მოზარდისა და მშობლის ურთიერთობის სირთულეები

 მოზარდობა, ეს არის ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის არსებული ხიდი, რომლის გავლაც ბავშვისთვის ბევრ სირთულესთან ასოცირდება და რომლის გავლაში სწორი დახმარება, მშობლის ერთერთი უმთავრესი და რთული მოვალეობაა.


ალბათ ყველა ჩვენგანს გვახსოვს პერიოდი ცხოვრებიდან, როდესაც დავიწყეთ გაანალიზება, რომ რაღაცეების კეთება დამოუკიდებლად შეგვეძლო. გაგვიჩნდა სურვილი დაგვესრულებინა ის მიჯაჭვულობა მშობლის მიმართ, რაც მანამდე გვქონდა და მშობლებისგან დისტანცირება დავიწყეთ; 

აღარ ვკიდებდით ხელს გზაზე გადასვლისას, ვაპროტესტებდით სიტყვიერ თუ ფიზიკურ მოფერებას თანატოლების თანდასწრებით, ვბრაზდებოდით მაშინ, როდესაც ისინი ჩვენს დახმარებას ცდილობდნენ და ასე შემდეგ... 

სწორედ ეს პერიოდია მოზარდობის დასაწყისი, როდესაც ჩვენი შვილი ტოვებს ბავშვობას და დამოუკიდებლობის, თვითგამორკვევის ეტაპისაკენ იწყებს სვლას.

ასეთ დროს მოზარდს უჩნდება სურვილი, უკან ჩამოიტოვოს ყველაფერი, რაც ბავშვობასთან ასოცირდება, რადგან მას აქვს ამბიცია, რომ უკვე დიდია. სწორედ ამ ეტაპზეა მშობლის სწორი დამოკიდებულება გადამწყვეტი ბავშვის მომავალი განვითარებისთვის. 

არასწორი მიდგომები, როგორიც არის:  დასჯა, ჩხუბი, ბავშვის დამოუკიდებლობის სურვილის დათრგუნვა, ჩარჩოებში მოქცევა და მუდმივი დამრიგებლური ტონი, იწვევს ბავშვსა და მშობელს შორის მანძილის გაზრდას, რაც თავისთავად გულისხმობს მეტ არასასურველ ქცევას ბავშვის მხრიდან და მეტ კონფლიქტს მშობელი-შვილის ურთიერთობაში. 

მშობლისა და შვილის ურთიერთობაში, რომელიც მოზარდობისას ყალიბდება, იქნება ეს უარყოფითი (კონფლიქტური) თუ დადებითი (არაკონფლიქტური) ურთიერთობა, პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება, რადგანაც ორივე შემთხვევას ბავშვის მიმართ მისი დამოკიდებულება განაპირობებს.

იმისათვის, რომ შვილთან ურთიერთობა დადებით ჭრილში წავმართოთ საჭიროა გავიაზროთ ფაქტი, რომ შვილის განვითარების ეტაპებთან ერთად, ჩვენც უნდა განვვითარდეთ და შევიცვალოთ. 

მშობლის ფუნქცია, ბავშვის დაბადებიდან მოზარდობამდე პერიოდში, მასწავლებლის როლს გულისხმობს. მშობელი ბავშვს ასწავლის როგორ გადადგას პირველი ნაბიჯები, როგორ გამოთქვას სწორად სიტყვები, როგორ დაიბანოს ხელი, როგორ მიესალმოს უფროსებს და ასე შემდეგ...  

როდესაც შვილი მოზარდობის პერიოდში გადადის მას უჩნდება განცდა, რომ ყველაფრის დამოუკიდებლად სწავლის და გაკეთების შესაძლებლობა გააჩნია. სწორედ ეს არის ის სიგნალი, რომელიც მშობელს აუწყებს, რომ შვილთან ურთიერთობა ცვლილებას მოითხოვს, ცვლილება კი გულისხმობს მასწავლებლის როლიდან მეგობრის როლში გადასვლას. 

მეგობრები ერთმანეთს ურჩევენ და იზიარებენ ერთმანეთის რჩევებს. მშობლის ბავშვთან მეგობრობა გულისხმობს მისი აზრების, შეხედულებების, პრინციპების პატივისცემას და ისეთ ნაბიჯებში თანადგომას, რომელიც ზოგჯერ მიუღებლად ეჩვენება. მიეცით მოზარდებს შეცდომის დაშვების უფლება და იყავით შეცდომის დაშვების მომენტში მის გვერდით, ემეგობრეთ. მოზარდს სჭირდება შეცდომების დაშვება დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის. ამიტომაც მიეცით შვილს დაუშვას მარტივად მოგვარებადი შეცდომები და დამდგარი შედეგები განიხილეთ მასთან ერთად იმ ვარიანტების ჩათვლით, რომელსაც თქვენ სთავაზობდით ნაბიჯის გადადგმამდე. მოზარდი თავად უნდა მიხვდეს მაისურის დასვრით თუ რას ნიშნავს რჩევა:„მაისური დაგესვრება“, რომ შემდგომში გაითვალისწინოს რჩევა: „მთლიანად დაისვრები“. მშობლის ამგვარი დამოკიდებულება ეხმარება მოზარდს გაიაზროს, რომ იგი არ არის მარტო, რაც განვითარების ამ სტადიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია მისთვის. შვილს აქვს კომუნიკაცია მშობელთან, იწყებს საკუთარი აზრების, შეხედულებების გაზიარებას, დაშვებული შეცდომების განხილვას და ისმენს რჩევებს, რაც თავისთავად გულისხმობს სწორ განვითარებას და სოციალური პიროვნების ჩამოყალიბებას.


რეკომენდაციები:


მოუსმინეთ მოზარდებს და პატივი ეცით მათ შეხედულებებს.


იყავით მეგობრები და არა მასწავლებლები.


დაუშვით შეცდომები და ეძებეთ გამოსწორების გზები მათთან ერთად.


დასჯა, ჩხუბი, დამრიგებლური ტონი ჩაანაცვლეთ წახალისებით, თბილი საუბრით, რჩევებით.


ეს ყველაფერი დაგეხმარებათ შვილთან დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, რაც მომავალში მისი სრულფასოვანი ცხოვრების, შემდგარი და ჩამოყალიბებული პიროვნების საწინდარია.


ავტორი:  დავით ზაუტაშვილი

 

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია