როგორ დავგეგმოთ ბავშვთან ურთიერთობისათვის გამოყოფილი დრო - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

როგორ დავგეგმოთ ბავშვთან ურთიერთობისათვის გამოყოფილი დრო

ბიბლიოთეკა

თუ ბავშვს შევეკითხებით რამდენი დრო გაატარა მშობელთან ამ უქმეებზე, სავარაუდოდ, ის ზუსტად ვერ დაასახელებს დროს, მაგრამ დეტალურად აღწერს ყველაფერს რაც გააკეთა მშობელთან ერთად და იმასაც გვეტყვის, მოეწონა თუ არა. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვისთვის უფრო მნიშვნელოვანია არა ის თუ რა დრო გაატარა მშობელთან ერთად, არამედ ის, თუ როგორ გაატარა ეს დრო. ზოგჯერ საინტერესო თემებზე საუბარში გატარებული ათი წუთი უფრო მეტს ნიშნავს ბავშვისთვის, ვიდრე ერთმანეთის სიახლოვეს გატარებული მთელი დღე, როდესაც მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაცია მინიმალურია, ან მშობელი პასიურად არის ჩართული თამაშში.


სამ წლამდე ასაკის ბავშვისათვის მშობელთან ფიზიკური სიახლოვეც ძალიან მნიშვნელოვანია. ის უნდა გრძნობდეს, რომ არ არის მარტო, მშობელი არის მასთან ახლოს და საჭიროების და სურვილის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს მას. ბავშვის გვერდით ყოფნით, უფროსი მას უსაფრთხოების და დაცულობის განცდას ანიჭებს.

მშობელი შეიძლება თვლიდეს, რომ სკოლამდელ და ადრეულ სასკოლო ასაკში, ბავშვი დღის განმავლობაში საკმარისად ერთობა დამოუკიდებლად ან მეგობრებთან ერთად, მით უფრო, თუ ის სააღმზრდელო/საგანმანათლებლო დაწესებულებით სარგებლობს. მართლაც, ბავშვი შეიძლება მშობლის გარეშეც ჩართული იყოს გასართობ აქტივობებში, მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთან აქტიური ურთიერთობა. ბავშვისთვის უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ მშობლის გვერდით ყოფნა, მას უჩნდება ახლო ურთიერთობის, საუბრის მოთხოვნილება, როგორც პიროვნებას პიროვნებასთან. ბავშვს სჭირდება იმის განცდა, რომ ის ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ნაწილია. სწორედ ამიტომ ამ ასაკის ბავშვებთან განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ერთად გატარებული დროის ხარისხს და იზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვისათვის გამოყოფილი დრო იყოს შინაარსიანი და დადებითი ემოციებით დატვირთული.

როგორი დატვირთული სამუშაო განრიგიც არ უნდა ჰქონდეს მშობელს, თუ ის აცნობიერებს შვილთან აქტიური ურთიერთობის აუცილებლობას, გამოძებნის ბავშვისთვის საკმარის დროის ინტერვალებსაც. სპეციალურად გამოყოფილი დრო არ არის ამისათის საჭირო და არც ის არის აუცილებელი, რომ ყველა თავისუფალი წუთი მშობელმა ბავშვთან გაატაროს. მნიშვნელოვანია შვილთან ურთიერთობისათვის განკუთვნილი დრო სწორად იქნას გამოყენებული.

როგორ დავგეგმოთ ბავშვთან ურთიერთობისთვის განკუთვნილი დრო? ზოგჯერ მშობლისთვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს იმ დროის დაგეგმვა, რაც ბავშვთან უნდა გაატაროს. არ იცის რაზე უნდა ესაუბროს, რა უნდა გააკეთოს მასთან ერთად რომ ბავშვი დაინტერესდეს და გაერთოს. არის შემთხვევები, როდესაც ეს არ წარმოადგენს პრობლემას, რამდენადაც თავად სიტუაცია და ბავშვი კარნახობს მშობელს თუ რა უნდა გააკეთოს. ბავშვს აქვს ისეთი ფანტაზიის, გამოგონების, სხვადასხვა აქტივობების მოფიქრების უნარი, რაც უფროს ადამიანს შეიძლება არც კი მოაფიქრდეს.
და მაინც, რა შეიძლება ვურჩიოთ მშობელს?

  • კითხვა-პასუხის ფორმატში ისაუბრეთ ბავშვთან ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილების, ინტერესებისა და სურვილების შესახებ. როგორც წესი, ბავშვებს აინტერესებთ თუ რას აკეთებს მშობელი მაშინ როდესაც მასთან არ არის; რაზე საუბრობს მშობელი სხვებთან; სად მუშაობს და რას აკეთებს სამსახურში და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია მშობელმა მოუსმინოს და უპასუხოს ბავშვის კითხვებს. ამასთან ერთად, თუ მშობელიც დაინტერესდება შვილის ბაღის თუ სკოლის სიახლეებით, იმით თუ ვისთან მეგობრობს ბავშვი, რა აწუხებს, რა მოსწონს, ეს უკვე სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მშობელმა და შვილმა საინტერესოდ გაატარონ დრო ერთად. უფრო მეტიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამით ისინი ძალიან ბევრს გაიგებენ ერთმანეთის შესახებ და ეს მათ შორის ემოციური მიჯაჭვულობის გაღრმავებასაც შეუწყობს ხელს.
  • ბავშვთან საუბარი კარგია, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საუბრებზე მეტად ბავშვებს ერთობლივი საქმიანობა მოსწონთ, რადგან ამ დროს მშობელთან აქტიური ურთიერთობის, დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და სწავლის საშუალება ერთად ეძლევათ.
  • შესთავაზეთ ბავშვს აქტივობის ერთობლივი შერჩევა, რომელში მონაწილეობასაც ორივე მიიღებთ. ამ შემთხვევაში ბავშვი იგრძნობს საკუთარ მნიშვნელობას და ამასთანავე მოუწევს დაემორჩილოს გარკვეულ ქცევის ნორმებს არა იმიტომ რომ უფროსი სთხოვს ამას, არამედ იმიტომ რომ ასეთია ერთობლივად შერჩული აქტივობის წესები.
  • ბავშვთან ერთად მოიფიქრეთ საინტერესო საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი იყოს ორივესთვის თანაბრად საინტერესო. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ მხარეს ექნება განცდა, რომ მხოლოდ მეორესთვის აკეთებს რაღაცას მაშინ, როდესაც თავადაც სურდა მიეღო სიამოვნება ამ პროცესისგან. ამ შემთხვევაში ბავშვი სწავლობს თანასწორუფლებიანობას და თანაბარ პირობებში ურთიერთობას.
  • ასევე შეგიძლიათ არჩევანი მთლიანად ბავშვს მიანდოთ და უპირობოდ ჩაერთოთ ბავშვის მიერ შემოთავაზებულ აქტივობაში. ამ შემთხვევაში, უფროსი სრულად დაექვემდებარება ბავშვს და მის მიერ შეთავაზებული თამაშის წესებს. ბავშვის მიერ შერჩეულ აქტივობაში ჩართულობით მშობელი ხაზს უსვამს ბავშვის მნიშვნელოვნებას და გამოხატავს მისდამი პატივისცემას, რაც დადებითად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე.

ზემოთ განხილულ სტრატეგიებზე დაყრდნობით, ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია მშობლებისათვის:

  • ესაუბრეთ ბავშვს თუნდაც 5- 10 წუთი დღის განმავლობაში. აქციეთ ეს წესად და დღის რუტინის ნაწილად;
  • იმ შემთხვევაში, თუ გყავთ ერთზე მეტი შვილი, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად დაუთმეთ დრო;
  • თუნდაც კვირაში ერთხელ ისადილეთ, ივახშმეთ არაფორმალურ გარემოში, ან უბრალოდ გაისეირნეთ შვილთან ერთად;
  • ჩართეთ შვილი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით (მაგალითად, სადილის მომზადებაში, დალაგებაში დ ა.შ).
  • შვილთან ერთად წაიკითხეთ სხვადასხვა საბავშვო ლიტერატურა, უყურეთ ანიმაციურ თუ მხატვრულ ფილმებს (ბავშვის ასაკის შესაბამისად) და გაუზიარეთ ერთმანეთს ემოციები და მოსაზრებები პერსონაჟებთან და მოვლენებთან დაკავშირებით;
  • დახატეთ, გააფერადეთ, ან ჩაერთეთ სხვა სახის შემოქმედებით აქტივობაში შვილთან ერთად;
  • ეთამაშეთ როლური თამაშები.

არა აქვს მნიშვნელობა როდის რომელ სტრატეგიას მიმართავს მშობელი შვილთან ურთიერთობისას. ბუნებრივია, თითოეულ შემთხვევაში, ურთიერთობის შინაარსი დამოკიდებულია ბავშვის სურვილზე, მის გარკვეულ თავისებურებებზე, თამაშის სპეციფიკაზე, არსებულ რესურსებზე და ასე შემდეგ. მთავარია ის, რომ ბავშვმა უნდა მიიღოს სიამოვნება ამ ურთიერთობისგან, უნდა იგრძნოს რომ ის უყვართ და პატივს სცემენ.

გახსოვდეთ, ბავშვი, რომელიც ადრეული ასაკიდანვე შეჩვეულია მშობელთან აქტიურ ურთიერთობას, მასთან საუბრებს და ერთობლივ აქტივობებში ჩართულობას, უფრო მეტად გრძნობს მხარდაჭერას, ინტერესს და ყურადღებას საკუთარი პიროვნების მიმართ. ეს ყოველივე კი ბავშვის ემოციურ-სოციალური სფეროს განვითარებისათვის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია.

ავტორი
ნანა ფიფია 


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu