სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა და მუშაობის ტექნიკები აუტიზმის მქონე ბავშვებში - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა და მუშაობის ტექნიკები აუტიზმის მქონე ბავშვებში

ბიბლიოთეკა

სოციალური უნარები ის უნარებია, რომელიც ადამიანს გარემოსთან ურთიერთობის საფუძველზე ბავშვობიდან უყალიბდება. ის არ არის თანდყოლილი და მათ განვითარებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამასთანავე სოციალური უნარები ადამიანს განსაკუთრებულად სჭირდება იმისთვის, რომ შეძლოს საზოგადოებაში ფუნქციონირება.


აუტიზმის დროს მთავარ სირთულეს სოციალური ურთიერთობების შეუძლებლობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სოციალური უნარების დეფიციტი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დეფიციტი აუტიზმის შემთხევაში. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ამ უნარის ჩამოყალიბებას, რადგანაც ეს არის სფერო, რომელიც აუტიზმის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ჩარევის გარეშე შეიძლება არც განვითარედეს.

ბავშვობის ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური კომუნიკაციის დამყარება ჯგუფური თამაშის მეშვეობით. როცა ბავშვს აქვს არასათანადო ქცევა, ის ხდება იზოლირებული და სხვებისთვის მიუღებელი, რაც მას უზღუდავს შესაძლებლობას, რომ ქონდეს სრულყოფილი სოციალური კომუნიკაცია და პოზიტიური უკუკავშირები გარემოსგან, რომელშიც იგი ფუნქციონირებს.

სოციალური უნარების განვითარბა ძალიან კომპლექსური საკითხია, რადგან ერთი სოციალური უნარი ჩაშლილია უამრავ საფეხურად და გვჭირდება ყველა მათგანის სათითაოდ გავლა იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს ერთი სოციალური ნორმის საბოლოოდ ჩამოყალიბება. ძალიან რთულია ყველა ცხოვრებისეული სიტუაციის შესაბამისი ქცევისა და სოციალურად მისაღები პასუხების დასწავლა, თუმცა შეგვიძლია ვივარუდოდთ ყველაზე მეტად რომელი ცხოვრებისეული სიტუაცია შეხვდებათ მათ და რა პასუხი შეიძლება ჰქონდეთ ამასთან დაკავშირებით.

სოციალური უნარების დასწავლის პირველი საფეხური შეიძლება იყოს სამიზნე უნარების სწორად არჩევა - შეგვიძლია ჩამოვწეროთ რამდენიმე დეფიციტური სოციალური უნარი, თუმცა აქედან უნდა ავარჩიოთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მოცემული დროისთვის, რომელზეც დავიწყებთ მუშაობას.

მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინება და სტრუქტურირებული და თანმიმდევრული სწავლება, მაგრამ ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც ხელოვნურ გარემოში სწავლებას, ასევე, ბუნებრივ გარემოსაც. ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებებს (ბაღი, სკოლა) ძალიან დიდი როლი ეკისრება, ასეთ გარემოში აუცილებლია ბავშვის ჩართვა ჯგუფურ აქტივობებში და არა „ოთახის კუთხიდან“ თვალის დევნება პროცესისთვის.
აუტიზმის მქონე ბავშვების შემთხვევაში ხშირად გვაქვს არასასურველი ქცევები. მნიშვნელოვანია ხელისშემშლელი ქცევების გათვალისწინება სამუშაო მიზნების აღების დროს, რაშიც აუცილებელია სპეციალისტის დახმარება, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ ქცევებმა შეიძლება შეუშალოს ხელი მიზანზე მუშაობას.
სოციალური უნარების დასწავლის წინაპირობაა მოთხოვნის, იმიტაციის და თამაშის უნარების ქონა. თუ ბავშვს არ აქვს ეს უნარები, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ მათ განვითარებაზე მუშაობა.

იმიტაციის უნარი მნიშვნელოვანია დამკვირვებლის უნარების ჩამოსაყალიბებლად, ადამიანი აკვირდება და ამის შედეგად სწავლობს განსახორციელებელ ქცევას - სიტუაცია და ადამიანები კონკრეტულ სიტუაციაში გვკრნახობენ ქცევებს, რომელიც იმ სიტუაციაში უნდა გამოვავლინოთ.
მნიშვნელოვანია ისეთი გეგმის შემუშავება, რომლითაც ეტაპობრივად თავად სოციალური კომუნიკაცია გახდება ბავშვისთვის განმამტკიცებელი/წამახალისებელი. ბავშვმა უნდა დაინახოს პერსპექტივაში რა განმამტკიცებლები შეიძლება მიიღოს კომუნიკაციის დამყარების შედეგად, მაგალითად: მეგობრების გაჩენით ის მიიღებს ყურადღება, შეიძლება შეჭამონ ნაყინი ერთად, ან გაისეირნონ - სწორედ ეს შედეგი უნდა გახდეს მისთვის განმამტკიცებელი და დამატებითი განმტკიცება არ უნდა გახდეს საჭირო. 

რა კონკრეტული სტრატეგიები შეიძლება გამოვიყენოთ სოციალური უნარების სასწავლებლად?

1. ვიდეო მოდელირება - საკმაოდ ეფექტურია ისეთი უნარების სასწავლებლად, როგორიც არის თამაში და დიალოგის წარმართვა. მოდელირება სთავაზობს სოციალური პასუხების სხვადასხვა ვარიანტებს. სოციალური უნარების სწავლების დროს ჩვენ გვინდა, რომ ბავშვს ჰქონდეს პასუხების რამდენიმე ვარიანტი, რომელსაც სიტუაციის შესაბამისად გამოიყენებს.

ვიდეო მოდელირების გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როცა ბავშვს აქვს იმიტაციის ბაზისური უნარები, ამ ვიდეოების დახმარებით კი ხდება ამ უნარების განმტკიცება და გამრავალფეროვნება.

ხდება ბავშვისთვის ვიდეოს ჩვენება და შემდეგ კონკრეტული სიტუაციის მოდელირება - სიუჟეტის გადმოტანა რეალურ სიტუაციაში. ასევე შეიძლება გაკეთდეს საფეხურეობრივი ვიდეო, მაგალითად აღიწეროს როგორ თამაშობს ბავშვი სახლით და კონკრეტული ნაბიჯების აღწერა მოხდეს თამაშის მოდელირებით.
ვიდეო მოდელირებისას გამოყენებული ვიდეო უნდა იყოს კონკრეტულ ბავშვზე მორგებული და მასში იყოს გამოყენებული კონკრეტული ბავშვის კონკრეტული სიტუაცია, რომელშიც იქნება ბავშისთვის ნაცნობი გარემო და ადამიანები. მაგალითად, გადაუღონ ვიდეო ბავშვის დას ან ძმას, რომელიც ესალმება თანატოლს, ან თამაშობს ბურთით თანატოლთან ერთად. შესაძლებელია იგივე ვიდოში მონაწილეობა მიიღონ მშობლებმა ან ახლობლებმა - გააჩნია რომელ სოციალურ სიტუაცას ვასწავლით ბავშვს.

2. სოციალური ისტორიები - ეს არის - გარკვეული სიტუაციის, მოვლენის ან აქტივობის ფოტოებით და ტექსტით აღწერა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თითოეული მათგანის მოსალოდნელ შედეგებზე; ფოტოები გამოყენებულია იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს თუ როგორ უნდა მოიქცეს მოცემულ სიტუაციაში; ფოტოებზე მოცემულია ეტაპობრივი ინსტრუქციები. სოციალური ისტორიები ეხმარება ბავშვს, რომ ისწავლოს როგორ უნდა მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციაში. არის უფრო მოსახერხებელი, რადგანაც ნაწერთან ერთად გამოყენებულია ვიზუალური მიმანიშნებლებიც (სურათები).

არსებობს სოციალური ისტორიების შესაქმნელი უფასო აპლიკაცია - Picto-Selector და ასევე საიტი www.autismspeaks.org, რომელიც შეიცავს მზა ინფორმაციას სხვადასხვა სოციალური ისტორიის შესახებ ასევე შესაძლებელია ფოტოებისა და ენის დამატება. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სოციალური ისტორიების შექმნისას, რომ ის უნდა იყოს კონკრეტული ბავშვის კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებული.

3. როლური თამაშები, მოდელირება - ეს ტექნიკა შეიძლება ითქვას ზემოთ ნახსენები ტექნიკების ბოლო საფეხურია. თუმცა, თუ ბავშვის უნარები გვაძლევს საშუალებას შეგვიძლია პირდაპირ მოდელირებით და როლური თამაშით დავიწყოთ მუშაობა, სადაც ჩაერთვება ბავშვიც. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა დაიწყოს მუშაობა უფროსთან და ამ უნარის გარკვეულწილად დასწავლის შემდეგ მოხდეს თანატოლთან გადატანა ან მოდელირება. შეიძლება ეს გენერალიზებისთვისაც გამოვიყენოთ - თავდაპირველად მოზარდთან დასწავლილი სოციალური უნარები თუ ისტორიები შემდეგ ბავშვმა უნდა გადაიტანოს თანატოლთან. მაგალითად ბავშვი სწავლობს კოშკის აშენებას უფროსთან ერთად, ისწავლა დალოდება და გაზიარება, შემდეგი ეტაპი იქნება უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ ააშენოს კოშკი თანატოლთან ერთად. ან ბავშვმა ისწავლა როგორ უნდა მოიქცეს უფროსთან შეხვედრისას (გამარჯობა, როგორ ხარ?), შემდეგ ამას აკეთებს ბავშვთანაც.

ისევე როგორც ყველანაირი სწავლის პროცესი, აუცილებლად სოციალური უნარების სწავლების პროცესიც უნდა იყოს მორგებული ბავშვის უნარებსა და განვითარების დონეს. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა შეირჩეს მუშაობის ტექნიკაც. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი იყოს ბავშვისთვის სახალისო და სასიამოვნო. სანამ უშუალოდ სოციალური ურთიერთობიდან მიიღებს სიამოვნებას, მანამდე ბავშვს ჩვენ უნდა განვუმტკიცოთ წარმატებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი. მით უფრო მაშინ, როცა ბავშვი რეალურ სიტუაციებში იყენებს იმას, რაც ჩვენთან ისწავლა. აუცილებელია ვიყოთ ყურადღებით და ჩვენი შექებით მივცეთ ბიძგი და ვაჩვენოთ, რომ სწორი გზით მიდის, რაც ხელს შეუწყობს სასურველი შედეგის მიღებას. როდესაც ბავშვი მტკიცედ დაისწავლის კონკრეტულ უნარებს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენი ჩართულობა თანდათან შევამციროთ, რადგანაც, როგორც უკვე ვთქვით, სოციალური ურთიერთობების საბოლოო შედეგი - კარგი კომუნიკაცია თანატოლებთან, უფროსის ყველანაირ განმამტკიცებელზე უფრო ძლიერია.

ვტორი: რუსუდან აბულაძე
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu