ბავშვისთვის ბოდიშის მოხდის მნიშვნელობა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ბავშვისთვის ბოდიშის მოხდის მნიშვნელობა

ბიბლიოთეკა

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ გაწყენინათ განზრახ, ან თუნდაც არა გამიზნულად. ბუნებრივია, გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება მეხსიერებაში დაგრჩეთ ეს წყენა. ხოლო, თუ  ადამიანი, რომელმაც გაწყენინათ, გულახდილად მოგიხდით ბოდიშს, სავარაუდოდ თქვენ უკეთ იგრძნობთ თავს და თქვენს შორის ურთიერთობებიც ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება.  შეცდომის/ბრალის აღიარება და შესაბამისად, პატიება, მოზრდილ ადამიანებს შორის ურთიერთობის მიღებულ ფორმას წარმოადგენს.

სოციალურ  ნორმებს მშობელი აღზრდისა და ყოველდღიური ურთიერთობების პროცესში ასწავლის შვილს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ურთიერთობს  მშობელი შვილთან, როგორ ესაუბრება, რამდენად პატივისცემით ეპყრობა მას და მის სურვილებს/განცდებს. ეს ყოველივე გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე და ამასთანავე, გარკვეულწილად განაპირობებს მის მომავალ ურთიერთობებს როგორც მშობლებთან, ისე  სხვა ადამიანებთან.

მნიშვნელოვანია მშობელმა შვილს ბავშვობიდან ასწავლოს საკუთარი შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა. მაგალითად, როდესაც ბავშვი უნებართვოდ იღებს სხვის სათამაშოს ან  უნებურად ხელს კრავს მეორეს, ასწავლით   ბოდიშის მოხდას. მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი სწავლება არ არის საკმარისი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირველ რიგში, ბავშვი მშობლისგან სწავლობს, აკვირდება რა მის საქციელს. მშობლის ქცევა მისთვის არის მაგალითი. ამიტომ, როდესაც მშობელი ასწავლის შვილს შეცდომების აღიარებას (პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ საქციელზე), ბოდიშის მოხდას, უპირველეს ყოვლისა, თავად მშობელმა უნდა დაიცვას ეს წესი როგორც შვილთან, ისე საკუთარ მშობლებთან და სხვა  ადამიანებთან მიმართებაში.

როგორც წესი, ბავშვი განიცდის, როდესაც მშობლის საქციელი არ შეესაბამება მისივე  სიტყვებს. ბავშვების უმრავლესობა კარგად იმახსოვრებს  თითქოსდა  უმნიშვნელო დაპირებასაც კი. მაგალითად, როდესაც მშობელი ბავშვს ეუბნება „ჩვენ დღეს არსად არ მივდივართ!“, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე დაპირდა ზოოპარკში წაყვანას, მშობლისთვის ეს შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანი იყოს, მაგრამ ბავშვისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას მოლოდინი გაუცრუვდა. მის განცდებს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ არც კი აუხსნეს, თუ რატომ აღარ შეუსრულეს დანაპირები და   ბოდიშიც არ მოუხადეს.

მცდარია მოსაზრება, რომ ბავშვი ვალდებულია ბოდიში მოიხადოს მშობლის წინაშე, როდესაც აწყენინებს მას, ხოლო მშობელს ბავშვის წინაშე  ანალოგიური ვალდებულება არ აქვს. ასევე, მცდარია რწმენა, რომ პატარა ბავშვს არ შეუძლია სათანადოდ შეაფასოს მშობლის საქციელი და მის მიერ ბოდიშის მოხდის ფაქტი. დაახლოებით 2 წლის ასაკიდან, ბავშვისთვის  უკვე  ნაცნობია დანაშაულის განცდა. დაახლოებით 3 წლის ასაკიდან ბავშვი სწავლობს გააზრებული ბოდიშის მოხდას, და ამასთანავე, შესწევს უნარი გაანალიზოს საკუთარი ემოციები.  ამ ასაკიდან ბავშვს უკვე შეუძლია გაიგოს მშობლისგან მიღებული ბოდიშის მნიშვნელობა.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მშობლების დიდ ნაწილს უჭირთ შვილისათვის ბოდიშის მოხდა. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ თუ ბავშვის წინაშე შეცდომას აღიარებს და პატიებას ითხოვს, მისი ავტორიტეტი შეილახება. მნიშვნელოვანია მშობელმა გააცნობიეროს ის, რომ შვილის წინაშე ბოდიშის მოხდა არის არა დამამცირებელი, არამედ პირიქით, ბავშვის მხრიდან მშობლისადმი პატივისცემა გაიზრდება და ეს ხელს შეუწყობს მშობლებსა და შვილს შორის ურთიერთპატივისცემის და ნდობის ჩამოყალიბებას. ამიტომ, თუ  აწყენინებთ შვილს, ან  ვერ შეუსრულებთ დანაპირებს, ბოდიში მოუხადეთ. ამით უფრო დაუახლოვდებით მას.

რა უნდა გაითვალისწინოთ


  • ყურადღებით იყავით, როდესაც რამეს პირდებით ბავშვს. მაგალითად, ტელევიზორის ყურების ან ვახშმის მომზადების პროცესში, თითქოსდა სპონტანურად მიცემული დაპირება „კარგი, წავიდეთ!", შეიძლება თქვენ ძალიან მალე დაგავიწყდეთ, მაგრამ ბავშვისთვის თქვენი დაპირება ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება მის შესრულებას დიდხანს ელოდოს;

  • ბავშვს მიეცით დაპირება მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებული იქნებით იმაში რომ შეძლებთ დანაპირების შესრულებას;

  • შეეცადეთ ასწავლოთ ბავშვს შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა, როგორც მოზრდილების, ასევე თანატოლების წინაშე;

  • გახსოვდეთ, რომ ის რასაც ბავშვს ასწავლით, უნდა იყოს გამყარებული თქვენივე მაგალითებით;

  • თუ დამნაშავე ხართ, გულწრფელად აღიარეთ შეცდომა და  მოიხადეთ ბოდიში;

  • უთხარით ბავშვს, რომ განიცდით მომხდარს ;

  • თუ არსებობს  კონკრეტული მიზეზი,  ესაუბრეთ ბავშვს ამის შესახებ;

  • ბავშვს  მარტივ, გასაგებ ენაზე  უნდა ესაუბროთ.  მაგალითად:

- „ძალიან ვწუხვარ. ვეცდები გამოვასწორო ჩემი შეცდომა."
- „დამნაშავე ვარ, რომ არ შეგისრულე  პირობა. მართალია ამჯერად დამავიწყდა, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ ჩემს შეცდომას. ბოდიში, რომ გაწყენინე."
- „არ მინდოდა შენი წყენინება. ყოველთვის ვცდილობ ჩემი დანაპირები შევასრულო, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის, დაღლილობის ან დაკავებულობის გამო. ახლაც იმდენი საქმე მქონდა,  სულ გადამავიწყდა  რასაც დაგპირდი.  კარგი იქნება, თუ შემახსენებ."


  • შესაძლოა თქვენი ბოდიშის შემდეგ, ბავშვს გაუჩნდეს სურვილი გესაუბროთ. ასეთ დროს ყურადღებით მოუსმინეთ მას. შესაძლებელია  ბევრი რამ გაიგოთ მისი განცდების, ემოციების შესახებ. რაც მომავალში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თქვენს შორის გახსნილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას;


  • აუცილებლად უთხარით ბავშვს, რომ ის ძალიან გიყვართ და კარგია რომ გულახდილად  ესაუბრეთ ერთმანეთს;


  • სასურველია შემოიღოთ  წესი, რომ თუ რომელიმე თქვენთაგანი  აწყენინებს მეორეს, აუცილებლად დასხდებით და ისაუბრებთ ამის შესახებ.


მშობელი ბავშვთან ერთად იზრდება, სწავლობს, იცვლება.
მშობელსაც აქვს შეცდომის უფლება, მთავარია მისი გამოსწორება შეეძლოს!


ავტორი
ნანა ფიფია

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu