როგორ დავარეგულიროთ ურთიერთობები და-ძმებს შორის - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

როგორ დავარეგულიროთ ურთიერთობები და-ძმებს შორის

ბიბლიოთეკა

ალბათ ძნელად მოიძებნება ოჯახი, სადაც ერთზე მეტი ბავშვია და მათ შორის ურთიერთობები ყოველთვის ჰარმონიულია. მშობლები არც თუ იშვიათად გამოხატავენ წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი შვილები „ვერ რიგდებიან ერთმანეთთან“, „განუწყვეტლივ კამათობენ, კინკლაობენ და ჩხუბობენ“, „არ უთმობენ ერთმანეთს არაფერს“ და ა.შ.

შეიძლება ითქვას, რომ და-ძმებს შორის გარკვეული დოზით გამოხატული  კონკურენცია, დაპირისპირება, ეჭვიანობა, ეგოისტური მისწრაფებები და ქმედებები ბუნებრივი, განვითარების თანმდევი გამოვლინებებია. პატარა ბავშვებში ხშირი კონფლიქტები აიხსნება ეგოცენტრულობით, იმპულსურობითა და პრობლემის გადაჭრის უნარის მოუმწიფებლობით. დედ-მამიშვილებს შორის ურთიერთობების დარეგულირება 9 წლის ასაკიდან იწყება და 12 წლისთვის  შესამჩნევად უმჯობესდება.  კვლევები აჩვენებს, რომ ურთიერთობის სირთულეები მით უფრო მეტადაა გამოხატული, რაც უფრო მცირეა ასაკობრივი შუალედი. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლადია  სქესი - ერთი სქესის ბავშვებს შორის უფრო ხშირია კონფლიქტები, ვიდრე სხვადასხვა სქესის და-ძმებს შორის.

არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ამწვავებს ურთიერთობებს ბავშვებს შორისროგორიცაა მაგალითად: მშობლის ფავორიტიზმი და მიკერძოებულობა რომელიმე შვილის მიმართ; მშობლების, ან სხვა გარშემომყოფების ქცევითი მოდელები, რის იმიტაციასაც ახდენენ ბავშვები; არასწორიაღზრდისა და ქცევის მართვის სტილი; ბავშვისინდივიდუალობის გამოვლენის დამაბრკოლებელი გარემო; მკვეთრი განსხვავებები ბავშვების ხასიათში, ტემპერამენტში, უნარებში; ეფექტური კომუნიკაციის და პრობლემის გადაჭრის უნარების დეფიციტი. 

თუ მშობლის მხრიდან სწორად მოხდება ამ ფაქტორების გათვალისწინებაიდენტიფიცირება, და რეაგირება, შესაძლებელი იქნება ბავშვებს შორის ურთიერთობების დარეგულირება. ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შვილებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში:


  • უპირველეს ყოვლისა, დაადგინეთ ბავშვებს შორის უთანხმოების, კონფლიქტის მაპროვოცირებელი გარემოებები. იფიქრეთ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებზე და შეძლებისდაგვარად შეეცადეთ მათ მინიმუმამდე დაყვანას;
  • თავი აარიდეთ ფავორიტიზმის, უპირატესობის გამოვლენას რომელიმე შვილის მიმართ. მიიღეთ თითოეული ბავშვი ისეთი როგორიც არის და მოექეცით თანასწორად;
  • ნუ იქნებით ზედმეტად დამცველი უმცროსი შვილის მიმართ. კვლევები აჩვენებს, რომ აგრესიული ქმედებები  ხშირად მათგან არის პროვოცირებული, თუმცა  უფროსებს ბრალდება. საჭიროა თითოეულმა ბავშვმა  დაინახოს თავისი წვლილი კონფლიქტში;
  • არ დააკისროთ უფროს შვილს ზედმეტი პასუხისმგებლობა (მაგალითად უმცროსის მოვლა, ჭურჭლის დარეცხვა, სახლის დალაგება). ერთის მხრივ ამ უთანასწორობამ უფროსს შეიძლება გაუჩინოს უსამართლობის განცდა, მეორეს მხრივ კი უმცროსმა  იეჭვიანოს. თითოეულს უნდა მისცეთ ასაკისთვის და განვითარებისთვის შესაბამისი დავალებები (მაგალითად,  უმცროსმა დაალაგოს თეფშები მაგიდაზე, უფროსმა აალაგოს და გარეცხოს);
  • ასწავლეთ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები,  სასურველის მიღწევა და
  • კონფლიქტების
  • მოგვარება ჩხუბის, ყვირილისა და დარტყმის გარეშე. დაეხმარეთ საჭირო უნარების გამომუშავებაში;
  • დადებითად განამტკიცეთ შემთხვევები, როდესაც ისინი შეხმატკბილებულად თამაშობენ  ან მშვიდობიანად შეუძლიათ ურთიერთობისას წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა. გამოიყენეთ ჯილდოები ასეთი შემთხვევებისთვის;
  • ერიდეთ ბავშვების ერთმანეთთან შედარებას. თითოეულთან მიმართებაში ეძიეთ ძლიერი მხარეები და  გააკეთეთ აქცენტი მათზე;
  • ერიდეთ ბავშვების მიმართ დამამცირებელი მეტსახელების დაძახებას;
  • ერიდეთ შეჯიბრებას ბავშვებს შორის. ნაცვლად გამარჯვება-დამარცხების, წაგება-მოგების პრინციპისა, ბავშვებს შესთავაზეთ აქტივობები, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობას მოითხოვს;
  • მოექეცით თითოეულს როგორც ინდივიდს, გაითვალისწინეთ მათი ინდივიდუალური საჭიროებები;
  • ხელი შეუწყეთ თითოეულის ინდივიდუალობის განვითარებას და შენარჩუნებას. ამისათვის მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს საკუთარი პირადი სივრცე,  საწოლი, მაგიდა, ტანსაცმელი, ნივთები. მიეცით საშუალება განცალკევდნენ ერთმანეთისგან ცოტა ხნით მაინც. შეუწყეთ ხელი შეიქმნან მეგობრების საკუთარი წრე. არ აიძულოთ ბავშვი ყოველთვის ჩართოს  დედ-მამიშვილი თავის აქტივობებში;
  • თუ ატყობთ რომ კონფლიქტი იწყება, გადაიტანეთ ბავშვების ყურადღება სხვა რამეზე, ან განაცალკევეთ ისინი;
  • მოუსმინეთ თითოეულ ბავშვს, სთხოვეთ გიამბონ კონფლიქტის მიზეზებისა და საკუთარი განცდების შესახებ. მიეცით საშუალება დაინახონ მოვლენები სხვა მხრიდანაც. დარჩით ნეიტრალური, წააქეზეთ თვითონ მოაგვარონ პრობლემა მშვიდობიანი გზებით;
  • გამოიყენეთ ქცევის ბუნებრივი და ლოგიკური შედეგები.  მაგალითად, თუ  ბავშვები ჩხუბობენ სათამაშოს გამო, ლოგიკური შედეგი იქნება მისი ორივესთვის გამორთმევა, სანამ გადაწყვეტენ ჯერ რომელი ითამაშებს. თუ დაღვარეს წყალი იატაკზე და ერთმანეთს აბრალებენ, ბუნებრივი შედეგი იქნება  ორივეს ააწმენდინოთ.

არ უნდა შეიქმნათ იმის ილუზია, რომ დედ-მამიშვილებს შორის შესაძლოა არსებობდეს იმდენად ჰარმონიული ურთიერთობა, რომ საერთოდ არ ჰქონდეს ადგილი უთანხმოებასა და ცალკეულ   ნეგატიურ   ინციდენტებს.   ბავშვებს შორის  წამოჭრილი უთანხმოებები ყოველთვის სულაც არ  საჭიროებს მშობლისა და მით უფრო, დამხმარე სპეციალისტის ჩარევას. მაგრამ დედ-მამიშვილების ურთიერთობებში დისჰარმონიას დროულად უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება, თუ: 

  • უთანხმოება გადაზრდილია რეგულარულ ჩხუბსა და მწვავე დაპირისპირებაში. ბავშვები ხშირად უყვირიან ერთმანეთს, ეძახიან ცუდ სიტყვებს, ურტყამენ ერთმანეთს და ა.შ.;     
  • აშკარაა მტრული დამოკიდებულება ბავშვებს შორის. ისინი ხშირად მიზანმიმართულად ანადგურებენ ერთმანეთის ნივთებს, ცდილობენ გაუკეთონ დედ-მამიშვილს რაიმე „ცუდი“;
  • ადგილი აქვს ემოციურ სირთულეებს ბავშვებში, მათ შორის თვით-შეფასების პრობლემებს;
  • თუ სცადეთ გამოგეყენებინათ ზემოთ განხილული რეკომენდაციები, მაგრამ თქვენი ძალისხმევის მიუხედავად ბავშვებს შორის კონფლიქტური ურთიერთობები შენარჩუნდა და/ან კიდევ უფრო გამწვავდა, მიმართეთ ფსიქოლოგს დახმარებისათვის.

 
ავტორი 
თამარ მუმლაძე
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu