დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარები

„ყველა ადამიანი განსხვავებულია, შესაბამისად, განსხვავდება მათი უნარებიც. მშობლის მნიშვნელოვანი მიზანია ბავშვი მოამზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რისთვისაც უამრავი უნარის დასწავლა და განვითარებაა საჭირო.  აუცილებელია ბავშვის უკვე არსებული და დეფიციტური უნარების შესწავლა. სწორედ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა დაგეგმოთ სწავლების პროცესი და დახმარების სტრატეგიები. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარების სწავლებას შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ  შემდეგი სფეროების განვითარებით:


თუკი ბავშვს უჭირს ვერბალურად კომუნიკაცია, მნიშვნელოვანია, გავაცნოთ ალტერნატიული  გზა, რომლის საშუალებითად იგი გამოხატავს საკუთარ სურვილებსა და დამოკიდებულებებს.  სწავლების პროცესში შესაძლებელია გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებები, როგორიცაა: ბარათებით კომუნიკაცია, პლანშეტი, ჟესტები, ვიზუალური განრიგები და სხვა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სოციალურად მისაღები  ფორმით გამოხატოს საკუთარი სურვილები, ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს მისი დამოუკიდებლობის უნარის განვითარებას, რადგან სხვების  დახმარების გარეშე შეძლებს გარემოსთან კომუნიკაციას.


იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უჭირს დღის რუტინის მიყოლა, ან ავიწყდება ქცევის განსახორციელებლად შესასრულებელი კონკრეტული საფეხურები, შეგიძლიათ დამხმარე საშუალებად ვიზუალური განრიგები გამოიყენოთ, რომლებსაც მოარგებთ ნებისმიერ გარემოს და მასში განსახორციელებელ აქტივობებს. სწავლების საწყის ეტაპზე, როცა გაუჭირდება მომდევნო აქტივობაზე გადასვლა ან კონკრეტული საფეხურის შესრულება, შეახსენეთ ბავშვს, რომ ჩახედოს განრიგს. ვიზუალური განრიგის გამოყენება დაეხმარება, უმეტესად, გარემოსგან   დახმარების მოთხოვნის გარეშე ფუნქციონირებაში.


თავდაპირველად, უნდა გავაცნოთ  თვითმოვლის უნარები, რომლებიც აერთიანებს კბილების გამოხეხვას, თმის დავარცხნა/შეკვრას, ტანსაცმლის ჩაცმა/გახდას  და სხვა ყოველდღიურ აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივობები შეიტანოთ ბავშვის  ყოველდღიურ განრიგში იმისათვის, რომ მრავალჯერადი შესრულების  შედეგად მან შეძლოს დამოუკიდებლად მათი განხორციელება, ყოველდღიურად. საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს სწავლების პროცესი ცალკეულ დეფიციტურ უნარზე.


მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ბავშვს აქვს უნარი  საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დრო შესვენებისთვის. აუცილებელია, დაასწავლოთ დროის მოთხოვნის სასურველი ფორმა, ასევე, სახლის გარემოში გამოყოთ პირადი სივრცე (საძინებელი, ოთახის რომელიმე კუთხე) იმისათვის, რომ მოჭარბებული ემოციების ან გადაღლილობის შემთხვევაში, მან შეძლოს განმარტოვება. სასურველია, ბავშვს ჰქონდეს დამხმარე საშუალებები სენსორული სტიმულების მისაღებად/ასარიდებლად. ეს ყველაფერი დაეხმარება  საკუთარი სხეულისა და შეგრძნებების კონტროლში სხვებისგან დამოუკიდებლად.


ძალიან სასარგებლოა მცირე ასაკიდანვე ბავშვის  ჩართვა საშინაო საქმეებში (მაგიდის გაშლა/ალაგება, ჭურჭლის გარეცხვა, მოგვა/მოწმენდა და ა.შ), რადგან აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობა შესძენს ახალ უნარებს, რომლებიც ზრდასრულ ასაკში დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში  დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება სირთულე რომელიმე კონკრეტული აქტივობის თავიდან ბოლომდე განხორციელების დროს, შესაძლებელია ეს აქტივობა დაყოთ მცირე მონაკვეთებად და დაეხმაროთ მისთვის რთული მონაკვეთების შესრულებაში, ხოლო შემდეგ, გამოხშიროთ მიწოდებული დახმარებები. ასევე, აქტიურად გამოიყენეთ მოდელირება, რაც დაეხმარება ბავშვს გაიმეოროს თქვენ მიერ განხორციელებული მოქმედებები დაკვირვების შედეგად.

 

ფულის გამოყენების დასწავლა არის მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც პირდაპირ  დაკავშირებულია დამოუკიდებელ ცხოვრებასთან. ფულით მანიპულაციების (ყიდვა/ხურდის დათვლა) შესრულება შესაძლებელს გახდის დამოუკიდებლად სასურველი ნივთის/პროდუქტის შეძენას, დამოუკიდებლად გადაადგილებას.  ფულის სწავლების პარალელურად აუცილებელია, რომ დასწავლილი ერთეულების გამოყენების სიტუაცია შეუქმნათ, მაგალითად, სთხოვოთ იყიდოს მაღაზიაში კონკრეტული პროდუქტი თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარეთ მინიშნებით, თუმცა,  აღნიშნული აქტივობის მრავალჯერადად შესრულების შემდეგ, ბავშვი შეძლებს უნარის დასწავლას. დროთა განმავლობაში, მნიშვნელოვანია იმუშავოთ თანხის გაზრდაზე. შეგიძლიათ დაგეგმოთ ფულთან დაკავშირებული თამაშის აქტივობები („მაღაზიობანა“),  სახლის გარემოში.

 

ბავშვმა უნდა  იცოდეს უსაფრთხოების ბაზისური ნორმების დაცვა, რათა შეძლოს დამოუკიდებლად გადაადგილება და სახლის გარემოში ფუნქციონირება. აღნიშნული უნარების სწავლებისას იგულისხმება: საფეხმავლო მონაკვეთის უსაფრთხოდ გადასვლა, ღვედის გამოყენება ავტომობილში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას უსაფრთხო სივრცის დაკავება, ასევე, დაკარგვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნა, ზარის განხორციელება ოჯახის წევრთან, შესაბამისი სამსახურის გამოძახება (სასწრაფო დახმარება, სახანძრო) და სხვა ტიპის ქცევები, რომლებიც აუცილებელია დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის.

                                

მნიშვნელოვანია ვასწავლოთ, ვიწრო ინტერესების შემთხვევაში,  იმ   აქტივობებში ჩართვა, რომელიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ თუ ემოციურ დასვენებას. მაგალითად, შესაძლებელია შევთავაზოთ სპორტის რაიმე სახეობა, ცეკვის წრე, ან  დასვენების პროცესში სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები (ცურვა, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, დარცი და სხვა), რაც საშუალებას მისცემს  სასიამოვნოდ გაატაროს თავისუფალი დრო და მიიღოს დადებითი ემოციები პროცესში ჩართულობისგან.


გარდატეხის ასაკი დაკავშირებულია უამრავ ფიზიკურ ცვლილებასთან. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდი ამ ასაკს მომზადებული შეხვდეს. აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. აღნიშნული რუტინის სწავლება დაეხმარება ბავშვს დამოუკიდებლად  თავის მოწესრიგებაში. პირად ჰიგიენაში იგულისხმება აბაზანის რუტინა, სხვადასხვა ჰიგიენური საშუალების(დეოდორანტი, კანის მოვლის საშუალებები, საფენები და სხვა) დამოუკიდებლად გამოყენება. შესაძლებელია აბაზანის აქტივობების ვიზუალური განრიგის დამზადებაც იმისათვის, რომ მოზარდი მიყვეს ყველა საჭირო ნაბიჯს და არ გამოტოვოს მნიშვნელოვანი საფეხურები თანმიმდევრობაში.

 

დამოუკიდებელი ცხოვრების არანაკლებ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ფინანსური დამოუკიდებლობა.  ამიტომ, აუცილებელია, რომ მოზარდმა შეიძინოს პროფესიისთვის  საჭირო ბაზისური  უნარები. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ მოზარდის ინტერესები და  მათი გათვალისწინებით შევარჩიოთ შესაძლო პროფესია, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალში ფინანსურ დამოუკიდებლობას.


მარიამ წირღვავა


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია