"გულგრილი" თვითმხილველი - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

"გულგრილი" თვითმხილველი

ბიბლიოთეკა

1964 წელს, ნიუ იორკში ქეთი ჯენოვეზს თავს დაესხა მანიაკი, რომელმაც ჯერ  გაძარცვა, შემდეგ კი მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას, რის შედეგადაც ქალბატონი გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მოხდა იმ უბანში, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა. მის ყვირილზე ფანჯრებს 34 მეზობელი მიაწყდა და ამ ფაქტის თვითმხილველი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლსა და თავდამსხმელს შორის ბრძოლა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, არც ერთი მეზობელი არ გასულა  მის დასახმარებლად და არც  პოლიციაში დაურეკავს ვინმეს.
ამ ამბავმა მთელი მაშინდელი ამერიკული მედია მოიცვა. „გულგრილობა“ წერდნენ სათაურით სტატიებს გაზეთები, „დეჰუმანიზაცია“, „ინდიფერენტულობა“, „მორალური უპასუხისმგებლობა“, „მოყვასის ბედზე წუხილის არქონა“ -ასეთი იყო რიგითი მოქალაქეების შეფასებები. ეს ტრაგიკული ისტორია არ დარჩენილა არც მეცნიერების ყურადღების მიღმა და უფრო მეტიც, სწორედ ამ ისტორიამ მისცა ბიძგი სოციალურ ფსიქოლოგებს ეკვლიათ ადამიანის ქცევის თავისებურებები საგანგებო სიტუაციებში.
მეცნიერთა ჯგუფმა ბიბ ლატანესა და ჯონ დარლეის ხელმძღვანელობით დაასკვნეს, რომ თვითმხილველის ქცევას მსგავს შემთხვევებში  რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, ესენია:  საგანგებო სიტუაციების მახასიათებლები, თავად ინდივიდში მიმდინარე  პროცესები და ის სოციალური გავლენები, რომლებსაც თვითმხილველები ერთმანეთზე ახდენენ.

საგანგებო სიტუაციების მახასიათებლები: პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ზოგადად საგანგებო სიტუაციები საფრთხის შემცველია. წარმატებულად დამთავრებული ჩარევის გამო  თვითმხილველმა შესაძლოა მოგვიანებით გმირის სტატუსიც მოიპოვოს, მაგრამ ეს ჯილდო მოსალოდნელ საფრთხესთან შედარებით ზოგჯერ ძალიან  მცირეა. დანაკარგსა და ჯილდოს შორის არსებული ასეთი თანაფარდობა, ხშირად აიძულებს ადამიანებს, თავი შეიკავონ ჩარევისგან. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთ დროს ადამიანთა ნაწილი იბნევა, რასაც თავის მხრივ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ის რომ საგანგებო სიტუაცია რეალურად საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და ამასთან როგორც წესი სრულიად მოულოდნელად ხდება. არ არის გასაკვირი, რომ თვითმხილველთა ნაწილი, რომელიც ბუნებრივია მოუმზადებელია, დაუყოვნებლივი რეაგირების ნაცვლად, ასეთ დროს სრულიად უმოქმედო ხდება.   

ინდივიდში
მიმდინარე პროცესები: თუკი კარგად გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ თვითმხილველი ჩარევის განხორციელებამდე მთელ რიგ ეტაპებს გადის:  

პირველ რიგში, მან უნდა შეამჩნიოს, რომ რაღაც უჩვეულო ხდება, შემდეგ კი დარწმუნდეს, რომ ეს უჩვეულო რამ სინამდვილეში საგანგებო შემთხვევაა. იქნებ ადამიანი, რომელიც ტროტუარზე ბარბაცებს უბრალოდ ნასვამია და არა მაგალითად გულის შეტევის მსხვერპლი და საერთოდ არ საჭიროებს დახმარებას? თუმცა, იმ შემთხვევაშიც თუ თვითმხილველი დარწმუნდება, რომ მართლა „რაღაცაშია საქმე“ და ვინმეს მართლაც სჭირდება შველა, ეს მაინც არ არის საკმარისი შესაბამისი ქმედებისთვის. მან ახლა ის უნდა გადაწყვიტოს თუ რამდენად არის პირადად მისი პასუხისმგებლობა დახმარების გაწევა - იქნებ ვინმემ უკვე იზრუნა ამაზე და მაგალითად გამოიძახა სასწრაფო დახმარება?  ან იქნებ მასზე უფრო კომპეტენტური ადამიანია ახლო-მახლო?  თუ ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დახმარების აღმოჩენა მისი პასუხისმგებლობაა, ამის შემდგომ იგი ფიქრობს დახმარების რა ფორმას ჯობია მიმართოს: უნდა მიირბინოს დაშავებულთან და პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს თუ სასწრაფოში, ან პოლიციაში დარეკოს? თვითმხილველმა საგანგებო სიტუაციაში უშუალო ჩარევამდე მთელი ეს პროცესები უნდა გაიაროს.  

სოციალური გავლენები :
და ბოლოს, საგანგებო სიტუაციებში ადამიანები ხშირად აკვირდებიან გარშემომყოფთა ქცევას და მათ მოქმედებასაც ხშირად სწორედ ამ დაკვირვების შედეგები განსაზღვრავს. ეს დაკვირვება როგორც წესი იმ ეტაპზე იწყება, როდესაც ადამიანი ცდილობს გაარკვიოს არის თუ არა რაიმე საეჭვო სიტუაციაში და თუ გარშემომყოფები მომხდარს არ უთმობენ სათანადო ყურადღებას ან/და არასერიოზულად აღიქვამენ მას, ინდივიდი ასკვნის, რომ სიტუაცია არც ისე საგანგაშოა და თავადაც უმოქმედობას არჩევს. მსგავს სოციალურ კონსენსუს ე.წ. საერთო იგნორირებამდე მივყავართ.
გარდა იმისა, ასეთ სიტუაციებში ხშირად თავს იჩენს პასუხისმგებლობის დიფუზიის ფენომენიც: თუ თვითმხილველმა იცის, რომ მოვლენას სხვა თვითმხილველებიც ჰყავს, ასეთ დროს იგი თავის უმოქმედობას ამართლებს და ფიქრობს, რომ სხვებმა შესაძლოა უკვე მიიღეს ზომები, რათა საგანგებო სიტუაციას გამკლავებოდნენ, მაგ.: დარეკეს პოლიციაში. სინამდვილეში კი, როგორც ქეთი ჯენოვეზის შემთხვევიდანაც ჩანს, ხშირად ყველა თვითმხილველი თანაბრად უმოქმედოდ რჩება. ასეთ დროს უმოქმედობის შედეგებით გამოწვეული დანაშაულის განცდაც, თანაბრად ნაწილდება ყველა თვითმხილველზე და ცალკეულ ინდივიდი აღარ გრძნობს მთელი პასუხიმსგებლობას მომხდარზე.  


ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განახორციელებს თუ არა ადამიანი ჩარევას და დაეხმარება თუ არა მსხვერპლს, ხშირად არ არის მხოლოდ იმით განპირობებული, თუ რა დამოკიდებულება აქვს თვითმხილველს მსხვერპლის მიმართ და გააჩნია თუ არა მას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ცნობიერება.  ცალკეული ინდივიდის ქცევას საგანგებო სიტუაციაში როგორც დავინახეთ სხვა მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს.   


ავტორი
ნათია ზაბახიძე

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu