში. თუმცა, ზოგჯერ სიმორცხვე ხელს უშლით ბავშვებს  მშობლების ასეთი მოლოდინების გამართლებაში, რაც ოჯახისთვის როგორც წესი დიდ პრობლემად აღიქმება.
სინამდვილეში სიმორცხვე ერთ-ერთი ემოციაა, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი განიცდის და იგი სავსებით ბუნებრივია ბავშვებისთვისაც. სიმორცხვე პრობლემად მხოლოდ ისეთ შემთხვევებში უნდა მივიჩნიოთ, როდესაც იგი ხელს უშლის ბავშვის ნორმალურ ფუნქციონირებას-მაგალითად ბავშვი ვერ ახერხებს თანატოლებთან კონტაქტის დამყარებას, ან აქვს ცუდი აკადემიური მოსწრება, მხოლოდ იმის გამო, რომ ერიდება მასწავლებლის კითხვაზე პასუხის გაცემა  და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, მშობელს შეუძლია დაეხმაროს ბავშვს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებით:


  • პირველ რიგში, დააკვირდით ბავშვს და შეეცადეთ გამოიცნოთ თუ როდის გრძნობს თავს დაძაბულად და როგორ ავლენს ამას. სიმორცხვის გამოვლენის ნიშნები ინდივიდუალურია - არიან ბავშვები, რომლებიც ამ დროს იწყებენ   ფრჩხილების კვნეტას, ხელის მომუჭვას, თმების წვალებას. ზოგიერთი არჩევს მშობლის ზურგს უკან დამალვას. ამ ნიშნების ცოდნა დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რომელი სიტუაციებია ყველაზე სტრესული ბავშვისთვის  და როდის სჭირდება მას მხარდაჭერა.  

  • ხაზი გაუსვით ბავშვის  წარმატებებს და წაახალისეთ სოციალური აქტივობის ნებისმიერი მცდელობა; მაგალითად: ,,დაგინახე როგორ გამოელაპარაკე შენს ახალ თანაკლასელს,  მიხარია”. ,,ამ დილას გავიგონე  როგორ უთხარი ,,გამარჯობა“ ნინო დეიდას. მას  ძალიან ესიამოვნა შენი მისალმება“.

  • ეცადეთ არ ილაპარაკოთ თქვენი შვილის ნაცვლად, როცა წესით ეს მან უნდა გააკეთოს. . მაგალითად, ნუ მოიბოდიშოთ მის ნაცვლად.  ასეთმა ქმედებამ შესაძლოა იქამდე მიგვიყვანოს, რომ ბავშვი თქვენზე გახდეს დამოკიდებული.  

  • მოერიდეთ ბავშვის შედარებას სხვა ბავშვებთან, თუნდაც საკუთარ და-ძმასთან. ნუ ეტყვით რომ მაგალითად, მისი და უფრო კარგად სწავლობს, ვიდრე ის.

  • წინასწარ მოამზადეთ ბავშვი ახალი სიტუაციებისთვის. ესაუბრეთ და ერთად აღწერეთ მოსალოდნელი სოციალური გარემო და დაეხმარეთ მას გაიაროს „რეპეტიცია.“ მაგალითად, სკოლის შემთხვევაში, წარმოიდგინეთ როგორი იქნება საკლასო ოთახი,  როგორ უნდა შეხვდეს ბავშვებსა და მასწავლებელს, როგორ წარმართოს საუბარი და თუნდაც როგორ მიესალმოს და დაემშვიდობოს მათ.

  • ბავშვთან ერთად განიხილეთ სტრესული სიტუაციები. თუ თქვენი ბავშვი საკუთარი სიმორცხვის გამო, უხერხულ ან სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდა,  აუცილებლად გამოძებნეთ დრო რომ მასთან ერთად  განიხილოთ მომხდარი; იმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ასეთ სირთულეებთან გამკლავება მომავალში.    


ავტორი
ანა ბარქაია

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu