ძილის სირთულე აუტიზმის მქონე ბავშვებთან - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ძილის სირთულე აუტიზმის მქონე ბავშვებთან

ბიბლიოთეკა

რუტინის მნიშვნელობა ჯანსაღი ძილისთვის

ძილი ჯანმრთელობის და ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. კვლევებით დასტურდება ძილის კრიტიკული მნიშვნელობა ბავშვის  ზრდისთვის,  ორგანიზმის, გონებრივი განვითარებისა და იმუნური სისტემის აღდგენისთვის. ძილს  ასევე აქვს მნიშვნელოვანი გავლენა  მეხსიერებისა და დასწავლის უნარებზე.

მშობლების უმეტესობა აღნიშნავს რომ პერიოდულად მათ ბავშვებს აქვთ ჩაძინების, ან მთელი ღამე ძილის სირთულე. ძილის ეს მახასიათებელი არის ჩვეულებრივი მოვლენა, თუ რა თქმა უნდა დროებითია. ძილთან დაკავშირებული სირთულეები აუტიზმის მქონე ბავშვებთანაც ხშირად გვხვდება.

ეს სირთულეები შეიძლება გულისხმობდეს:
  • ძილის და გაღვიძების არარეგულარული რეჟიმი
  • ასაკთან შედარებით გაცილებით ნაკლები დროით ძილი ან ღამით  ხშირი გაღვიძება, საათში ერთხელ ან მეტად
  • ღამის განმავლობაში 1 საათით ან მეტი დროით ბავშვს შეიძლება ეღვიძოს, თამაშობდეს, იყოს აქტიური ფიზიკურად და აშ
  • დღის განმავლობაში ზედმეტი ძილიანობა, რომელმაც შეიძლება ასევე ღამის ძილზე იქონიოს გავლენა

გაიდლაინების მიხედვით დღე-ღამეში ძილის ხანგრძლივობის საჭიროება ასაკზეა დამოკიდებული, იხილეთ ცხრილი SHF (SLEEP HEALTH FOUNDATION)
:
ასაკი / ძილის დრო (საათებში)
0-2 თვე / 12-18 სთ
2 თვე -1 წ / 14-15 სთ
1-3 წ / 12-15 სთ
3-5 წ / 11-13 სთ
5-12 წ / 9- 11 სთ
12-18წ / 8.5-9.5 სთ

აუტიზმის მქონე ბავშვებში, ძილის დარღვევამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს როგორც ყოველდღიურ რუტინაზე და ქცევებზე, ასევე შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ბავშვის დასწავლის ტემპზე და გააუარესოს ბავშვის ზოგიერთი ქცევა. ასევე ბავშვის ძილის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ოჯახის წევრების, მათ შორის და-ძმების სიფხიზლე ღამით და იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი მშობლის სტრესისთვის. ნებისმიერი ადამიანის ადეკვატური ფუნქციონირება ღამის ძილთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

სტრატეგიები ძილის სირთულეების დაძლევის და ჯანსაღი ძილის ციკლის აღდგენისთვის:

  • დაიწყეთ ჩაწერა: აღწერეთ როგორ და როდის დაიწყო სირთულეები. განმარტეთ კონკრეტულად რაში მდგომარეობს სირთულე, ჩანაწერი დაგეხმარებათ პრობლემის იდენტიფიცირებაში, თუ რა ნაწილში აქვს ბავშვს სირთულე:
    • დასაძინებლად დაწოლა
    • ჩაძინება
    • დაურეგულირებელი ძილის ფაზები (საათები როცა ბავშვს ძინავს)

  • გამორიცხეთ უძილობის ბიოლოგიური, სამედიცინო მიზეზები. მიმართეთ პედიატრს, ფსიქიატრს, ნევროლოგს დიაგნოსტირებისთვის. თუ ბავშვი ამ პერიოდში რაიმე პრეპარატს იღებს, დააზუსტეთ ექიმთან ხომ არ იწვევს ეს პრეპარატი ძილიანობას, ან აგზნებას, რომელიც ბავშვის დაძინებას უშლის ხელს;

  • მიმართეთ ქცევის სპეციალისტს (სუპერვიზორს, ქცევის თერაპევტებს), რომელიც დაგეხმარებათ გარემო ფაქტორების იდენტიფიცირებაში, განსაზღვრავს რა წინაპირობები უშლის ხელს ბავშვის ძილს. დაგეხმარებათ შეადგინოთ გრაფიკი და დაგეგმოთ ძილის რუტინა.

  • შეადგინეთ ძილის რუტინა - დაძინების წინ რუტინული აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ძილის ხელშეწყობას სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. ეცადეთ დაძინების წინ შეიმუშაოთ რაიმე რუტინული ქცევები, მაგალითად ბანაობა,  ჩახუტება, ზღაპრის მოყოლა.
    • იყავით თანმიმდევრული. განსაზღვრეთ რეგულარული დრო დაწოლის/დაძინების დრო.
    • გამოიყენეთ ვიზუალური მასალა, სოციალური სიუჟეტი ან ვიზუალური განრიგი სურათებით. ეს დაეხმარება ბავშვს გაიგოს აქტივობები და მათი თანმიმდევრობა, რომელიც წინ უსწრებს დაძინებას. (თუ ბავშვისთვის ვიზუალური განრიგი ბევრ ინფორმაციას მოიცავს, მიაწოდეთ ეს ინფორმაცია დანაწევრებული სახით, აჩვენეთ  ყოველი აქტივობის ცალკეული სურათი).
    • იზუალური განრიგის მომზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში. მაგალითისთვის იხილეთ : 
     
  • ძილის წინა პერიოდში მოერიდეთ აქტიურ თამაშს ბავშვთან ერთად. უმჯობესია, რომ ბავშვი ფიზიკური, მასტიმულირებელი აქტივობებით დაკავდეს დღის საათებში. დაწოლამდე 1-2 საათით ადრე შეეცადეთ ბავშვი ჩაერთოს მომადუნებელ, დამამშვიდებელ აქტივობებში, როგორიც არის: აბაზანის მიღება, კითხვა, მუსიკის მოსმენა, მსუბუქი მასაჟი, მსუბუქად წახემსება. ყურადღება მიაქციეთ განათებასაც, რომ არ იყოს ძალიან მკვეთრი და მოციმციმე შუქი.

  • მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვი იძინებდეს როგორც ღამით, ასევე შუადღის ძილის დროს ერთი და იგივე გარემოში. დააწვინეთ ყოველთვის თავის საწოლში, შეძლებისდაგვარად ერთი და იგივე დროის შუალედში.

  • შექმენით მშვიდი გარემო ბავშვის დასაძინებელ სივრცეში: ყურადღება მიაქციეთ, რამდენად კომფორტულია ბავშვის საწოლი, ლეიბი, ბალიში, საბანი და პიჟამოც კი. ხომ არ არის მასალა რომელშიც ბავშვს აწვენთ მისთვის უსიამოვნო. ყურადღება მიაქციეთ ძილში ბავშვი ხომ არ ოფლიანობს, ან ტანსაცმელს ხომ არ იხდის. გამოიყენეთ დაბალი განათება, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი, მომადუნებელი ეფექტი. შესაძლოა გამოგადგეთ დამატებითი ბალიში ან ლეიბი, რომელსაც გამოიყენეთ მსუბუქი მომადუნებელი ზეწოლისთვის (კითხეთ სპეციალისტს-ოკუპაციურ თერაპევტს).

  • შეეცადეთ, რომ დაძინებამდე 1-2 საათით ადრე ბავშვს არ ქონდეს შეხება ისეთ ნივთებთან როგორებიცაა  მობილური, კომპიუტერი, ტელევიზორი, მასტიმულირებელი სათამაშოები.

  • იყავით თანმიმდევრული - გამოიყენეთ ვიზუალური განრიგი და ყურადღება მიაქციეთ რომ ძილის წინა აქტივობები იყოს რეგულარული. ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე მიმდევრობით. თანმიმდევრულობა და წინასწარგანსაზღვრულობა აქცევს ბავშვის ძილს მეტნაკლებად რეგულარულს, რაც დაგეხმარებათ თქვენც და ბავშვსაც შემდეგ დღეს იყოთ დასვენებულები და პროდუქტიულები . J


შეჯამება:
დაიცავით  ძილის განრიგი: როგორც დღისით, ასევე ღამით ბავშვი ერთსა და იმავე დროს დააძინეთ. ყოველთვის მოერიდეთ ღამის ძილის გვიან გადადებას (21:00 საათზე გვიან). საძინებელი ისე მოაწყვეთ, რომ დილას დღის სინათლე შევიდეს, რაც მას გამოღვიძებაში დაეხმარება.  თუ ბავშვი  პატარაობიდან შეეჩვევა ღამით ადრე დაძინებას ეს მას დაეხმარება სკოლის ასაკშიც და აღარ მოუწევს ძილის რეჟიმის შეცვლა.

ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: ეცადეთ დაძინების წინ შეიმუშაოთ რაიმე რუტინული ქცევები, მაგალითად ბანაობა, ნაკლებად აქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. შეეცადეთ არ შეცვალოთ ქმედებათა თანმიმდევრობა.

საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის მოსახერხებელი გარემო: ბავშვს კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის დაბალი განათება. არ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და სიმშვიდეა.


თამარ მამულაშვილი 

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია



 
Back to content | Back to main menu