სექსუალური ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებზე - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

სექსუალური ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებზე

ბიბლიოთეკა

მედიის საშუალებით საზოგადოებას არაერთხელ მიუღია ინფორმაცია არასრულწლოვანზე მომხდარი სექსუალური ძალადობის  შემზარავი ფაქტების  შესახებ. სამწუხაროდ, სინამდვილეში ბევრად უფრო მეტ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, ვიდრე საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ხშირად ოჯახებს ურჩევნიათ არ გაახმაურონ  მომხდარი მოვლენა, ან თავად ძალადობის მსხვერპლი ბავშვები/მოზარდები „ინახავენ საიდუმლოდ“. შესაბამისად, ასეთი შემთხვევების ზუსტი სტატისტიკური მონაცემების დადგენა საკმაოდ რთულია.

სექსუალური ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებზე გულისხმობს ბავშვის/მოზარდის გამოყენებას სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ბავშვზე/მოზარდზე სექსუალური ძალადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის დამყარებით, არამედ  მოიცავს ქმედებათა ფართო სპექტრს, როგორიცაა:  ეროტიული ელფერის ალერსი, შეხება, საკუთარი სასქესო ორგანოების დემონსტრირება, პორნოგრაფიული სურათების გადაღება, სექსუალური შინაარსის კადრების ან პორნოგრაფიული ჟურნალების ნახვის ხელშეწყობა და სხვა. ასეთი ქმედებები ჩაითვლება სექსუალურ ძალადობად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა თანხმობა ბავშვის მხრიდან, რადგან ერთის მხრივ, ბავშვზე ზეგავლენის მოხდენა იოლია, მით უფრო, რომ მოძალადე თავისი მიზნის მისაღწევად ხშირად მიმართავს ტყუილს, მუქარას ან შანტაჟს; მეორეს მხრივ კი ბავშვს არ შეუძლია ამ ქმედებათა მნიშვნელობის გაგება, მათი სწორად შეფასება.

სექსუალური ძალადობა შეიძლება მოხდეს ყველა სოციალურ ფენაში, ოჯახს გარეთ ან ოჯახში.  ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვი, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი.  ძალადობის რისკი კიდევ უფრო იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან. მოძალადე შეიძლება იყოს როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი პირი, უმეტესად  მოძალადე ბავშვისათვის ნაცნობი პიროვნებაა.

უმეტეს შემთხვევაში ბავშვზე/მოზარდზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას ნეგატიური გავლენა აქვს ბავშვის ფსიქიკაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადგილი აქვს ძალადობის მძიმე ფორმას, და/ან ძალადობა მრავალჯერადია. შედეგებმა  შესაძლოა თავი იჩინოს როგორც დაუყოვნებლივ, ისე ზრდასრულობის ასაკშიც  და გამოვლინდეს მრავალფეროვანი ფსიქოლოგიური, ემოციური, ქცევითი, სოციალური, სამედიცინო  პრობლემების სახით.    კვლევები აჩვენებს, რომ ძალადობა გავლენას ახდენს ბავშვის თავის ტვინის განვითარებასა და მუშაობაზეც კი (სტრესის ჰორმონების ტვინის განვითარებაზე ტოქსიური ზემოქმედებით).

სხვების მხრიდან ბავშვზე/მოზარდზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების დროულად აღმოჩენას და სწორ რეაგირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის კეთილდღეობისა და ძალადობის უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად/შესამსუბუქებლად.
ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • იყავით ფხიზლად. არ დატოვოთ ბავშვი სანდო მეთვალყურის გარეშე. თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ ბავშვის გარემოცვაში და/ან ბავშვს შეატყობთ მნიშვნელოვან ცვლილებებს  ქცევებისა და ემოციების თვალსაზრისით,  მაშინვე შეეცადეთ გარკვევას თუ რა მოხდა და მიიღეთ შესაბამისი ზომები;

  • ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს, თუ ის რაიმეს გიყვებათ ძალადობის შესახებ, მაგრამ არ დააძალოთ მოყოლა, ბავშვისთვის შეიძლება მტკივნეული იყოს ძალადობის გამოცდილებაზე საუბარი;

  • შეეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და ქცევები. თქვენთვის მტკივნეული იქნება ბავშვთან მიმართებაში განხორციელებული ძალადობის ფაქტის გაგება, მაგრამ არ  „ჩავარდეთ პანიკაში“, მოახდინეთ საკუთარი თავის მობილიზება ბავშვისთვის დახმარების აღმოსაჩენად;

  • დაუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სამართალ-დამცავ ორგანოებს და დეტალურად მიაწოდეთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია;

  • უზრუნველყავით ბავშვის უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, მოარიდეთ მოძალადეს;

  • ბავშვს/მოზარდს აღმოუჩინეთ ემოციური მხარდაჭერა, აგრძნობინეთ რომ მის გვერდით ხართ და იზრუნებთ მასზე. არ დაადანაშაულოთ ბავშვი მომხდარში, მიუთითეთ რომ მისი მხრიდან მომხდარის შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოყოლა სწორი საქციელია;

  • დაიცავით კონფიდენციალობა. ეცადეთ მომხდარი მოვლენა არ გახდეს ღია, საჯარო განხილვის საგანი, ინფორმაცია მიაწოდეთ მხოლოდ შესაბამის სპეციალისტებს და იმ პირებს, რომლებიც ბავშვის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი. თუ მედია აპირებს ფაქტის გაშუქებას, კატეგორიულად მოითხოვეთ, რომ  დაფარული იყოს ბავშვის/მოზარდის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (სახელი, გვარი, სახე, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ა.შ);

  • მიმართეთ სპეციალისტებს - სამედიცინო პერსონალს, ფსიქოლოგს, რათა დროულად მოხდეს ძალადობის პირველადი შედეგების შეფასება და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში ბავშვს/მოზარდს გაეწიოს შესაბამისი დახმარება შემდგომი სამედიცინო და ფსიქოლოგიური  გართულებების თავიდან აცილების მიზნით.


ვტორი: თამარ მუმლაძე
ღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu